Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/872 20 დეკემბერი 2000 წელი ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი

მოსამართლეები: მ. ახალაძე, ბ. კობერიძე,

დავის საგანი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 7 ივლისს დ. ჩ-მა სარჩელი შეიტანა თბილისის კრწანისი-მთაწმინის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების – საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის მიმართ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების აღდგენის შესახებ.

მოსარჩელემ სარჩელს საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებანი:

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 3 დეკემბრის დადგენილებით დ. ჩ-ი არჩეულ იქნა საქრათველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს წევრად. 1992 წლის 14 მაისს იგი იყო სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობაში. 1992 წლის 4 ნოემბრიდან დ. ჩ-ი გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობიდან, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრად არჩევასთან დაკავშირებით.

პარლამენტის არჩევის ვადის გასვლის გამო, 1995 წლის 25 ნოემბერს დ. ჩ-ს შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” 1992 წლის 28 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, 1996 წლის 25 მარტიდან მას აღუდგა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება.

საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 13 ივნისის დადგენილებით და ჩ-ს ვადაზე ადრე შეუწყდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება, რაც მან მიიჩნია უკანონოდ იმ საფუძვლით, რომ საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული საკითხი განიხილა მოქმედი შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, მას საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა იმ პერიოდში, როდესაც იგი კუთვნილ შვებულებასა და შრომისუუნარობის ფურცელზე იმყოფებოდა. მოსარჩელე დ. ჩ-მა აღნიშნული საფუძვლით მოითხოვა ცნობილიყო იურიდიული ძალის არმქონედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 2000 წლის 24 მაისის წარდგინება, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 მაისის წარდგინება, საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 13 ივნისის დადგენილება და აღდგენოდა მას საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა დ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივარში დ. ჩ-ი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი სასარჩელო მოთხოვნები.

კასატორმა საკასაციო საჩივარს საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:

კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ იურიდიული დასაბუთების გარეშე არ ცნეს საპატიო მიზეზად ის ფაქტი, რომ მან ატესტირება ვერ გაიარა შვებულებაში ყოფნის გამო, თუმცა ,,საპატიო” და ,,არასაპატიო” მიზეზი გათვალისწინებულია ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციის შესახებ” დებულებაში, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ 1999 წლის 20 აგვისტოს. კასატორი აღნიშნავს, რომ არც ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონში და არც ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციის შესახებ” დებულებაში არ არსებობს ნორმა, რომელიც გამორიცხავს საპატიო მიზეზის გამო უზენაესი სასამართლოს წევრის მიერ ატესტაციის ჩაბარებას სხვა დროს.

კასატორ დ. ჩ-ს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ მისცა შეფასება კანონის დარღვევას, რომელიც გამოიხატა მისი, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტაში, შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნის დროს. სააპელაციო სასამართლომ გააკეთა არასწორი დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ნორმები არ არის მისაღები საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრისათვის. აგრეთვე, არასწორად მიუთითა, რომ ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-40 პუნქტი იმპერატიულად ადგენს საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას რაიმე პირობებისაგან დამოუკიდებლად. კასატორი აღნიშნავს, რომ შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია შვებულების ან დროებით შრომისუუნარობის დროს მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს უნდა ეხელმძღვანელა კანონით და ვალდებული იყო თავი შეეკავებინა აღნიშნული საკითხის განხილვისაგან დ. ჩ-ის გამოჯანმრთელებისა და შვებულებიდან დაბრუნებამდე.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები და ვერ გაიზიარებს კასატორ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ თითქოს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის გამოც მან ატესტაცია ვერ გაიარა, რადგან იგი იმყოფებოდა მორიგ კუთვნილ შვებულებაში. საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა თანამდებობაზე განმწესებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” აღნიშნული კანონის მე-20 მუხლის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად შეიძლება განმწესებული იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, ხოლო უზენაესი სასამართლოს ის წევრები, რომლებიც თანამდებობაზე განმწესებული იყვნენ ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მიღებამდე, ამავე კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, ექვემდებარებიან სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაციას. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 აგვისტოს ¹491 ბრძანებულებით დამტკიცებული იქნა დებულება ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციის შესახებ” ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 მარტის ¹ 237 განკარგულებით განისაზღვრა საკვალიფიკაციო ატესტაციის ჩატარების თარიღი და და წინადადება მიეცა საკვალიფიკაციო ატესტაციის გავლის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროსათვის განცხადებით ეცნობებინა 2000 წლის 28 აპრილამდე. ამ ვადაში კასატორს ატესტაციაში მონაწილეობის სურვილი არ გამოუთქვამს. 2000 წლის 2 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და მოითხოვა კუთვნილი შვებულება. კასატორის ეს თხოვნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად დაკმაყოფილდა და მას 4 მაისიდან 16 ივნისამდე მიეცა მორიგი კუთვნილი შვებულება. შვებულებაში ყოფნა არ უკრძალავდა კასატორს გაევლო საკვალიფიკაციო ატესტაცია, პირიქით იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფალი იყო და მეტი საშუალება ჰქონდა მომზადებულიყო ატესტაციისათვის, მაგრამ მას ასეთი სურვილი თავის დროზე არ გამოუთქვამს. ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკავლიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობა ან მისი უარყოფითი შედეგი იწვევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ უზენაესი სასამართლოს წევრის, როგორც საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენება არა შრომის კანონთა კოდექსი, არამედ ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონი და შვებულებაში ყოფნა არ წარმოადგეენს საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის საპატიო მიზეზს.

პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს, თითქოს სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც დაუშვებელი შვებულების ან დროებითი შრომის უუნარობის დროს მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა. კასატორი დ.ჩ-ი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, იყო საჯარო მოსამსახურე. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოქმედება ვრცელდება საჯარო მოსამსახურეებზე, მხოლოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოსამართლეებს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ირჩევს პარლამენტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება კანონით. ასეთ კანონს წარმოადგენს ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონი, რომლის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობა ან მისი უარყოფითი შედეგი იწვევს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თანხმობის შემდეგ. საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 13 ივნისის დადგენილებით კასატორ დ. ჩ-ს ვადაზე ადრე შეუწყდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება. საქართველოს კონსტიტუციის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა დანიშვნასთან და განთავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობა განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით. არც კონსტიტუცია და არც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალსიწინებს პერსონალური საკითხის ანუ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვიდან მოხსნას თანამდებობის პირის ავადმყოფობის გამო. ამდენად, უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა მოწესრიგებულია საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და მის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული წესები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ დ. ჩ-ს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სწორად შეუწყდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 2000 წლის 16 ივნისის ¹ 30 ბრძანებით 2000 წლის 14 ივნისიდან სამისდღეშიოდ დაენიშნა ხელფასის სრული ოდენობის შესაბამისი თანხა – თვეში 1073 ლარი, შემდგომში მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილებების გათვალისწინებით. ამდენად, მისი კანონიერი ინტერესები და უფლებების დარღვეული არ ყოფილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას და მიიღო კანონის შესაბამისი განჩინება, რომლის გაუქმების კანონიერ საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 12 ოქტომბრის განჩინება.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება