Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/715 22 ნოემბერი 2000 წელი ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. წიქვაძე

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი(მომხსენებელი), დ. ხელაია

დავის საგანი: ზარალის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. გ-მა გ. და კ. კ-ების წინაღმდეგ სარჩელით მიმართა სასაართლოს და მოითხოვა მიყენებული მატერიალური ზიანნის ანაზღაურება 53 000 აშშ დოლარის ოდენობით იმ საფუძვლით, რომ 1996 წლის 28 თებერვალს დადებული გარიგებით კ-ებისათვის უნდა მიეწოდებინდა 210000 ცალი პოლოპროპელინის ტომარა, ხოლო კ-ებს 10 დღეში უნდა გადაეხადათ 105 000 აშშ დოლარი. გამყიდველმა 1996 წლის 17 აპრილს ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, ხოლო მყიდველმა მხოლოდ ნაწილი თანხა გადაიხადა. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. კ. და გ. კ-ებს დ. გ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 53 000 აშს დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს. აღნიშნული განჩინება დ. გ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 31 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეზე გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას. საქმის ხელახლა განხილვისას თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი:

1996 წლის 28 თებერვალს იურიდიულ კომპანია ,,ს-სა” და ბელგიურ კომპანია ,,...” შორის დაიდო პოლიპროპელინის ტომრების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც თურქულმა კომპანიამ გაყიდა აღნიშნული ტომრები, ხოლო ბელგიურმა – იყიდა. ტომრების ოდენობა შეადგენდა 200000ც. თითოეული ტომრის ფასი განისაზღვრა 0,5 აშშ დოლარის ოდენობით. გამყიდველმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულების დადებიდან 15 საბანკო დღის განმავლობაში მყიდველისათვის მიეწოდებინა ტვირთი, ხოლო მყიდველი ვალდებული იყო საქონლის მიღებიდან ორი დღის ვადაში გადაეხადა ფასი. მყიდველს უფლება ჰქონდა საქონლის ხარისხისა და რაოდენობის შეუსაბამობის შემთხვევაში წარედგნა პრეტენზია საქონლის მიღებიდან 15 დღის ვადაში.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერა თურქული მხარის ფირმა ,,ს-ის” წარმომადგენელმა ფ. თ-მ, ხოლო ,,...” სახელით კ. კ-მ , რომელსაც არ გააჩნდა წარმომადგენლის უფლებამოსილება.

დადგენილია, რომ 1996 წლის 19 აპრილს გამყიდველმა მხარემ ,,ს-მ” დ. გ-ის მეშვეობით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტვირთი ჩააბარა ,,...”-ის წარმომადგენელს კ. ს-ს.

სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ) 62-ე, 156-ე, 157(2) მუხლები და მიიჩნია, რომ გარიგება დაიდო კ. კ-სა და იურიდულ პირს ,,ს-ს” შორის, რადგან ,,...-მ” კ. კ-ის მიერ დადებული გარიგება შემდგომში არ მოიწონა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც თანხა დაეკისრა გ. და კ. კ-ებს გ. კ-ის ნაწილში ძალაშია შესული, რადგან მას გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიოშნული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ არ გაარკვია მ. და კ. კ-ები იყვნენ თუ არა სათანადო მოპასუხეები მოცემულ დავაში, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე – სათანადო მოსარჩელე; სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 62-ე, 156-ე, და 157-ე მუხლები, რის გამოც კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, ასევე, კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია, გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც გ. კ-ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულად იქნა მიჩნეული.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” პუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი იურიდიული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. ამასთან, ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილით საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევა შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ დაარღვია სსსკ 84-85-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ დავის საგანი – თანხის დაბრუნება, ორ იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, ხოლო ხელშეკრულების მხარეები კი იყვნენ კომპანია ,,ს.” და ,,...” და არა ფიზიკური პირები. ასევე, დადგენილია, რომ ხელშეკრულების შესრულება მოხდა ყაზახეთის რესპუბლიკაში, რადგან ბელგიური კომპანიის ,,...” წარმომადგენელმა კ. ს-მა ტვირთი ყაზახეთის რესპუბლიკაში მიიღო.

აქედან ჰამომდინარე, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც კ. კ-ე გარიგების დადების არაუფლებამოსილ პირად იქნა მიჩნეული, რადგან მყიდველმა ,,...”-მა ხელშეკრულებით მიწოდებული საქონელი მიიღო და ამასთან, არც ერთ მხარეს (იურიდიულ პირებს) მოცემული ხელშეკრულება სადავოდ არ გაუხდია.

პალატა, ასევე, იზიარებს კასატორის მითითებას და თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ის მოტივაცია, რომლითაც გ. კ-ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონიერ ძალაში შესულად მიიჩნევს, უსაფუძვლოა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. და კ. კ-ებს სოლიდარულად დაეკისრათ პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ სავალდებულო საპროცესო თანამონაწილეობასთან (და არა ფაკულტატურ თანამონაწილეობასთან), ამ შემთხვევაში საკმარისია ერთ-ერთი თანამონაწილის სააპელაციო (საკასაციო) საჩივარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემოწმებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს სარჩელი შეტანილია თუ არა სათანადო მოსარჩელის მიერ და სათანადო მოპასუხეების მიმართ, რადგან მოთხოვნა გამომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, სარჩელი წარდგენილია თუ არა განსჯად სასამართლოში.

სარეზოლუციო ნაწილი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. და გ. კ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 28 ივლისის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავეს სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება