გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/246 2 აგვისტო, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
განიხილა მოსარჩელე ლ. ბ-ისა და მოპასუხე ორგანიზაციის _ ...... ფონდის თავმჯდომარე რ. ფ-ის საკასაციო საჩივრები, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, ლ. ბ-ის სარჩელის გამო ..... ფონდის მიმართ _ ლატარიაში მოგებული ახალი ავტომანქანის მისი ღირებულების _ 12210 ლარის, ინფლაციის გათვალისწინებით, დაკისრების შესახებ და ...... ფონდის შეგებებული სარჩელი ავტომანქანის შენახვის ხარჯების დაკისრების თაობაზე.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბ. ხიმშიაშვილის მოხსენება საკასაციო საჩივართან დაკავშირებით და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1997 წლის აგვისტოში ლ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხე, აფხაზეთის შრომისა და დასაქმების სამინისტროს მიერ ახალი ავტომანქანა „ვოლგის” გადაცემა ან მისი ღირებულების ანაზღაურება, შემდგომში დააზუსტა სარჩელი და შეიEვალა მოპასუხე. საქმეში ჩართულ იქნა აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური დაცვის ფონდი, რომლისგანაც მოითხოვა ლატარეაში მოგებული ახალი ავტომანქანის გადაცემა ან მისი ღირებულების _ 12210 ლარის ანაზღაურება იმ მოტივით, რომ 1997 წლის იანვარში შეიძინა საქველმოქმედო ლატარეა „...... “ ბილეთები, რომლითაცE მოიგო „ავტომანქანა”. რადგან გაზეთში გამოქვეყნებულ გათამაშებული ტირაჟის მოგებათა ცხრილში არ იყო მითითებული ავტომანქანის მარკა და ღირებულება, ტელეფონით დაუკავშირდა ლატარეას ორგანიზატორებს და მიიღო პასუხი, რომ გათამაშდა ავტომანქანა „ვოლგა”, რომელიცE ექსპლოატაციაში იყო და ხანდაზმულობით ერთ წლამდე უნდა ყოფილიყო. შემდგომ გადასცეს 1990 წელს გამოშვებული ავტომანქანა, რომელიცEშეფასებული იყო 4000 ლარად, მაგრამ იმ დროისათვის ეს ავტომანქანა მას ვერ გადაუფორმეს, ვინაიდან იგი აფხაზეთის შრომისა და დასაქმების სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, რის გამოც ავტომანქანა მოპასუხეს უკან დაუბრუნა. ამჟამად, აღნიშნულ ავტომანქანას აძლევენ, მაგრამ მას არ სურს იგი, ვინაიდან ლატარეაში მოგებული აქვს ახალი ავტომანქანა „ვოლგა”, ამასთან, ლატარიის მოგების ფონდში გათვალისწინებული იყო ორი ავტომანქანის ღირებულება, 16000 ლარი, რომლის ნახევარი, როგორცE მას მიაჩნია, სწორედ მის მიერ მოგებული მანქანის ღირებულებაა, რასაც უნდა დაემატოს ლარის ინფლაციით გამოწვეული კურსის სხვაობა.
ეს საქმე არაერთხელ იქნა განხილული საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ. ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კასატორ ლ. ბ-ის სარჩელი და „აფხაზეთის შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან არსებულ ....... ფონდს” კასატორის სასარგებლოდ დაეკისრა 8000 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეს, აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური დაცვის ფონდს, უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელე ლ. ბ-ისათვის ავტომანქანის შენახვის ხარჯების დაკისრებაზე.
მოსარჩელე ლ. ბ-ე საკასაციო საჩივრითY მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით:
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ზ” პუნქტი, ვინაიდან საქმე განიხილა მოსამართლემ, რომელსაც ადრე მიღებული ჰქონდა ამ საქმის განხილვაში მონაწილეობა. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ თანხის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ინფლაცია და ნაცვლად 12210 ლარისა, მოპასუხეს, მის სასარგებლოდ, დააკისრა 8000 ლარი.
მოპასუხე ორგანიზაცია მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ მოტივით, რომ ლატარიის ტირაჟში გათამაშდა ავტომანქანა, რომელიც მათ მიერ შეფასებულია 4000 ლარად. ამიტომ, მოსარჩელეს უფლება აქვს მიიღოს მოგებული პრიზი, რომელიც გათამაშდა. არსად არ ყოფილა მათ მიერ გაცხადებული, თუ რა მარკისა და ღირებულების ავტომანქანა გათამაშდებოდა. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.
