Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ\235 4 აგვისტო 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატამ

თავმჯდომარე მ. წიქვაძე

მოსამართლეების: რ. ნადირიანი \მომხსენებელი\, დ. ხელაია

განიხილა ა. ლ-ის რწმუნებით ადვოკატ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე, სამოქალაქო საქმეზე თ. ბ-ას სარჩელისა გამო მოპასუხე დ. შ-ასა და მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ა. ლ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და მესაკუთრედ ცნობის შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1996 წლის ნოემბერში ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს ¹....... დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა შპს “.......-ი“, რომლის ერთადერთი პარტნიორი იყო დ. შ-ა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 1997 წლის 13 მარტს ერთი წლის ვადით გაიცა ლიცენზია ¹...... , რომლითაც შპს „.......-ს“ მიეცა უფლება მოეწყო ტირაჟიანი ლატარიის გათამაშება.

1997 წლის 16 აპრილს მუსიკალურ-სანახაობრივ ცენტრ „ე-ში“, დ. შ-ამ მოაწყო ტირაჟიანი ლატარიის გათამაშება. ლატარიის ბილეთის მეორე გვერდზე ჩამოთვლილი იყო გათამაშების წესებთან ერთად საპრიზო ფონდის დასახელება, მითითებული იყო, რომ თამაშდებოდა 50 ათასი ლარის ფულადი და ნივთმოგებები და 5 ავტომანქანა. ერთ-ერთ პუნქტად მითითებული იყო ასევე, რომ “200 ბილეთის მფლობელს ეძლევა მოსაწვევი შოუზე დასასწრებად, მოსაწვევი მომგებიანია, ერთი აუცილებლად მოიგებს ავტომანქანა „მიცუბიში პაჯეროს“.

გათამაშება შედგა საჯაროდ, საზოგადოების თანდასწრებით რესტორან „ე-ში“, და იგი დაფიქსირებულ იქნა ვიდეოფირზე. მოსაწვევმა ¹164-მა, რომელიც ეკუთვნოდა თ. ბ-ას მოიგო ავტომანქანა „მიცუბიში პაჯერო“. ავტომანქანის მოგების შესახებ შპს „.......-ის“ დირექტორმა დ. შ-ამ გასცა ცნობა, რომელიც დამოწმებული იქნა საგზაო პოლიციის მიერ და ცნობაში აღინიშნა, რომ გარკვეული მიზეზების გამო მფლობელს ტექპასპორტი არ გააჩნდა. მოგებული ავტომანქანას თ. ბ-ა ფლობდა და სარგებლობდა 4 თვის განმავლობაში. 1997 წლის 15 ივლისს, დ. შ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით თ. ბ-ას ჩამოერთვა ავტომანქანა.

ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998 წლის 3 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილია, რომ დ. შ-ამ მოსახლეობის მოტყუების გზით დიდი ოდენობით გამორჩენის მიღების მიზნით გააყალბა ლატარიის მეორე მხარეზე ჩამოწერილი მოგების პირობები, კერძოდ 5 ა\მანქანის ნაცვლად გათამაშდა ერთი ა\მანქანა.

თ. ბ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ. შ-ასა და მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ა. ლ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილი იქნა შპს „.......-ის“ მიერ 1997 წლის 16 აპრილს მოწყობილი ლატარეის „ს-ი“ გათამაშებაში მოგებული ა\მანქანა „მიცუბიში პაჯეროს“ სახ. ¹...... მესაკუთრედ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 თებერვლის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა სამოქალაქო კოდექსის 952-ე მუხლის საფუძველზე.

ა. ლ-ის წარმომადგენელი ა. კ-ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ განჩინება არ არის დასაბუთებული, ასევე მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საქმის ფაქტორივი გარემოებებით დადგენილია, რომ დ. შ-ას და ა. ლ-ეს შორის შესდგა შეთანხმება, რომლის თანახმად დ. შ-ას ეძლეოდა უფლება გაეთამაშებინა ა. ლ-ის ა\მანქანა ლატარიის ტირაჟში. დ. შ-ას ა. ლ-ისათვის უნდა გადაეხადა ა\მანქანის ღირებულება 9000 ლარი. 3000 ლარი დ. შ-ამ წინასწარ გადაუხადა ა. ლ-ეს, ხოლო 6 000 ლარი კი უნდა გადაეხადა ლატარიის გათამაშების შემდეგ. ა. ლ-ემ, რომ თავისი ა\მანქანა ნებით გადასცა დ. შ-ას ლატარიის ტირაჟში გასათამაშებლად დადგენილია ასევე სისხლის სამართლის საქმის მასალებით და თვითონ ა. ლ-ის ჩვენებითაც. ამდენად პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ა. ლ-ის ნების გარეშე გათამაშდა მისი ა\მანქანა.

სამოქალაქო კოდექსის 952-ე მუხლის შესაბამისად ლატარიის ხელშეკრულება ან მსგავსი თამაშობანი წარმოშობენ ვალდებულებას, თუ ისინი სახელმწიფოს მიერ არის ნებადართული.

დადგენილია, შპს „.......-ის“ მიერ ლატარია “ს-ს“ გათამაშება მოეწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული ლიEენზიის საფუძველზე ე. ი. ლატარია “ს-ი“ სახელმწიფოს მიერ ნებადართული იყო და 952-ე მუხლიდან გამომდინარე შპს “.......-ი“ ვალდებული იყო გადაცეა სადავო ა\მანქანა თ. ბ-ასათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სასამართლომ თ. ბ-ა მართებულად ცნო ა\მანქანა “მიცუბიში პაჯეროს“ მესაკუთრედ.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ლ-ის წარმომადგენელის ა. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 25 თებერვლის განჩინება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.