Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ/9 21 ივლისი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: თ. კობახიძე, ბ. კობერიძე

განიხილა ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, ნ. ს-ის სარჩელის გამო, საქართველოს სამხედრო კომისარიატის საპენსიო განყოფილებისა და საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს საპენსიო უზრუნველყოფის სამმართველოს მიმართ, პენსიის დანიშვნის შესახებ.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბ. კობერიძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ნ. ს-ემ 1998 წლის 23 ივლისს სარჩელი აღძრა ისნის რაიონის სასამართლოში მოპასუხეების საქართველოს სამხედრო კომისარიატის საპენსიო განყოფილებისა და საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს საპენსიო უზრუნველყოფის სამმართველოს მიმართ. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი იყო პირველი ჯგუფის ინვალიდი, მეუღლე დაღუპული ჰყავდა დიდ სამამულო ომში და „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ითხოვდა მეორე პენსიის დანიშვნას. აღნიშნული სარჩელი სხვადასხვა სასამართლო ინსტანციამ რამდენჯერმე განიხილა.

თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ს-ის სარჩელი და დადგენილად იქნა ცნობილი მისი უფლება მეორე პენსიის მიღებაზე, 1941-1945 წლების ომის დროს მარჩენალი მეუღლის _ ლ. ს-ის დაკარგვის გამო.

მოსარჩელე ნ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებიდან მეორე პენსიის დანიშვნის შესახებ, უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ისნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და მოსარჩელე ნ. ს-ეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

ნ. ს-ემ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით.

კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 და 61-ე მუხლებმა ცლსახად მიანიშნეს 1941-1945 წლების ომის მონაწილეებზე, მათთან გათანაბრებულ პირებზე და ომში დაღუპულთა ქვრივებისათვის ორი სახეობის პენსიის დანიშვნის თაობაზე.

ნ. ს-ე განმარტავს, რომ იგი ფაქტობრივი მდგომარეობით, სრულად პასუხობს ზემოთ აღნიშნული კანონის მითითებული მუხლების მოთხოვნებს და იმის მტკიცება, რომ ეს კანონი არ ამოქმედებულა და არ ვრცელდება ვადიან სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე, კასატორს უსაფუძვლოდ და კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნია.

აქედან გამომდინარე, ნ. ს-ე ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი სასარჩელო მოთხოვნა.

საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შე-მოწმებისა და მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონი მოქმედებს მხოლოდ იმ პენსიონერებზე, რომლებიც პენსიას ღებულობენ ძალოვანი სტრუქტურებიდან, ხოლო ნ. ს-ე პენსიას ღებულობდა სოცუზრუნველყოფის ორგანოებიდან, რომელთა მიმართაც, აღნიშნული კანონი, რომელიც ითვალისწინებს მეორე პენსიის დანიშვნას, არ მოქმედებს.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მეუღლეებს აქვთ სხვადასხვა ორგანოდან ორი სახის პენსიის მიღების უფლება, დაენიშნებათ ორივე. აღნიშნული მუხლით ორი პენსიის დანიშვნა გათვალისწინებულია სხვადასხვა ორგანოდან. სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ რადგანაE ნ. ს-ე პენსიას მარჩენალის დაკარგვის გამო იღებდა სოცუზრუნველყოფის ორგანოდან, ხოლო პენსია წელთა ნამსახურობის (მოხუEებულობის) გამო გაიცემოდა, აგრეთვე, სოცუზრუნველყოფის ორგანოების მიერ, ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული კანონის 32-ე მუხლი არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგანაც იგი ითვალისწინებს პენსიის გაცემას ორი სხვადასხვა ორგანოს მიერ.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი ნ. ს-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსაის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

არ დაკმაყოფილდეს ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.