Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ\211 12 ივლისი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: მ. წიქვაძე, რ. ნადირიანი \მომხსენებელი\

განიხილა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1998 წლის 16 ივლისს სს ბანკ „კ-სა“ და ლ. ფ-ეს, რ. და შ. მ-ებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება სესხის უზრუნველყოფის მიზნით ლ. ფ-ემ, რ. და შ. მ-ებმა იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთეს ქ. თბილისში ...... ქ. ¹8-ში მდებარე ბინა.

ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 1999 წლის 5 მაისს ნოტარიუსის მიერ შესრულებული იქნა სააღსრულებო წარწერა, რომლის საფუძველზე 1999 წლის 16 ივლისს ჩატარდა აუქციონი. ბინა შეისყიდა კრედიტორმა _ სს ბანკმა “კ-მა”.

1999 წლის 27 ივლისს სს ბანკმა “კ-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ლ. ფ-ის, რ. და შ. მ-ების მიმართ და მოითხოვა მათი ბინიდან გამოსახლება. მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს 1999 წლის 16 ივლისის აუქციონის ბათილად ცნობა.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს ბანკ „კ-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ლ. ფ-ის, რ. და შ. მ-ების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 16 ივლისს ჩატარებული აუქციონი საჯარო ვაჭრობის წესით ქ. თბილისში, ...... ქ. ¹8-ში მდებარე ბინის გაყიდვის შესახებ.

სს ბანკმა „კ-მა“ შეიტანა სააპელაციო საჩივარი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის გამოყენებით არასათანადო მოპასუხე შეცვალა სათანადო მოპასუხით და საქმეში მოპასუხე მხარედ ჩააბა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სააღსრულებო ბიურო, მესამე პირად კი _ სს ბანკი „კ-ი“. საპელაციო პალატამ 2000 წლის 28 თებერვლის განჩინებით გააუქმა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დაშვებულია შეცდომა გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებში. ასევე, მიუთითებს, რომ საქმეზე არ იყო მოწვეული სააღსრულებო ბიურო, რითაც შეიზღუდა მისი, როგორც მოპასუხე მხარის საპროცესო უფლებები.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სააღსრულებო ბიურო საკასაციო საჩივრით მოითხოვს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილი. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოასწორა რაიონული სასამართლოს მიერ დაშვებული ხარვეზები, ჩართო სააღსრულებო ბიურო მხარედ, საქმეზე დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, დაადგინა თუ რომელი კანონის საფუძველზე უნდა მომხდარიყო აღსრულება და საქმის სრული მოცულობით განხილვის შემდეგ დაადგინა საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი თვლის, რომ საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 28 თებერვლის განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ თუ სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ დაშვებულია შეცდომა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით, ან არასწორადაა გამოყენებული მატერიალური თუ საპროცესო სამართლის ესა თუ ის ნორმა _ მაშინ სააპელაციო სასამართლომ თვითონ უნდა გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება. რაც შეეხება იმას, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნა, აღნიშნული ხარვეზი სააპელაციო სასამართლომ შეავსო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე შეეძლო თვითონ გამოეტანა გადაწყვეტილება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 28 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.