გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ\759 10 ნოემბერი 2000 წელი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. გოგიშვილი
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, დ. ხელაია
დავის საგანი: საზოგადოების რიგებიდან პარტნიორის გარიცხვა
აღწერილობითი ნაწილი:
შპს ,,ა-ს” დირექტორმა ნ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და აღნიშნა, რომ შპს ,,ა-ს” დამფუძნებელი პარტნიორთა საერთო კრების 1999 წლის 11 იანვრის დადგენილებით, დამფუძნებელთა უმრავლესობასთან დაპირისპირებისათვის საზოგადოების რიგებიდან გარიცხა ზ. რ-ე, ნ. ბ-მა სასამართლოში მოითხოვა საზოგადოების პარტნიორთა კრების დადგენილების დამტკიცება და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,ა-ს” დირექტორის განცხადება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,ა-ს” დირექტორის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩა აბაშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
2000 წლის 31 მაისს შპს ,,ა-ს” დირექტორმა განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ 2000 წლის 29 მაისს ჩატარდა შპს ,,ა-ს” პარტნიორთა კრება, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იყო პარტნიორ ზ. რ-ის შპს ,,ა-ს” რიგებიდან გარიცხვა. ზ. რ-ე გაირიცხა საზოგადოების რიგებიდან და შპს ,,ა-ს” დირექტორმა მოითხოვა ამ ცვლილების გატარება რაიონული სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლოს დადგენილება აპელაციიის წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა და აღნიშნა, რომ 1999 წლის 15 ნოემბრის სარჩელით იგი მოითხოვდა სასამართლოს მიეღო გადაწყვეტილება ზ. რ-ის შპს ,,ა-ს” დამფუძნებლობიდან გარიცხვის შესახებ. 2000 წლის 31 მაისის განცხადებით კი მოითხოვს სასამართლომ ცვლილება გაატაროს რაიონული სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში.
აპელანტმა მიუთითა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 4 აპრილის განჩინებით დადგენილია, რომ ზ. რ-ის ქმედებები შეიძლება საზოგადოებიდან გარიცხვის მნიშვნელოვან საფუძვლად ჩაითვალოს, მაგრამ რადგან მოცემულ შემთხვევაში არ იყო პარტნიორთა კრების მოწვევის პროცედურა დაცული, ამის გამო არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი. აპელანტი თვლის, რომ მათ მიერ პარტნიორთა კრების მოწვევისა და ჩატარების პროცედურა დაცულია, ხოლო იმავე საფუძვლით პარტნიორთა კრებას შეეძლო საკითხის განხილვა, რადგან ამას არ კრძალავს ,,მეწარმეთა შესახებ” კანონი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 ივნისის დადგენილება და მოცემულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და განჩინება, იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად იგი უნდა შეწყდეს.
სააპელაციო პალატის აღნიშნულ განჩინებაზე შპს ,,ა-ს” დირექტორმა ნ. ბ-მა შეიტანა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საოლქო სასამართლოს განჩინებაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იქნა დაცული პარტნიორთა კრების ჩატარებისა და დღის წესრიგის საკითხი. მას შემდეგ, რაც აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში იქნა შესული, მიუთითებს კერძო საჩივრის ავტორი, 2000 წლის 29 მაისს მოწვეული იქნა შპს ,,ა-ს” დამფუძნებელი კრება, რომლის ერთ-ერთ საკითხად შეტანილი იქნა შპს ,,ა-ს” პარტნიორთა კრებიდან გარიცხვა. ნ. ბ-ის მიაჩნია, რომ მოცემული საფუძვლით სასამართლოს არ ჰქონია ადრე მსჯელობა და ამის გამო მას არ ჰქონდა საქმის წარმოების შეწყვეტის უფლება.
კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გაუქმებულ იქნეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 აგვისტოს განჩინება.
პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მირების ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში არ სეიძლება ჩაითვალოს, რომ იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე, იმავე მხარეებს სორის დავაზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რადგან დავის საგანი ამ სემტხვევაში არის სხვა დროს და გარკვეულწილად შეცვლილი მოტივებით მირებული დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილება. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და დავა არსებითად განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს სასამართლოს მიერ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ა-ს” დირექტორის ნ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება