გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ\616 1 ნოემბერი 2000 წელი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: სამემკვიდრეო ვადის აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი:
მ., ნ., ლ., და მ. ე-ები არიან თ. ე-ის შვილები, რომელიც გარდაიცვალა 1998 წლის 19 აგვისტოს. თ. ე-ის სახელზე ქარელის რაიონის სოფელ ...-ში ირიცხება საკუთარი საცხოვრებელი სახლი, მისი გარდაცვალების შემდეგ ბინა კვლავ მის სახელზე დარჩა აღრიცხული. ამ ბინაში ჩაუწერავად ცხოვრობს თ. ე-ის მეორე, არარეგისტრირებული მეუღლე ე. ჯ-ა. თ. ე-ის შვილები მ., ნ., ლ., და მ. ე-ებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს, დაინტერესებულ მხარედ მიუთითეს ე. ჯ-ა და მოითხოვეს აწ გარდაცვლილი თ. ე-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა.
ქარელის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ნ., ლ., და მ. ე-ების სარჩელი. მ. ე-ის სარჩელი დააკმაყოფილა და სამემკვიდრეოს მიღების ვადა გაუგრძელა მამის, 1998 წ. 19 აგვისტოს გარდაცვლილი თ. ე-ის დანატოვარ ქონებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ე. ჯ-ამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 30 ივნისის განჩინებით განუხილველად დატოვა ე. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო იმ მოტივით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის მიხედვით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გაასაჩივრონ მხოლოდ მხარეებმა და მესამე პირბემა, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ე. ჯ-ა კი, მოცემულ შემთხვევაში, ჩართული იყო საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, რის გამოც მას არ გააჩნია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება.
ე. ჯ-ის წარმომადგენელმა, ადვოკატმა დ. დ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივებით: ე. ჯ-ა იყო თ. ე-ის არარეგისტრირებული მეუღლე. ისინი ცხოვრობდნენ ცალკე კომლად. რაიონული სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ე. ჯ-მა განაცხადა, რომ სურდა დავის საგანზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის დაყენება. ქარელის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ ე. ჯ-ას ჰქონდა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა, სხდომის ოქმში იგი მოიხსენიება მოპასუხედ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია ე.ჯ-ას მოთხოვნის შესახებ.
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ე. ჯ-ას წარმომადგენლის დ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელეებმა ე.ჯ-ა მიუთითეს დაინტერესებულ მხარედ. ქარელის რაიონული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმში ე. ჯ-ა მოპასუხედ არის მითითებული. იმავე სხდომაზე იგი დაკითხულია დაინტერესებულ პირად, სადაც მან მოითხოვა ადვოკატის აყვანა და დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნის დაყენება, როგორც მესამე პირმა. რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომის ოქმში კი ე. ჯ-ა მოხსენიებულია ხან მესამე პირად და ხან მოპასუხედ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც დასაბუთებულია ე. ჯ-ას მოთხოვნაზე უარის თქმა. სააპელაციო პალატამ საერთოდ არ იმსჯელა ზემოაღნიშნულის შესახებ, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად, იგი კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 30 ივნისის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.