Facebook Twitter

ბს-456-45-კ-05 5 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: პრივატიზაციის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 8 აპრილს გორის რაიონის გამგეობამ გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველოსა და მესამე პირის _ შპს “მ-ის” მიმართ სარჩელი აღძრა და პრივატიზების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2003წ. 8 ოქტომბერს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველომ ე. ბ-ს საკუთრებაში გადასცა ქ. გორში, ..... მდებარე შპს “მ-ე” (ყოფილი გორის ¹.... ასს) 10312 კვ.მ მიწის (საკუთრების მოწმობა ¹......), რომლის პრივატიზება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით მოხდა, რომლის თანახმად, პრივატიზება ხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით.

მოსარჩელე განმარტავდა, რომ კონკურსის ფორმით ქონების გაყიდვის მიზანია ქონებაზე საკუთრების უფლება მიენიჭოს მყიდველს, რომელიც გამყიდველს ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს. მოცემულ შემთხვევაში კანონი სრულად იქნა უგულებელყოფილი.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1997წ. 20 დეკემბერს გაზეთ “ ...... “ ¹13 ნომერში გამოქვეყნდა განცხადება საავტომობილო სატრანსპორტო დეპარტამენტის ქ. გორის ¹..... სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საამქროს იჯარა გამოსყიდვის უფლებით გადაცემის შესახებ. კონკურსის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 20 იანვარი. 1998წ. 18 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება ქონების მართვის გორის განყოფილებასა და პირველ სამგზავრო ასს შრომით კოლექტივს შორის, რომლის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო, 1998წ. 31 დეკემბრამდე გადაეხადა ობიექტის გამოსასყიდი ღირებულების 51 % და საიჯარო ქირა ქონების ღირებულების არანაკლებ 10 პროცენტისა. მოიჯარემ ვერ შეასრულა ხელშეკრულების პირობები, რის გამოც სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველომ 1999წ. 28 აპრილს გამოსცა ¹47 ბრძანება საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. სამთვიანი ვადის გაგრძელების მიუხედავად, სახელშეკრულებო პირობები მაინც ვერ შესრულდა. 2002წ. 18 ივლისს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველოსა და შპს “მ-ეს” (ყოფილი გორის ¹..... სამგზავრი ასს) შორის დაიდო ახალი საიჯარო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 12 დეკემბრის განჩინების საფუძველზე ე. ბ-ს საკუთრებაში გადაეცა შპს “მ-ე” და 10312 კვ. მ მიწის ფართობი.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულით უხეშად დაირღვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების შესახებ კონკურსის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ერთი თვით ადრე უნდა გამოქვეყნებულიყო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველოსა და შპს “მ-ეს” შორის შპს “მ-ის” ქონებასა (ყოფილი გორის ¹.... სამგზავრო ასს) და 10312 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დადებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით გორის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველოსა და შპს “მ-ეს” შორის 2002წ. 18 ივლისს შპს “მ-ის” ქონებასა (ყოფილი გორის ¹...... სამგზავრო ასს) და 10312 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დადებული საიჯარო ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი 2003წ. 8 ოქტომბრის ¹...... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველოს დაეკისრა შპს “მ-ისთვის” საპრივატიზაციო ობიექტის ღირებულების _ 36636 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “მ-ემ” სააპელაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

აპელანტის განმარტებით, რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეტანილი იყო არასათანადო მოსარჩელის მიერ, ვინაიდან “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების აღრიცხვასა და პრივატიზებას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს გორის სამმართველო წარმოდგენილი იყო, როგორც მოპასუხე, რაც აპელანტმა კანონის უხეშ დარღვევად მიიჩნია.

აპელანტმა არასწორად მიიჩნია სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ გორის ¹..... სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საწარმოს ბაზაზე შექმნილი შპს “ს-ი 2000” წარმოადგენდა მის უფლებამონაცვლეს, რამდენადაც სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველომ 2002წ. 17 ივლისის ¹270 მიმართვით მოითხოვა გორის რაიონულ სასამართლოს გაეუქმებინა 2000წ. 19 ივნისს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული “ს-ი 2000”, რომელსაც არც ერთი დღე უფუნქციონერია.

