გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ\618 29 სექტემბერი, 2000 წელი ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი
მოსამართლეები: მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
განიხილა ინდივიადუალური საწარმო ,,ს-ის” წარმომადგენლის მ. ყ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს. სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 20 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე – ... კავშირის, შპს ,,მ. ფ-ის” სარჩელის გამო, ინდივიადუალური საწარმო ,,ს-ის” მიმართ საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებისა და ქონების დაბრუნების შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ... კავშირის, შპს ,,მ. ფ-სა” და ინდივიდუალური საწარმო ,,ს-ს” შორის არსებული 1993 წლის 7 აპრილის საიჯარო ხელსეკრულება. სასამართლო გადაწყვეტილებით ბორჯომის პლატოზე მდებარე ... სახლი უნდა დაუბრუნდეს შპს ,,მ. ფ-ს”.
ინდივიდუალური საწარმო ,,ს-ს” წარმომადგენლმა მ. ყ-მ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვეტილების აღსრულების გადადება. ამავე დროს ... კავშირის თავმჯდომარე ე. ა-მა და შპს ,,მ. ფ-ს” დირექტორმა გ. თ-მა განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს, სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვეს სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ ნიშნავს თუ არა ,,დაუბრუნდეს ბორჯომის პლატოზე მდებარე ... სახლი ... კავშირს და შპს ,,მ. ფ-ს”, ... სახლიდან ფირმა ,,ს-ს” გამოსახლებას.
განცხადების თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს, სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ 2000 წლის 20 ივლისს მიღებული იქნა განჩინებები.
ინდივიდუალური საწარმო ,,ს-ის” წარმომადგენელ მ. ყ-ს უარი ეთქვა გადაწყვეტილების აღსრულების გადადებაზე. სასამართლო კოლეგიამ ორივე მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ბიუჯეტის მიმართ მათ დავალიანებაში გამოიხატება, მიზანშეწონილად არ მიაჩნია გადაწყვეტილების აღსრულების გადადება მოპასუხის სასარგებლოდ.
ამასთან, სასამართლო კოლეგიამ განჩინებაში მიუთითა, რომ ინდივიდუალურ საწარმო ,,ს-ს” სასამართლოს 2000 წლის 24 იანვრის განჩინებით აეკრძალა ... სახლის ექსპლოატაცია და დამსვენებელთა მიღება 2000 წლის 1 თებერვლიდან, მაგრამ ამის მიუხედავად დამსვენებლებით დატვრითა სადავო ქონება და ხელოვნურად შექმნა გადაწყვეტილების აღსრულების შემაფერხებელი გარემოება.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ინდივიდუალური საწარმო ,,ს-ს” წარმომადგენლის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ.
რაც შეეხება თბილისის საოლქო სასამართლოს, სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებას, სასამართლო კოლეგიამ განჩინებით შემდეგნაირად განმარტა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შინაარსი: დაუბრუნდეს ბორჯომის პლატოზე მდებარე ... სახლი ... კავშირს და შპს ,,მ. ფ-ს ნიშნავს უკანონო მფლობელის - ინდივიდუალური საწარმო ,,ს-ს” გამოსახლებას ბორჯომის ... სახლიდან და მის გადაცემას მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ სხვა ქონებასთან ერთად ... კავშირის და შპს ,,მ. ფ-სათვის.”
ფირმა ,,ს-ს” წარმომადგენელმა მ. ყ-მ თბილისის საოლქო სასამართლოს, სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 20 ივლისის განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინებების გაუქმება.
მისი აზრით, სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა გადაწყვეტილება დასასვენებელი სახლის შპს ,,მ. ფ-სათვის” დაბრუნების შესახებ, რამდენადაც დაბრუნება არ ნიშნავს აგრეთვე აღნიშნული სახლიდან ფრიმა ,,ს-ს” გამოსახლებას. მ. ყ-ს მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგია გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ვინიდან შპს ,,მ. ფ-ს” საქმის არსებითად განხილვისას არ დაუყენებია საკითხი დასასვენებელი სახლიდან ფირმა ,,ს-ს” გამოსახლების შესახებ. აღნიშნულით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა.
მ. ყ-მა კერძო საჩივრით ასევე მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადადება. მისი აზრით, სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ფირმა ,,ს-ს” დავალიანებები გამოწვეულია შპს ,,მ. ფ-ის” მიერ და დავალიანების წარმოშობა სწორედ მათი საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით არის გამოწვეული.
თბილისის საოლქო სასამართლოს, სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 2 აგვისტოს განჩინებებით ინდივიდუალური საწამო ,,ს-ს” კერძო საჩივარი გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად, ხოლო კერძო საჩივარი გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ დაუშვებლად.
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლითა და განხილვით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დასასვენებელი სახლის შპს ,,მ. ფ-სათვის” დაბრუნება არ ნიშნავს აღნიშნული სახლიდან ფირმა ,,ს-ს” გამოსახლებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს, სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 1993 წლის 7 აპრილს დადებული საიჯარო ხელშეკრულება. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით მოისპო ფირმა ,,ს-ს” მიერ ... სახლის ფლობის კანონიერი უფლება.
სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას, ამ მუხლის შესაბამისად სასამართლომ დაადგინა ფირმა ,,ს-ს” მიერ ნივთის მფლობელობის შეწყვეტა. კანონის თანახმად, ქონების დაბრუნებისას ქონების გადაცემა ხდება პირდაპირ, ფაქტიურ მფლობელობაში. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტებისას, სასამართლო კოლეგიამ სწორად მიუთითა, რომ ქონების დაბრუნება გულისხმობს მის გადაცემას ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში, რაც ნიშნავს უკანონო მფლობელის ინდივიდუალური საწარმო ,,ს-ს” მიერ უძრავი ნივთის ფლობის შეწყვეტას, ანუ მის გამოსახლებას ბორჯომის ... სახლიდან და მის გადაცემას მოსარჩელისათვის.
ამასთან, სასამართლო კოლეგიამ მოსარჩელის მოთხოვნით განმარტა სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთხოვნის დაცვით, მისი შინაარსის შეუცვლელად. აქედან გამომდინარე, საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სასამართლომ დაარღვია კანონი და გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, უსაფუძვლოა.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი გადაწყვეტილების აღსრულების გადადებაზე.
სასამართლო კოლეგიამ გაითვალისწინა ორივე მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რაც გამოიხატება ბიუჯეტის მიმართ მათ დავალიანებაში და მიზანშეწონილად არ მიიჩნია გადაწყვეტილების აღსრულების გადადება მოპასუხის სასარგებლოდ.
საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის უარი გადაწყვეტილების აღსრულების გადადებაზე დასაბუთებული და კანონიერია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს, სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის განჩინებები კანონის დაცვით არის მიღებული და მათი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდივიდუალური საწარმო ,,ს-ს” წარმომადგენლის მ. ყ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 20 ივლისის განჩინებები.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.