Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-628 22 ნოემბერი 2000 წელი ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. წიქვაძე

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი(მომხსენებელი), მ. გოგიშვილი

დავის საგანი: თანხის გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს ,,ე-მ” სარჩელი აღძრა სს ,,.. ..” წინააღმდეგ და მოითხოვა ძირითადი თანხის 91423.56 ლარის და საურავის – 19569,40 ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლით: 1997 წლის ივნისიდან შპს ,,ე.” მუნიციპალურ საწარმო ,,თ-სთან” დადებული ხელშეკრულების საფუძველზე აწარმოებდა წამახალისებელი ლატარიის გათამაშებას თბილისის ელექტროენერგიის ინდივიდუალურ მომხმარებელთა შორის ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ,,ე.” ვალდებული იყო ყოველი თვის 5 რიცხვამდე წარედგინა ,,თ-სათვის” შესაბამისი ტირაჟის ლატარიის ბილეთები. ,,.. ..” ანგარიშსწორება უნდა მოეხდინა შპს-სთან ტირაჟის გათამაშების თვის 10 რიცხვამდე.

1999 წლის 25 თებერვალს შპს ,,ე-მ” და ,,.. ..” მოახდინეს ურთიერთშედარება და ,,.. ..” აღმოაჩნდა შპს-ს დავალიანება 91423,56 ლარის ოდენობით. სს,,.. ..” აღიარა დავალიანება, მაგრამ არ გადაიხადა, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა როგორც ძირითადი თანხის, ისე საურავის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული დავალიანება, მართალია, სს,,.. ..” გააჩნდა შპს-ს მიმართ, მაგრამ იგი უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ, რადგან 1998 წლის 21 დეკემბერს სახელმწიფოს და ,,.. ..” შორის დაიდო ხელშეკრულება აქციათა 75% ნასყიდობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების დანართით, რომელიც ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს საზოგადოებამ იკისრა ვალდებულება დაფაროს ,,.. ..” დავალიანება, რომელიც არ გადააჭარბებს 16 მილიონ ლარს, ხოლო დანარჩენი ვალის დაფარვა იკისრა სახელმწიფომ 6.1 მუხლით: ნაკისრი ვალდებულებების ნუსხაში შპს ,,ე.”-ს დავალიანება შეტანილია - 191,43500 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მიაჩნია, რომ აღნიშნული დავალიანება უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,ე.”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. სს,,.. ..” დაეკისრა 80 000 ლარი შპს-ს სასარგებლოდ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 25 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლზე, რადგან მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულება 16 მილიონ ლარზე ზევით დავალიანების დაფარვის შესახებ, ვერ გაათავისუფლებს მოპასუხეს ვალის გადახდისაგან. სს.,,.. ..” ცდილობს ვალი გადააკისროს მესამე პირს – სახელმწიფოს, რომლის დროსაც საჭიროა ვალის გადაკისრების ხელშეკრულება არა მოვალესა და მესამე პირს შორის, არამედ მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსსკ 85-ე მუხლი, რადგან მიიჩნია, რომ სს ,,.. ..” არ არის სათანადო მოპასუხე მოცემულ დავაში, რადგან 1998 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ქონების მართვის სამინისტრო არის ვალდებული მხარე. ამავე კოდექსის 89-ე მუხლით სასამართლოს საქმეში ,,.. ..” მესამე პირად უნდა ჩაება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის 1997 წლის ივნისში დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა ,,.. ..-ის” უფლებამონაცვლემ - ,,.. ..-მა”. აღნიშნული დავალიანება მოპასუხემ ცნო, მაგრამ მიაჩნია, რომ მოთხოვნა წარდგენილია არასათანადო მოპასუხის მიმართ, რადგან ამ დავალიანებაზე პასუხისმგებელია მესამე პირი – სახელმწიფო. პალატა კასატორის აღნიშნულ არგუმენტს ვერ გაიზიარებს, რადგან სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ) 212-ე მუხლით დადგენილია მოვალის პასუხისმგებლობა ვალდებულების შესურულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, 1997 წლის ივნისის ხელშეკრულების მხარე იყო ,,.. ..”, რომელმაც ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც სასამართლომ სწორად მიიჩნია სს ,,.. ..” სათანადო მოპასუხედ, რადგან მოცემულ სახელშეკრულებო დავაში მოთხოვნა ხელშეკრულების მხარეს წარედგინება და არა მესამე პირს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას 2000 წლის 25 მაისის განჩინების მიღებისას არ დაურღვევია საკასაციო საჩივარში მითითებული საპროცესო ნორმები, რის გამოც იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს ,,.. ..-ის” საკასაციო საჩივრაი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 25 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.