აპელანტის განმარტებით, შპს “მ-ემ” გორის ყოფილი ¹.... ასს იჯარა გამოსყიდვის წესით პრივატიზების უფლება მოიპოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველოს დაევალა იჯარა გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმება შპს “მ-ესთან”, როგორც ქონების კეთილსინდისიერ მფლობელთან. ამდენად, მოსარჩელის მტკიცება, რომ პრესაში არ ყოფილა გამოქვეყნებული განმეორებითი განცხადება კომერციული კონკურსის მოწყობის შესახებ, რითაც დაირღვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლი და “სახელმწიფო ქონების იჯარა გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მე-3 მუხლი, აპელანტმა უსაფუძვლოდ მიიჩნია.

აპელანტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველოსა და შპს “მ-ეს” შორის პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმებისას დაცულ იქნა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პირობები.

ამასთან, აპელანტმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლოს მტკიცება, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველოს მიერ 2003წ. 8 ოქტომბერს შპს “მ-ეს” მიმართ გაიცა ქ. გორში, ... მდებარე 10312 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული საკუთრების მოწმობა გაცემული იყო ქონებაზე და არა მიწის ნაკვეთზე, ვინაიდან პრივატიზებული ქონება 10312 კვ.მ მიწის ნაკვეთზე იყო დამაგრებული და მოიცავდა სადავო მიწის ნაკვეთს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 10 თებერვლის განჩინებით შპს “მ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველოსა და შპს “მ-ეს” შორის დადებული 2002წ. 18 ივლისის საიჯარო ხელშეკრულება, გაფორმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და “იჯარის შესახებ” კანონის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 27 ნოემბრის განჩინებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველოსა და შპს “მ-ის” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 22 მაისის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე შეწყდა სააპელაციო წარმოება. შესაბამისად, აღდგა გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით გორის ¹..... სამგზავრო ასს ქონების ღირებულება განისაზღვრა 69447 აშშ დოლარით. იმ შემთხვევაში, თუ საიჯარო ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველოსა და შპს “მ-ეს” შორის დადებული იქნებოდა გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 აგვიტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საიჯარო ქონების ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო სწორედ გადაწყვეტილებაში მითითებული თანხით _ 69447 აშშ დოლარით და არა 35036 აშშ დოლარით, წინააღმდეგ შემთხვევაში სადავო ქონების პრივატიზება უნდა მომხდარიყო “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონით დადგენილი წესით, რასაც აღნიშნულ შემთხვევაში არ მომხდარა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სადავო აქტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე, 66-ე, 70-ე მუხლებითა და სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად ცნო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “მ-ემ” იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს “მ-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 10 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველოსა და შპს “მ-ეს” შორის დადებული 2002წ. 18 ივლისის საიჯარო ხელშეკრულება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 27 ნოემბრის განჩინების საფუძველზე უნდა გაფორმებულიყო.

საქმის მასალებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 27 ნოემბრის განჩინებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველოსა და შპს “მ-ის” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 22 მაისის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე შეწყდა სააპელაციო წარმოება. აღდგა გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველოს უფროსს დაევალა შპს “მ-ესთან” იჯარა გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო გორის ¹..... სამგზავრო ასს ქონების ღირებულება განისაზღვრა 69447 აშშ დოლარით, მიწის ნაკვეთზე გადაწყვეტილებაში მითითებული არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია და შპს “მ-ის” წარმომადგენელიც ადასტურებს, რომ სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 27 ნოემბრის განჩინების საფუძველზე გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა დადებულიყო 2002წ. 18 ივლისის სადავო საიჯარო ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით გორის ¹..... სამგზავრო ასს ქონების ღირებულება განისაზღვრა 69447 აშშ დოლარით. ამასთან, გადაწყვეტილებაში 10312 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არაფერი იყო ნათქვამი. იმ შემთხვევაში თუ საიჯარო ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველოსა და შპს “მ-ეს” შორის დადებული იქნებოდა გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საიჯარო ქონების ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო სწორედ გადაწყვეტილებაში მითითებული თანხით _ 69447 აშშ დოლარით მიწის ნაკვეთის გარეშე და არა 35036 აშშ დოლარითა და 10312 კვ. მ მიწის ნაკვეთით. წინააღმდეგ შემთხვევაში სადავო ქონების უნდა პრივატიზირებულიყო “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რასაც აღნიშნულ შემთხვევაში არ მომხდარა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი და, შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “მ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 10 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.