Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ\305 14 ივლისი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. წიქვაძე

მოსამართლეები: რ. ნადირიანი \მომხსენებელი\, მ. გოგიშვილი

განიხილა თ. კ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 7 აპრილის განჩინებაზე. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე თ. კ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე ლ. კ-ის მიმართ ეზოს გაყოფის შესახებ, გაუქმდა ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება. ლ. კ-ეს თ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის გადახდა ვალდებულების წარმოშობის დროისათვის არსებული კურსით.

თ. კ-ემ 2000 წლის 14 თებერვალს განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების განმარტება. კერძოდ, მოითხოვა, რომ პირდაპირ იქნეს მითითებული ლ. კ-ისათვის გადასახდელი დასაკისრებელი თანხის ოდენობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 7 აპრილის განჩინებით განმარტა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 1999 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ თ. კ-ის სასარგებლოდ ე. კ-ის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 2000 \ორი ათასი\ ლარს.

თ. კ-ე კერძო საჩივრით მოითხოვს 2000 წლის 7 აპრილის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი.

სააპელაციო სასამართლომ 2000 წლის 24 აპრილის განჩინებით თ. კ-ეს უარი უთხრა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები მოისმინა მხარეების ახსნა-განმარტებანი, თვლის, რომ თ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი) ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.

მითითებული კანონიდან გამომდინარე ფულის ერთეულის გაზრდა ან შემცირება გულისხმობს ფულის რეფორმას, რაც ფულის სისტემის განმტკიცებისათვის გატარებული სახელმწიფო საკანონმდებლო აქტია, რომლის შედეგად ქვეყანაში ფულის მოქმედი სისტემიდან სხვა სისტემაზე გადასვლა ხდება. ამ დროს მიმოქცევიდან ამოიღება გაუფასურებული ფული და მის ადგილს იკავებს ახალი ფული, იცვლება ფულის ერთეული, ან მისი ოქროს შემცველობა, რის შემდეგ დგინდება ფულადი ერთეულის, ფულის ნიშნის ფორმა და ეროვნული ვალუტის კურსი. ფულის კურსი კი ნიშნავს ერთი ქვეყნის ფულის ერთეულის ღირებულებას გამოხატულს სხვა ქვეყნის ფულის ერთეულით. ვალუტის შეცვლა გულისხმობს ქვეყანაში არსებული ფულის ნიშნის შეცვლას.

1998 წლიდან საქართველოში არ შეცვლილა და არ გაზრდილა ფულის ერთეული, არEვალუტა შეცვლილა. ე. ი. 389-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს ადგილი არა ჰქონია.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის ამ საქმეზე მიღებული 2000 წლის 7 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.