გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ\578 22 ოქტომბერი 2000 წელი, ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი
მოსამართლეები: მ. გოგიშვილი, მ. წიქვაძე
განიხილა შპს ,,კ-ის” დირექტორის პირველი მოადგილის ტ. ძ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის 2000 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე ქ. თბილისის ქარხანა ..ე-ის” სარჩელისა გამო ელექტროენერგიის რეალიზაციისა და დისპეჩერიზაციის სამმართველოს, სს ,,ქ-ის”, შპს ,,რ-ს”, შს ,,ა-ის”, შპს ,,კ-ის” მიმართ ინდივიდუალური საკუთრების პატენტის დაცვისა და მიყენებული ზიანის 90 000 ლარის გადახდევინების შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ. ჩ-მა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი არის დოკუმენტური ფილმის ,,...” ავტორი. აღნიშნული ფილმი რეგისტრირებულია საქართველოს საავტორო უფლებათა სახელმწიფო სააგენტოში 1994 წლის 5 ოქტომბერს. მოსარჩელეს ფილმი არ გაუსხვისებია. 1995 წლის 4 აპრილს გაქურდული იქნა მისი ბინა, საიდანაც სხვადასხვა ნივთებთან ერთად წაღებული იქნა ზემოხსენებული ფილმის ვიდეოფირი. 1998 წლის 15 დეკემბერს მოპასუხემ, ტელეკომპანია ,,კ-მ”, ზემოხსენებული ფილმი თვითნებურად აჩვენა ეთერში, რომელიც მიმდინარეობდა 52 წუთი.
1999 წლის 11 იანვარს ტელეკომპანია ,,კ-ს” ჩაბარდა საქართველოს საავტორო უფლებათა სახელმწიფო სააგენტოს წერილი-შეკითხვა, თუ რამდენი წუთის განმავლობაში და როდის უჩვენა ფილმი, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.
მოსარჩელემ მოითხოვა: 1. დაუყოვნებლივ შეწყდეს მისი ფილმის ჩვენება.
2. აუნაზღაურდეს მისი თანხმობის გარეშე ფილმის გამოყენებისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზარალი 78000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე თავისი მოთხოვნის იურიდიულ საფუძვლად მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 1018-1025-ე, 1029-ე,1030-ე, 10410ე 1045-ე და 1096-ე მუხლებს. მომხდარის დასადასტურებლად მიუთითებდა ცალკეულ პირთა ჩვენებებზე.
მოპასუხე განმარტავდა, რომ მის მიერ ნაჩვენები იქნა მხოლოდ ფრაგმენტები გადაცემაში ,,...”, რომელიც აფხაზეთის პრობლემას ეხებოდა. მან მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1055-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ავტორის თანხმობის გარეშე ნაწარმოების გამოყენების უფლებას.
ქ. თბილისის მთაწმინის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ თვით ავტორისა და მოწმეთა განმარტებები ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს შეიცავდა. სასამართლოს განმარტებით, ფილმში გამოყენებულია მრავალი ოპერატორის მიერ გადაღებული დოკუმენტურ მასალა. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსისი 1059-ე მუხლზე და 1055-ე მუხლის ,,დ” პუნქტზე, რომლის შესაბამისად დაშვებულია ავტორისა და საავტორო უფლებსი სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე მიმდინარე მოვლენების პროცესში დანახული ან მოსმენილი ნაწარმოების საჯაროს გადაცემა იმ მოცულობით, რაც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით. იმ შემთხვევაშიც კი, დადასტურებულადაც რომ იყოს მიჩნეული მოპასუხის მიერ ფილმის ფრაგმენტულად ჩვენება, მაინც არ იქნებოდა დარღვეული კანონის მოთხოვნა – განმარტავს სასამართლო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით. აპელანტი მიუთითებდა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა 1055-ე და 1059-ე მუხლები, არ გამოიყენა 1023-ე და 1045-ე მუხლები და მოითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას. ამასთან მან სამოქალაქო კოდექსის 1096-ე მუხლის საფუძველზე შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოში წაყენებული მოთხოვნა და მოითხოვა კომპენსაციის გადახდა 100000 ოდენობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 200 წლის 9 ივნისის განჩინებით ლ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ ფილმის ჩვენების ფაქტი დადგენილად არ მიიჩნია, რადგანაც საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები ჩაითვალა ურთიერთსაწინააღმდეგოდ.
ლ. ჩ-ის წამომადგენელი კ. შ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, მას საფუძვლად უდევს კანონის დარღვევა და უნდა გაუქმდეს. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 1055-ე მუხლის ,,გ” და ,,დ” პუნქტები და 1059-ე მუხლი. მან სრულიად უსაფუძლოდ და დაუსაბუთებლად გააბათილა საქმეში არსებული ერთ-ერთი უმთავრესი მტკიცებულება, ტელეკომპანიის დირექტორის დ. ა-ს უშიშროების საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის ოქმი, სადაც იგი ადასტურებდა სადაო დუკუმენტური ფილმის ეთერში გაშვებას.
პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მიხედვით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ლ. ჩ-ე, როგორც საავტორო უფლების მფლობელი, მოპასუხესგან მოითხოვს კომპენსაციის გადახდას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1096-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საავტორო უფლების მქონე პირს კომპენსაციის უფლება აქვს მისი უფლების დამრღვევისაგან.
ლ.ჩ-ე თავის მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ გარემოებას, რომ მისი ფილმი სრულად იყო ნაჩვენები ტელეკომპანია ,,კ-ის” მიერ. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ ფილმის სრულად ჩვენებას ადგილი არ ჰქონია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, საკასაციო პალატა დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორის განცხადებას, რომ სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად გააბათილა საქმეში არსებული ერთ-ერთი უმთავრესი მტკიცებულება დ. ა-ს უშიშროების საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის ოქმი. აღნიშნული ოქმით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ფილმის სრულად ჩვენების ფაქტი. ოქმში მხოლოდ ფილმის გამოყენებაზეა საუბარი. კასატორმა ასევე ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხის მიერ მისი ნაწარმოების გამოყენება სცილდება სამოქალაქო კოდექსის 1055-ე მუხლით დაშვებულ ფარგლებს, ვინაიდან ვერ დგინდება, თუ რა ფორმით იქნა გამოყენებული ლ. ჩ-ის ფილმი აღნიშნულ გადაცემაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია კანონმდებლობის დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ჩ-ის წარმომადგნელის კ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 9 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება