Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/644 1 დეკემბერი 2000 წელი ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

თავმჯდომარე მ. წიქვაძე

მოსამართლეები: რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

დავის საგანი: პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის გაზეთ ,,...ში” პერიოდულად ქვეყნდებოდა ინტერვიუები მ. ა-ე-გ-სთან, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად საუბარი ეხებოდა ... გაძარცვას და დ. გ-ის მიერ კ. გ-ს ხელნაწერების გაყიდვის ფაქტს.

ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მიერ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დ. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო.

დ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – გაზეთ ,,...ის” რედაქტორის და ჟურნალისტის გ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 6 000 ლარის ოდენობით.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 200 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: დ. გ-ს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, მოპასუხეებს დაევალათ გავრცელებული ცნობების უარყოფა იმავე გაზეთის მეშვეობით. აღნიშნული გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩვრა დ. გ-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 იანვრის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი და მიუთითა, რომ გაზეთ ,,...”-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციები არის ინტერვიუები მ. ა-ე-გ-სთან და გაზეთში გამოთქმული მოსაზრებების არის არა გაზეთის და ჟურნალისტის მოსაზრება, არამედ მ. ა-ის მოსაზრება, რის გამოც გაზეთს არ შეიძლება დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი. მისი მოსაზრებით გადაწყვეტილების პირველი პუნქტი წინააღმდეგობაშია მეორე პუნქტთან.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ გაზეთ ,,...ში” გამოქვეყნებული იყო ინტერვიუ მ. ა-ე-გ-სთან და ცნობები დ. გ-ის შესახებ გავრცელდა მ. ა-ე-გ-ის მითითებით.

სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, პირადი არაქონებრივი სიკეთის დაცვა ხორციელდება ხელმყოფის ბრალის მიუხედავად, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურება პირს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ხელმყოფის ბრალეული ქმედების შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი წინააღმდეგობაშია მეორე პუნქტთან, რადგან ბრალის მიუხედავად გაზეთის რედაქციას ევალება უარყოს გავრცელებული ცნობები, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურება კი შეიძლება მხოლოდ ბრალეული ქმედების შემთხვევაში.

საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 13 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.