Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ/293 4 აგვისტო, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. წიქვაძე

მოსამართლეები: დ. ხელაია, რ. ნადირიანი

განიხილა სსკბ „კ-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ს. გ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე სსკბ „კ-ის“ მიმართ თანხის დაბრუნების შესახებ პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1992 წლის 31 მარტს მოსარჩელე ს. გ-სა და მოპასუხზე სს კომერციული ბანკ „კ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ს. გ-მა სს კბ „კ-ს“ სესხად მისცა 30000 (ოცდაათი ათასი) მანეთი. ხელშეკრულების თანახმად, თუ კრედიტორი 6 თვეზე ადრე მოითხოვდა სესხის დაბრუნებას, კარგავდა სარგებლის მიღების უფლებას, ხოლო თუ ძირითად თანხას მოითხოვდა ერთი წლის და მეტი ხნის შემდეგ მიიღებდა წლიურ 15% სარგებელს. ბანკი იღებდა ვალდებულებას დაებრუნებინა სესხი სარგებელთან ერთად მოთხოვნიდან სამი დღის განმავლობაში.

1999 წლის 16 ივნისს ს. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სსკბ „კ-ის“ მიმართ და მოითხოვა ინფლაციის გათვალისწინებით სესხის დაბრუნება 4405 ლარის ოდენობით, ასევე მოითხოვა სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტი, რაც 7 წლის განმავლობაში შეადგენდა 4625 ლარს. სულ მოითხოვა 9030 ლარის გადასახდელად დაკისრება მოპასუხისათვის.

სსკბ „კ-მა“ სარჩელი არ ცნო.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს. გ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა 1993 წლის 24 ივლისის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და ეროვნული ბანკის ¹575 დადგენილებით და 1995 წლის 21 სექტემბრის მინისტრთა კაბინეტის ¹581 დადგენილებით, რომლის მიხედვითაE საბანკო დაწესებულებებში იურიდიულ და ფიზიკური პირების ანგარიშზე არსებული ნაშთები გადაყვანილ იქნა მანეთიდან კუპონზე შეფარდებით 1:1, ხოლო შემდეგ კუპონიდან ლარზე, შეფარდებით 1 მილიონი კუპრონი 1 ლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სსკბ „კ-ს“ დაეკისრა ს. გ-ის სასარგებლოდ 2000 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ანაბრის ინდექსაციას და ზიანის ანაზღაურებას ეროვნული ვალუტის შემოღების შემთხვევაში, მაგრამ მხარეებს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლიდან გამომდინარე ხელშეკრულება უნდა მიესადაგებინათ შეცვლილი გარემოებებისადმი. შეცვლილ გარემოებებად სასამართლომ მიიჩნია 1993 წლის 24 მარტის საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, 1993 წლის 24 ივლისის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და ეროვნული ბანკის ¹575 დადგენილება საგადამხდელო საშუალებად კუპონის შემოღების შესახებ და 1995 წლის 21 სექტემბრის მინისტრთა კაბინეტის ¹581 დადგენილება ეროვნული ვალუტის-ლარის გამოშვების შესახებ.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან არ ერთ მხარეს არ მოუთხოვია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი ადგილი აქვს შერეულ პასუხისმგებლობას და სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის გამოყენებით სსკბ „კ-ს“ დააკისრა 2000 ლარის გადახდა.

სსკბ „კ-ი“ საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა 398-ე და 415-ე მუხლები.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. მხარეებს შორის სესხის დაბრუნებაზე ვადა არ განსაზღვრულა. სასამართლო ამავე დროს მიუთითებს, რომ ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ანაბრის ინდექსაციას და სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე შეცვლილ გარემოებებად მიუთითებს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის იმ დადგენილებებზე, რომლებიც ვრცელდებოდა საბანკო დაწესებულებებში შეტანილ ანაბრებზე.

პალატა თვლის, რომ სასამართლომ გააიგივა ერთმანეთში სესხის ხელშეკრულება და ანაბარი, ამდენად, არ გამოიყენა კანონი, რომელიცE უნდა გამოეყენებინა.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს როდის წარმოიშვა სსკბ „კ-ის“ ვალდებულება სესხის დაბრუნებაზე და მხარეთა შორის დავა გადაწყვიტოს სწორი სამართლებრივი შეფასებით.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება ამ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.