ორივე კასატორი მოითხოვს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფლებას მოითხოვს, მოპასუხე კი _ მის უარყოფას და ავტომანქანის შენახვის ხარჯების მოსარჩელეზე დაკისრებას.
პალატამ მოისმინა მხარეთა განმარტებები, გამოიკვლია საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხე აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური დაცვის ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეებს შორის სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს, ლატარიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ურთიერთობები დარეგულირებული იყო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 25 აგვისტოს ¹848 დადგენილებით და „ლატარიისა და სხვა მომგებიანი საპრიზო თამაშობის მოწყობაზე ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 10 აპრილის ¹10 ბრძანებით. საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა მინისტრის აღნიშნული დადგენილებითა და ბრძანებით განსაზღვრულია ლატარიის გათამშების, მისი რელიზაციისა და მომგებიანი ბილეთების ანაზღაურების წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1997 წლის რედაქცია) 1507-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს ლატარიის ტირაჟის გათამაშების დროს მოქმედი სამართლის ნორმებით.
ლატარიის ხელშეკრულება ან მსგავსი თამაშობანი წარმოშობენ ვალდებულებას, თუ ისინი სახელწიფოს მიერ არის ნებადართული. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ორგანიზაციას, აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური დაცვის ფონდს საქართველოს ფინანსთა სამინიდტროს მიერ 1996 წლის 5 მარტს მიეცა ¹123 ლიცენზია (ნებართვა), რომლითაცEუფლება მიეცა მოეწყო მომგებიანი საპრიზო თამაშობები, 1996 წლის 17 ოტომბრამდე. ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად, მოპასუხე ორგანიზაციის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ იქნა ლატარია “......” ჩატარების დებულება, რომელსაც ხელს აწერდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომისა და დასაქმების მინისტრი ზ. ლ-ა და აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური დაცვის ფონდის თავმჯდომარე გ. ფ-ე, ხოლო გათამაშების, ტირაჟის ჩატარების გარანტია გასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ, საგარანტიო წერილის ხელს აწერს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ზ. ე-ა. საქმეში არსებული მასალებით გაურკვეველია, თუ რა კავშირი ჰქონდა საჯარო სამსახურის თანამდებობის პირებს კერძო სამართლის იურიდიულ პირის, მოპასუხე აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური დაცვის ფონდის მიერ გამართულ ლატარიის გათამაშებასთან, რომელიც არის ჩვეულებრივი სათამაშო ბიზნესი და ორიენტირებულია გარკვეული მოგების მიღებაზე. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეზე ლიცენზიის გაცემისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 25 აგვისტოს ¹848-ე დადგენილების მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაცვალა: „შეაჩეროს ან უარყოს ამა თუ იმ ლატარიის ჩატარება თუ იგი იმართება საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტისა და მოსახლეობის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე”, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული ლიცენზიის მიღებისათვის წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ლატარეა „......” მოპასუხე ორგანიზაციის მიერ გათამაშდა აფხაზეთის მოსახლეობის, იძულებით გადაადგილებული პირების საყოფაცხოვრებო, ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით”. ანუ ლატარიის გათამაშება მოხდა სწორედ „მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით”. ამდენად, ფინანსთა სამინისტროს არ ჰქონდა უფლება გაეცა ნებართვა მის ჩატარებაზე. ამავე დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, ლატარიის ან სხვა მსგავსი მომგებიანი საპრიზო თამაშების ჩატარება შეუძლიათ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა საწესდებო ფონდი ან საკუთარი ძირითადი ფონდები და საბრუნავი საშუალებების ღირებულება აღემატება ჩასატარებელი ლატარიის საერთო მოცულობას”. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე ორგანიზაციას _ აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური დაცვის ფონდს ლატარიის გათამაშების ეკონომიკური გაანგარიშებით, რომელიც წარედგინა ფინანსთა სამინისტროს, საერთო ხარჯებში (ლატარიის გათამაშების ორგანიზაციის ხარჯები, მოსაგები ნივთების შესასყიდი თანხა) გათვალისწინებული ჰქონდა 425,000 ლარი, სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკის ცნობით ირკვევა, რომ მოპასუხეს ანგარიშზე სულ ჰქონდა 3823 ლარი და 70 თეთრი, სხვა საბრუნავი საშუალებები მას არ გააჩნდა, ანუ ეკონომიკური შესაძლებლობა იმ მასშტაბის ლატარიის გათამაშებისა, რომელზეც გაიცა ლიცენზია, მოპასუხეს არ გააჩნდა. ამასთან, პალატა თვლის, რომ საჯარო სამართლის ხასიათის აღნიშნული დარღვევები ზეგავლენას ვერ მოახდენს მოცემულ საქმეში მხარეთა შორის წარმოშობილ კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებაზე.
