Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ\633 2000 წლის 19 ოქტომბერი ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. წიქვაძე

მოსამართლეები: მ. გოგიშვილი, ლ. გოჩელაშვილი

განიხილა შპს ,,კ-ის” დირექტორის პირველი მოადგილის ტ. ძ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის 2000 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე ქ. თბილისის ქარხანა ..ე-ის” სარჩელისა გამო ელექტროენერგიის რეალიზაციისა და დისპეჩერიზაციის სამმართველოს, სს ,,ქ-ის”, შპს ,,რ-ს”, შს ,,ა-ის”, შპს ,,კ-ის” მიმართ ინდივიდუალური საკუთრების პატენტის დაცვისა და მიყენებული ზიანის 90 000 ლარის გადახდევინების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქ. თბილისის ქარხანა სს ,,ე-მა” სარჩელი აღძრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში. მოსარჩელე განმარტავდა, რომ 1997 წელს შეიმუშავა, წარმოებაში დანერგა და სერიულად გამოუშვა ელექტროენერგიის შემყვან-გამასწორებელი აღმრიცხველი მოწყობილობა, რომელიც გამორიცხავს მოხმარებული ენერგიის საფასურის გადაუხდელობასა და დატაცებას. მოწყობილობის წარმოებაზე მიღებული იქნა ხარისხის სერთიფიკატი და 1997 წლის 15 აპრილიდან 8 წლის ვადითYგაცემული ¹ 322 პატენტი. როგორც ცნობილი გახდა, მოპასუხე ორგანიზაციებმა მოსარჩელესთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ქ. ქუთაისში დაამონტაჟეს აღნიშნული მოწყობილობის იდენტური მოწყობილობა, რითაც მოსარჩელეს მიაყენეს მატერიალური ზიანი, რომელიც შეადგენდა 90 000 ლარს. სს ,,ე.” თავის სარჩელში მოითხოვდა მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიამ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ურთიერთმომარაგების აქტის საფუძველზე, გამოიტანა 2000 წლის 10 თებერვლის განჩინება, რომლითაც დამტკიცებული იქნა მხარეთა მორიგება: ქუთაისის ელექტროენერგიის რეალიზაციისა და დისპეჩერიზაციის სამმართველო, სს ,,ქ.”, შპს ,,რ.”, შს ,,ა.”, შპს ,,კ.” აღიარებდნენ მოსარჩელის პრიორიტეტულ უფლებას მის მიერ გამოშვებული და დაპატენტებული ელ. ენერგიის შემყვან-გამანაწილებელ აღმრიცხველ მოწყობილობაზე და მისცეს გარანტია, რომ ქ. ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსებიდან აღნიშნული მოწყობილობების მოსალოდნენ ჩამოტანას და მონტაჟს მოახდენდნენ მხოლოდ დაპატენტებული მოწყობილობათა მეშვეობით. სახელმწიფო ბაჟი 2250 ლარის ოდენობით დაეკისრათ მოპასუხეებს სოლიდარულად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების საფუძველზე შეწყდა ამ საქმის წარმოება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის 2000 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე შპს ,,კ-ის” დირექტორის პირველმა მოადგილემ ტ. ძ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, იგი აღნიშნავდა, რომ შპს ,,კ-ის” მიერ სასამართლო კოლეგიაში წარმოდგენილი იქნა ოფიციალური მიმართვა, რომლის საფუძველზე იგი არ ცნობდა სარჩელს, ვინაიდან ,,საქენერგოს” რეალიზაციისა და დისპეჩერიზაციის ქუთაისის რეგონალურის სამმართველოს დაკვეთით შპს ,,კ-მა”, როგორც შემსრულებელმა, მიიღო ზემოაღნიშნული მოწყობილობისა და შესასრულებელ სამუშაოთა ნახაზები. ამდენად, პატენტმფლობელთან ანგარიშსწორებაზე, ტექნიკურ და ეკონომიკურ შედეგებზე პასუხისმგებელია დამკვეთი და არა შემსრულებელი შპს ,,კ.”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 21 აგვისტოს განჩინებით უმოძრაოდ იქნა დატოვებული ტ. ძ-ის კერძო საჩივარი. ვინაიდან კერძო საჩიოვარი შემოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, პალატამ დაავალა საჩივრის შემომტან პირს 2000 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით წარმოედგინა დაზუსტებული კერძო საჩივარი და მინდობილობა, რომელიც დაადასტურებდა წარმომადგენლის უფლებამოსილებას კერძო საჩივრის შეტანაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსთვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, როსთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება. ვინაიდან აღნიშნულ ვადაში შპს ,,კ-ის” დირექტორის პირველი მოადგილის ტ. ძ-ის მიერ არ იქნა შევსებული ხარვეზი, კერძო საჩივარი არ დაიშვება და უნდა დარჩეს განუხილველად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,კ-ის” დირექტორის პირველი მოადგილი ტ. ძ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება