გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/95 28 ივლისი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. კობერიძე
მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. ცისკაძე
განიხილა დ. მ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე, საფინანსო კომპანია „მ-ის” სარჩელის გამო, დ. მ-ის მიმართ _ ბინიდან გამოსახლების შესახებ.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესიკ კობერიძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1998 წლის 29 ივლისს დ. მ-ემ საფინანსო კომპანია „მ-დან” სესხის სახით გაიტანა 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, თვიური 12 პროცენტის დარიცხვით, რაც მსესხებელს უნდა დაეფარა 1998 წლის 29 აგვისტოს 2240 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხის ოდენობით ლარებში.
სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად დ. მ-ემ იპოთეკით დატვირთა მის პირად საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹80/2. სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში 1998 წლის 29 ივლისს, ბათუმის მერიის ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ.
დ. მ-ემ სესხის პროცენტი გადაიხადა მისი გატანისთანავე, ხოლო ძირითადი თანხა 2000 აშშ დოლარის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მან ვერ დაფარა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. დ. მ-ის თხოვნით, ვალდებულების შესრულების ვადა გაგრძელდა 1998 წლის 29 სექტემბრამდე, მაგრამ მან ნაკისრი ვალდებულება კვლავ ვერ შეასრულა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. მ-ეს საფინანსო კომპანია „მ-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 3360 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა იმ დროისათვის არსებული კურსის მიხედვით. გადაუხდელობის შემთხვევაში დ. მ-ის პირად საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე ქ. ბათუმში ..... ქ. ¹80/2-ში, რომელიც დატვირთული იყო იპოთეკით, იძულებითი წესით უნდა გაყიდულიყო აუქციონზე.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომ სასამართლოში არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აღმასრულებელმა თ. დ-ემ წერილობით გააფრთხილა დ. მ-ე, რომ ხუთი დღის ვადაში გადაეხადა 3360 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაინიშნებოდა აუქციონი იპოთეკით დატვირთული ბინის იძულებითი წესით გაყიდვის შესახებ. დ. მ-ემ აღნიშნული თანხა ვერ გადაიხადა.
სადავო ბინის შესაფასებლად, ქ. ბათუმის სასამართლომ მიმართა ბათუმის მერიასთან არსებულ საბინაო სერვისს, რომლის ექსპერტთა მიერ ბინა შეფასდა 20000 აშშ დოლარად. 1999 წლის 22 იანვარს კანონით დადგენილი წესით დ. მ-ის ბინაზე დაინიშნა აუქციონი. თავად ბინის მესაკუთრე არ გამოცხადდა, აუქციონს ესწრებოდა მხოლოდ მისი მეუღლე. აუქციონი არ შედგა, რადგანაც ბინის მყიდველები არ მივიდნენ.
1999 წლის 2 თებერვლისათვის განმეორებით დაინიშნა აუქციონი. ბინის ყიდვის სურვილი არავის გამოუთქვამს, გარდა იპოთეკარისა, რომელმაც მიიღო აუქციონში მონაწილეობა და შეიძინა სადავო ბინა. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმდა შესაბამისი აქტი და დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება.
დ. მ-ემ უარი განაცხადა მიეღო დამქირავებლის სტატუსი, საბაზრო კურსით ქირის გადახდის ვალდებულებით და დაედო ქირავნობის ხელშეკრულება საფინანსო კომპანია „მ-თან”.
1999 წლის 2 აპრილს ქ. ბათუმის სასამართლოში სარჩელი შეიტანა საფინანსო კომპანია “მ-მა” და მოითხოვა დ. მ-ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება ქ. ბათუმში ..... ქ. ¹80/2-ში მდებარე ბინიდან.
იმავე წლის ოქტომბერში ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა დ. მ-ემ და მოითხოვა 1999 წლის 2 თებერვალს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საფინანსო კომპანია “მ-ის” სარჩელი, ხოლო დ. მ-ის შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 23 დეკემბერს განიხილა დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი და მიიღო განჩინება, რომლითაც არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა და უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება დ. მ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ აუქციონი ჩატარდა უკანონოდ. დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლოს არ დაუნიშნავს სპეციალისტი ან ექსპერტი, რომელიც შეაფასებდა ქონების ღირებულებას. აგრეთვე, სასამართლოს არ შეუტყობინებია მოსალოდნელი აუქციონის შესახებ რეესტრში შეტანილი უფლებამოსილი პირებისათვის. იგი მიუთითებს, რომ დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 304-ე მუხლი, რომლის მიხედვით, აუქციონის ჩატარებამდე მას უფლება ჰქონდა დაეკმაყოფილებინა კრედიტორის მოთხოვნა, მაგრამ საფინანსო კომპანია „მ-ის” პრეზიდენტმა მიქელაიშვილმა, კასატორის განმარტებით, არ მიიღო დ. მ-ისაგან წინადადება ვალის დაფარვის შესახებ.
კასატორი აღნიშნავს, რომ აუქციონის ჩატარებისას დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 305-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, მას უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო აუქციონში, მაგრამ აუქციონის ჩატარების დრო არ გააგებინეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ. მ-ემ საკასაციო საჩივარში მოითხოვა აჭარის ა/რის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაE დაკმაყოფილდება მისი შეგებებული სარჩელი.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აუქციონზე სადავო ბინის იძულებით გაყიდვის დროს, სასამართლოს უნდა დაენიშნა სპეციალისტი (ექსპერტი). ქ. ბათუმის სასამართლოს სპეციალისტი არ დაუნიშნავს, მაგრამ მის მოვალეობას ასრულებდა აღმასრულებელი თ. დ-ე, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებია.
აუქციონის ჩატარებისას ნივთის გასაყიდ ღირებულებას განსაზღვრავს ექსპერტი. ქ. ბათუმის სასამართლოს აღმასრულებელმა თ. დ-ემ წერილობითი თხოვნით მიმართა ქ. ბათუმის მერიასთან არსებულ საბინაო სერვისის უფროსს, რათაც აღნიშნული სამსახურის ექსპერტებს შეეფასებინათ სადავო ბინა. იგი შეფასდა 20000 აშშ დოლარის ექვივალენტად ეროვნულ ვალუტაში.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია მოსალოდნელი აუქციონის შესახებ შეატყობინოს რეესტრში შეტანილ უფლებამოსილ პირებს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ ბინასთან დაკავშირებით, რეესტრში შეტანილ უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა მხოლოდ დ. მ-ე და მას ამის შესახებ შეატყობინა აღმასრულებელმა სააღსრულებო ფურცელი ¹2-1663-ით, რომელიც 1998 წლის 27 ნოემბერს ჩაიბარა დ. მ-ის მეუღლე მ. ჩ-მა.
გარდა ამისა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლო აღმასრულებლის მიერ მიტანილი იქნა დ. მ-ის ოჯახში სასამართლო უწყება, რომლითაც კასატორს აღმასრულებელი იბარებდა აუქციონის პირობების, დროისა და ადგილის შესატყობინებლად 1999 წლის 15 იანვრისთვის, მაგრამ დ. მ-ის ოჯახის წევრებმა უწყება არ ჩაიბარეს, რის გამოც, მასზე აღმასრულებლის მიერ გაკეთდა აღნიშვნა, ხოლო უწყება ჩაბარებულად ჩაითვალა სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 118-ე მუხლის თანახმად. აღნიშნული აუქციონის შესახებ, გამოცხადებული იყო აგრეთვე, გაზეთ „......-ში“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ აუქციონის ჩატარებისას არ ყოფილა დარღვეული სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მოთხოვნები.
ვინაიდან პირველი აუქციონი არ ჩატარდა მყიდველთა გამოუცხადებლობის გამო, განმეორებითი აუქციონის დროს გამოცხადებულმა საფინანსო კომპანია “მ-მა” სამოქალაქო კოდექსის 306-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სადავო ბინა შეიძინა იმ ფასად, რომლითაც დაიფარებოდა პროცესის ხარჯები და კრედიტორის მოთხოვნა, რადგანაც სხვა მყიდველები კვლავ არ გამოცხადებულან.
საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ კასატორმა შესთავაზა ვალის დაფარვა იპოთეკარს და რომ მან უარი უთხრა. ასეთ შემთხვევაში დ. მ-ეს შეეძლო ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეეტანა ან აღმასრულებელთან გადაეხადა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთები საქმეში არ მოიპოვება.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
არ დაკმაყოფილდეს დ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წ. 23 დეკემბრის განჩინება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.