დადგენილია, რომ მოპასუხე ორგანიზაციის მიერ სარეალიზაციოდ გამოშვებულ ლატარეა „...... “ ბილეთებზე მითითებული არ ყოფილა მოსაგები ნივთების სახეობა და ხარისხი. ამდენად, რადგან მოსარჩელე ლ. ბ-ემ შეიძინა ლატარიის ბილეთი ხელშეკრულებით სამართლებრივ ურთიერთობებში შევიდა მოპასუხე ორგანიზაციასთან და ფაქტობრივად, თანხმობა განაცხადა მოგების შემთხვევაში ამ ორგანიზაციის მიერ მოსაგებად გამიზნული ნებისმიერი ნივთის მიღებაზე, რა რაოდენობის, ღირებულებისა და ხარისხის ნივთი აღმოჩნდებოდა პრიზის სახით. ამრიგად, მხარეთა შორის წარმოიშვა სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 165-ე მუხლის (1964 წლის რედაქცია) შესაბამისად მოპასუხე ორგანიზაციამ ვალდებულება აიღო, გაეცა მის მიერ მოგებისათვის გამიზნული და საჯაროდ გამოცხადებული ნივთი ან მისი ღირებულება, ხოლო მოსარჩელე ლ. ბ-ეს წარმოეშვა იმ ნივთის მოთხოვნა, უფლება, რომელიც წილად ხვდა მის ლატარიის ბილეთს.
კასატორ ლ. ბ-ის ლატარეის ბილეთმა სერია 07 ნომერი 005418, მოიგო ავტომანქანა, რომელიცE საჯაროდ იყო მოპასუხე ორგანიზაციის მიერ გაცხადებული საქველმოქმედო ლატარია „......” გათამაშების ცხრილში, და გამოქვეყნდა გაზეთ „..........” 1997 წლის 3-6 თებერვლის მე-9 ნომერში. ავტომანქანის მარკა, გამოშვების წელი და ღირებულება მითითებული არ არის. ეს რეკვიზიტები არც ლატარიის რეალიზაციის დროს, მაშინაცE კი, როცა მოსარჩელე ლ. ბ-ემ შეიძინა ლატარიის ბილეთი, არ ყოფილა საჯაროდ გაცხადებული. რადგან მოსარჩელემ შეიძინა რა ლატარის ბილეთი გამოხატა თავისი ნება და თანხმობა განაცხადა ლატარიის გათამაშების ორგანიზატორის მიერ საპრიზოდ გამოცხადებულ ნებისმიერ და არა რაიმე კონკრეტული ხარისხის, მოდელისა და ღირებულების ნივთს პრიზის სახით მიღებაზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ახალი ავტომანქანა „ვოლგის” ღირებულების, ინფლაციის გათვალისწინებით 12210 ლარის, გადახდევინებაზე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მას ტელეფონით და შემდეგ აფხაზეთის შრომისა და დასაქმების სამინიტროს პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა ზეპირად უთხრეს, რომ მოგებული ჰქონდა ახალი ავტომანქანა „ვოლგა” და ამიტომ მოპასუხე ორგანიზაცია ვალდებულია, გასცეს ახალი ავტომანქანა. საქმეში არსებული მასალებით არ დადასტურდება, რომ მოპასუხე ორგანიზაციის მიერ ლატარიის ბილეთების რეალიცაზიის პერიოდში და მოგების გათამაშების დროს საჯაროდ გაცხადებული იყო, რომ პრიზის სახით გათამაშდებოდა ან გათამაშდა ახალი ავტომანქანა „ვოლგა”. ასეთი ვალდებულება მოპასუხეს არ აუღია. ტირაჟში ახალი ავტომანქანა არ გათამაშებულა.
