გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/726 27 დეკემბერი 2000 წელი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: მ. ახალაძე, ბ. კობერიძე (მომხსენებელი),
დავის საგანი: სადაზღვევო თანხის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ჭ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სადაზღვევო კომპანია ,,ა-ს” მიმართ და მოითხოვა სადაზღვევო თანხის გადახდევინება.
მოსარჩელემ სარჩელს საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:
1999 წლის 28 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 118,6 კმ-ზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 7 მგზავრი, მათ შორის მოსარჩელის შვილი ზ. ჭ-ი. აღნიშნულ ავტომანქანაზე თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეული ჰქონდა მის მფლობელ პ. ნ-ს ,,ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონის შესაბამისად და სადაზღვევო კომპანია ,,ა-ის” მიერ გაცემული იყო სადაზღვევო პოლისი ¹ 09956.
2000 წლის 24 თებერვალს რ. ჭ-მა განცხადებიით მიმართა სადაზღვევო კომპანია ,,ა-ს” კუთვნილი სადაზღვევო თანხის გადახდის შესახებ, მაგრამ უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ მანქანის მფლობელს შვიდ დღე-ღამეში უნდა განეცხადებინა სადაზღვევო კომპანიისათვის აღნიშნული ფაქტის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, დანარჩენ ექვს დაზარალებულს მოპასუხე ორგანიზაციამ სრულად აუნაზღაურა კუთვნილი სადაზღვევო თანხა. მანქანის მფლობელს რომ არ შეეტყობინებინა სადაზღვევო კომპანიისათვის, აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე ორგანიზაცია სხვა დაზარალებულებსაც ანალოგიურ პასუხს გასცემდა.
მოსარჩელე, რ. ჭ-მა ,,ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ” კანონის მე-4, მე-11, მე-20 მუხლების საფუძველზე სადაზღვევო კომპანია ,,ა-საგან” მოითხოვა 2500 ლარი სადაზღვევო თანხისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% საურავის ანაზღაურება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით რ. ჭ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. ჭ-ს საპელაციო საჩივარი, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა რ. ჭ-ს სარჩელი და შპს სადაზღვევო კომპანია ,,ა-ს” რ. ჭ-ს სასარგებლოდ დაეკისრა სადაზღვევო თანხის - 2500 ლარის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავის სახით აღნიშნული თანხის 0,1% პროცენტისა და ადვოკატის ხარჯის – 500 ლარის გადახდა. მოპასუხეს სულ დაეკისრა 324,5 ლარი.
საკასაციო საჩივარში სადაზღვევო კომპანია ,,ა-მ” მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი ,,ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ”, როცა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ აღნიშნული კანონი დაზარალებულთათვის არანაირ ვადებს არ ითვალისწინებდა და მათ თანხის ანაზღაურებაზე შეეძლოთ მზღვეველისათვის მიემართათ 3 წლის განმავლობაში.
კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ავტომოტოტრანსპორტის მფლობელს ეძლევა სადაზღვევო პოლისი წარმდგენზე, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 803-ე მუხლის შესაბამისად, თუ სადაზღვევო მოწმობა გაცემულია წარმომდგენზე, მზღვეველს შეუძლია ამ მოწმობის მფლობელს წაუყენოს ყველა ის მოთხოვნა, რომლებიც მას თავდაპირველი დამზღვევის მიმართ აქვს, ვინაიდან ,,ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონის მე-18 მუხლის თანახმად, მფლობელი ვალდებულია საგზაო-სატრანსპოტო შემთხვევის შესახებ წერილობით განუცხადოს მზღვეველს არაუგვიანეს 7 დღე-ღამისა შემთხვევის დღიდან და 30 დღეში წარუდგინოს ცნობები მიყენებული ზიანის, დროის, ადგილის, მიზეზის და სხვა გარემოებათა თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 803-ე მუხლის შესაბამისად მზღვევევლს შეუძლია ასევე მოთხოვნები წაუყენოს სადაზღვევო მოწმობის ნებისმიერ მფლობელს, რომელიც წარუდგენს მზღვეველს სადაზღვევო მოწმობასა და შესაბამის მოთხოვნებს.
