Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-233 12 ივლისი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეების: თ. კობახიძე, ბ. კობერიძე

განიხილა ქ. ...... პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორის, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის გ. ბ-ის რწმუნებულ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე _ ნ. მ-ის სარჩელის გამო გ. ბ-ის მიმართ, ქ. ..... პედაგოგიური ინსტიტუტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 1999 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებისა და ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 1999 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქ. ........ პედაგოგიური ინსტიტუტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 1999 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ეს უარი უთხრა ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის დეკანის არჩევნებში მონაწილეობაზე.

ქ. ....... პედაგოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 1999 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანად არჩეულ იქნა მ. ც-ი.

ნ. მ-ემ აღძრა სარჩელი ქ. ....... პედაგოგიური ინსტიტუტის საკონკურსო- საატესტაციო კომისიის და სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებების გაუქმებისა და გ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

გორის რაიონულ სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა ..... პედაგოგიური ინსტიტუტის საკვალიფიკაციო-საატესტაციო კომისიისა და სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 14 თებერვლის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით გ. ბ-ის რწმუნებული ა. კ-ე მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ დიპლომის წარდგენის გარეშე ნ. მ-ეს არ გააჩნდა დეკანის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის კანონიერი საფუძველი; სასამართლომ არ გამოიყენა კანონები, რომლებიცE უნდა გამოეყენებინა; განჩინება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

1999 წლის 10 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ნ. მ-ეს მიანიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იმავე დღეს ქ. ..... სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ნ. მ-ემ, სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა ცნობა სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ, რადგან შესაბამისი დიპლომი, დებულების თანახმად, გაიცემოდა სამეცნიერო ხარისხის მინიჭებიდან სამი თვის შემდეგ.

ინსტიტუტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 1999 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ე არ დაუშვა დეკანის თანამდებობაზე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სამეცნიერო ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის უქონლობის გამო. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 1999 წლის 31 მაისის სხდომაზე ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩეულ იქნა მ. ც-ი.

„საქართველოში სამეცნიერო ხარისხის მინიჭების წესის შესახებ“ დებულების 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქართველოში მეცნიერებათა კანდიდატისა და მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხს ანიჭებენ სადისერტაციო საბჭოები დისერტაციის საჯარო დაცვის საფუძველზე. „სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-4 თავის 4.13-ე მუხლის თანახმად მეცნიერებათა დოქტორისა და მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომები გაიცემა სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე. დიპლომების მიღებამდე სადისერტაციო საბჭო გასცემს ცნობას დისერტაციის დაცვისა და სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ. ამავე ინსტრუქციის 4.5-ე მუხლის მიხედვით, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილება სამეცნიერო ხარისხის მინიჭების (ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე) ძალაში შედის ხმის დამთვლელი კომისიის ოქმის დამტკიცებითანავე.

ნ. მ-ე ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატად ითვლება 1999 წლის 10 მაისიდან, რაც დასტურდება სწავლულ ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარის 1999 წლის 12 ივლისის წერილით. ნ. მ-ისათვის ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მინიჭების შესახებ 1999 წლის 10 მაისის ცნობას სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარესთან და სწავლული მდივანთან ერთად ხელს აწერს საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მთავარი სწავლული მდივანიც.

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ განათლების დამადასტურებელ საბუთში იგულისხმება როგორც დიპლომი, ასევე მოწმობა და ცნობა პირის განათლების, კვალიფიკაციისა და სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ.

საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დიპლომის მიღებამდე პირი არ ითვლება მეცნიერებათა კანდიდატად, რადგან ექსპერტთა საბჭოს მიერ, პირს შეიძლება ჩამოერთვას სამეცნიერო ხარისხი. მითითებული დებულების 5.4-ე მუხლის თანახმად დიპლომის გასაცემად სამთვიანი შუალედი დაწესებულია აპელაციის შეტანისა და განხილვისათვის. ამდენად, 1999 წლის 10 მაისიდან ნ. მ-ეს, როგორც მეცნიერებათა კანდიდატს, სრული უფლება ჰქონდა მიეღო მონაწილეობა 1999 წლის 31 მაისს ჩატარებულ კონკურსში.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ....... პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის გ. ბ-ის რწმუნებუ-ლის, ადვოკატ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.