ასევე, ვერ იქნება გაზიარებული კასატორ ლ. ბ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას მოგებული ავტომანქანის ღირებულება უნდა მიეცეს 1997 წლიდან დღემდე ფულის, ლარის, ინფლაციის გათვალისწინებით. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 25 აგვისტოს ¹ 848 დადგენილებით დამტკიცებული „საქარათველოს რესპუბლიკაში ლატარიისა და სხვა მსგავსი მომგებიანი საპრიზო თამაშებების ჩატარების ზოგადი წესების” მე-3 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის თანახმად, ლატარიის და სხვა მსგავსი მომგებიანი საპრიზო თამაშებში გასათამაშებლად გათვალისწინებულ ნივთებზე ფასების გაზრდის ან შემცირების პირობებში ნივთები ან მათი ღირებულება ჩამტარებელი ორგანიზაციის მიერ გაიცემა მოქალაქეებზე გათამაშების პერიოდში მოქმედ ფასებში.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ლატარია „......” საპრიზო ფონდში გათვალისწინებული იყო ერთი ავტომანქანა „ვოლგა”, რომელიც გამოშვებულია 1990 წელს და რომლის ნარჩენი ღირებულებაც, ცვეთის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლოს ექსპერტიზის კვლევითი ცენტრის მიერ შეფასებულია 1728 ლარად. ლატარიის საპრიზო ფონდში ამ ავტომანქანის ღირებულება 4000 ლარია. მოპასუხე ორგანიზაცია თანახმაა, მოსარჩელეს მისEეს მის მიერ მოგებული ავტომანქანა „ვოლგა” ან მის სანაცვლოდ 4000 ლარი. ამდენად, მოპასუხე ორგანიზაცია აღებული ვალდებულების შესრულებაზე უარს არ ამბობს და ვალდებულების ამ ფარგლებში, დღეისათვის დავა არ არის. ამიტომაც საკასაციო პალატა ვალდებულების ამ ნაწილში გადაწყვეტილებას არ ღებულობს იმდენად, რამდენადაც მოპასუხე მას ნებაყოფლობით ასრულებს.
რაც შეეხება მოსარჩელე ლ. ბ-ის მოთხოვნას სარჩელში მოპასუხეზე ინფლაციის გათვალისწინებით ახალი ავტომანქნა „ვოლგის” ღირებულების _ 12210 ლარის დაკისრებაზე, უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღნიშნა, ლატარიის ხელშეკრულების პირობებით ასეთი ვალდებულება მოპასუხე ორგანიზაციას არ აუღია და მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევას ადგილი არ აქვს.
პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ სააპელაციო პალატის მოსამართლე მ. ჭ-ას უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო მოცემული საქმის განხილვაში იმ საფუძვლით, რომ იგი ადრე მონაწილეობდა სააპელაციო სასამართლოში ამავე საქმეზე საჩივრის განხილვაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად, მოსამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობა დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ იგი ამავე საქმის განხილვაში მონაწილეობდა სხვა დონის (ინსტანციის) სასამართლოში. ერთი და იმავე ინსტანEიის სასამართლოში საქმის განხილვაში განმეორებით მონაწილეობა არ გამოიწვევს მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილებას.
პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს მოპასუხე ორგანიზაციის აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური დაცვის ფონდის დირექტორის ფოფხაძის მოსაზრებას, რომ მოსარჩელე ლ. ბ-ეს უნდა გადახდეს მის მიერ ლატარეაში მოგებული “პრიზის” ავტომანქანა „ვოლგის” შენახვის ხარჯები იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვა მის მიღებაზე. მოსარჩელეს სადავოდ მიაჩნდა მასზე შეთავაზებული პრიზის ხარისხი და ღირებულება ამიტომ იგი მოითხოვდა სხვა ავტომანქანას. მას, ავტომანქანის შენახვის ხარჯებთან დაკავშირებით, რაიმე ვალდებულება არ აუღია და ბუნებრივია, არE დაურღვევია. ამიტომ მოპასუხეს შეგებებულ სარჩელზე უარი უნდა ეთქვას.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მოსარჩელე ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოპასუხე ........... ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება მოპასუხე ორგანიზაცია _ ...... ფონდისათვის მოსარჩელე ლ. ბ-ის სასარგებლოდ 8000 (რვა ათასი) ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს, ხოლო დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელი.
ლ. ბ-ის სარჩელს ....... ფონდისათვის ახალი ავტომანქანა „ვოლგის” ღირებულების, ინფლაციის გათვალისწინებით _ 12210 ლარის, დაკისრების თაობაზე, უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.