კასატორის განმარტებით, რ. ჭ-მა თავისი მოთხოვნები წაუყენა მზღვეველს წარმომდგენზე გაცემული პოლისის საფუძველზე, რომელიც მას ხელთ გააჩნდა და შესაბამისად, იმ მომენტში მის მფლობელს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 803-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა მას წაუყენა ისეთივე მოთხოვნები, რომელსაც იგი თავდაპირველ დამზღვევს წაუყენებდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 840-ე და 1008-ე მუხლები, რაც სამოქალაქო კოდექსის 393-ე მუხლის 1 ნაწილის და მე-2 ნაწილი ,,გ” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ აწ გარდაცვლილი ზ. ჭ-ის მამა – რ. ჭ-ი, რადგანაც თავისი მოთხოვნები წაუყენა მზღვეველს წარმომდგენზე გაცემული პოლისის საფუძველზე, რომელიც მას ხელთ ჰქონდა, უნდა ჩაითვალოს მის მფლობელად და შესაბამისად - ,,ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ავტომოტოტრანსპორტის მფლობელად”.
აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად ,,ავტომოტოტრანსპორტის მფლობელი” არის ნებისმიერი პირი, რომლის საკუთრებაშია ავტომოტოტრანსპორტი ან მართლზომიერად განაგებს მას, ხოლო ,,დაზარალებული” არის პირი, რომელიც დაზარალებულად მიიჩნევა საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველზე, ასევე, მისი მემკვიდრე და უფლებამონაცვლე.
ამდენად, პალატა თვლის, რომ რ. ჭ-ის არის დაზარალებული და ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სამოქალაქო კოდექსის 803-ე მუხლის თანახმად, მზღვეველს ჰქონდა უფლება რ. ჭ-სათვის წაეყენებინა ისეთივე მოთხოვნები, რომელსაც თავდაპირველ მზღვეველს წაუყენებდა. პალატა, აგრეთვე, ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ რ. ჭ-ი ვალდებული იყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ წერილობით განეცხადებინა მზღვეველისათვის შემთხვევის დღიდან არაუგვიანეს 7 დღე-ღამისა (დასვენებისა და უქმე დღეების ჩაუთვლელად), ,,ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად.
პალატა თვლის, რომ აღნიშნული ნორმა ეხება მხოლოდ ავტომოტოტრანსპორტის მფლობელს, რადგანაც ამავე მუხლში მითითებულია, რომ მფლობელმა მზღვეველს უნდა წარუდგინოს ცნობები მის მიერ მიყენებული ზიანის, დროის, ადგილის, მიზეზის და სხვა გარემოებათა შესახებ.
ზემოთ აღნიშნული კანონი არ განსაზღვრავს თუ რა ვადაშია ვალდებული დაზარალებული წარუდგინოს მზღვეველს მისთვის ცნობილი ყველა არსებითი ინფორმაცია, რომელიც ეხება ზიანის მიყენებას და მფლობელის ბრალეულობას.
,,ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხსიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი კისრულობს ვალდებულებას ამ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში გაათავისუფლოს დაზღვეული იმ მატერიალური პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ეკისრება ავტომოტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო.
ამდენად, პალატა თვლის, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მზღვეველი ხდება ვალდებული აუნაზღაუროს დაზარალებულს დელიქტით გამოწვეული ზიანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ანუ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ რ. ჭ-ს მოთხოვნის უფლება, ზიანის ანაზღაურების შესახებ შპს სადაზღვევო კომპანია ,,ა-ის” მიმართ, ხანდაზმული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
არ დაკმაყოფილდეს შპს სადაზღვევო კომპანია ,,ა-ის” საკასაციო საჩივარი.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 აგვისტოს განჩინება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება