Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ/311 12 ივლისი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე

განიხილა შპს „ქ-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ შპს „ტ-ის“ სარჩელის გამო მოპასუხე შპს „ქ-ის“ მიმართ დავალიანების დაფარვის შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1997 წლის 30 ივნისს შპს „ტ-სა“ და შპს „ქ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადა შპს “ტ-მა“ აიღო ვალდებულება საკომუნიკაციო და გადაცემების სისტემების საშუალებით 24 საათის განმავლობაში განეხორციელებინა შპს „ქ-ის“ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მომსახურების მოთხოვნათა უზრუნველყოფა. ხელშეკრულების შესაბამისად ამ მომსახურებისათვის შპს „ქ-ი“ ვალდებული იყო დროულად მოეხდინა ანგარიშსწორება შპს „ტ-თან“. მითითებული ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 1998 წლის 31 დეკემბერს. ვინაიდან შპს „ქ-მა“ ხელშეკრულების შესაბამისად მომსახურების თანხები არ გადაიხადა, შპს „ტ-მა“ 1999 წლის 10 მარტს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შესრულებული მომსახურების ღორებულების 1017189 ლარის გადახდა.

საქმის მოსამზადებელ სხდომაზე _ 1999 წლის 15 ივლისს შპს „ტ-მა“ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისაგან 1999 წლის ივლისის ჩათვლით 1470820 ლარის გადახდა. 1999 წლის 26 ივლისს საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და შპს „ქ-ს“ გადასახდელად დააკისრა 1005256 ლარი და 39 თეთრი.

მხარეთა საკასაციო საჩივრების საფუძველზე საქმე 1999 წლის 24 ნოემბერს განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, გააუქმა 1999 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე კოლეგიას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ სარჩელის ფასი შეამცირა და მოპასუხისაგან მოითხოვა 1401694 ლარის და 39 თეთრის, ასევე სასამართლო ხარჯების 50859 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.

2000 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით საოლქო სასამართლომ შპს „ტ-ის“ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და შპს „ქ-ს“ დააკისრა 1295470 ლარი და 34 თეთრი. მასვე დააკისრა სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.

კოლეგიამ თავისი გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის 1997 წლის 30 ივლისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ტ-ი“ მომსახურებას უწევდა შპს „ქ-ს“. ამ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 1998 წლის 31 დეკემბერს და მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1113349 ლარი, რაც მხარეებს შორის დავას არ იწვევს. მიუხედავად ხელშეკრულების ვადის ამოწურვისა შპს „ქ-სა“ და შპს “ტ-ს“ შორის ურთიერთობები ვადაგასული ხელშეკრულების შესაბამისად მაინც ხორციელდებოდა, ხოლო 1999 წლის 2 მარტიდან „ქ-ის“ ოფიციალური წერილობითი თხოვნის საფუძველზე ამ ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 1999 წლის 1 მაისამდე. შპს „ტ-ის“ მიერ გაგზავნილი ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა შორის იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ პერიოდში გაწეული მომსახურების ამსახველი ანგარიშ-ფაქტურებიც, შპს „ქ-მა“ წარადგინა საგადასახადო ინსპექციაში, გარდა 106224 ლარის და 05 თეთრის ღირებულების მომსახურებისა, რითაც დანარჩენ მომსახურებაზე მიიღო შესრულება და აღიარა მისი გადახდის ვალდებულება. გაწეული მომსახურების საფასურად შპს „ქ-მა“ სულ გადაიხადა 243509 ლარი, რაც საოლქო სასამართლომ დავალიანების დაფარვაში ჩათვალა და შესრულებულად მიუღებელი 106224 ლარის გამოკლებით, სულ გადასახდელად დარჩენილი მომსახურების თანხები 1295470 ლარი და 34 თეთრი დააკისრა გადასახდელად მოპასუხეს.

2000 წლის 21 აპრილს შპს „ქ-მა“ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაE მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების შეცვლა და მათთვის გადასახდელად 597440 ლარის დაკისრება შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით:

მან სარჩელი ცნო 580000 ლარის ფარგლებში, საოლქო სასამართლომ კი არ შეაფასა მისი განმარტება, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნა;

საოლქო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ შპს „ტ-ს“ გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს ბაზარზე (იგი ფლობს ბაზრის 80% და მონოპოლისტი საწარმოა), „ტ-მა“ მისი თხოვნა, დაედო მასთან ხელშეკრულება 2 მეგაბიტიანი ხაზების მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, არ დააკმაყოფილა და მის მიერ წარმოდგენილი 2 მეგაბიტიანი ხაზების მომსახურების ხარჯები, 515909 ლარი, არ გაუქვითა დანარჩენ დავალიანებაში;

1997 წლის 30 ივნისის ხელშეკრულების 2.1 მუხლის შესაბამისად მან ქსელების მოდერნიზაციისა და განახლებისათვის შეიძინა რა ახალი აპარატურა და ჩაატარა სამონტაჟო სამუშაოები, „ტ-მა“ ამ ღირებულების ნახევარიE კი არ გადაუხადა და დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 932-ე მუხლის მოთხოვნები, რითაც მას წარმოეშვა სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება _ უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, ანუ „ტ-ის“ მიერ ამ თანხების გადახდამდე; შპს „ქ-ს“, ასევე მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 325-ე და 422-ე მუხლის მოთხოვნები ვალდებულებათა გაქვითვის შესახებ.

პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ საჩივარი უსაფუძვლოა, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მცდარია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს საოლქო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნა, როცა არ იმსჯელა და სათანადო შეფასება არ მისცა მის განმარტებას სარჩელის 580000 ლარის ოდენობით ცნობის შესახებ.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო არა 580000 ლარის ფარგლებში, არამედ _ 597440 ლარის ფარგლებში, რაც სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე არ გაიზიარა და სარჩელი დააკმაყოფილა 1295470 ლარის და 34 თეთრის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ იურიდიულად დაასაბუთა და მის მხრივ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ასევე მცდარია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს საოლქო სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მოთხოვნები, როცა 2 მეგაბიტიან ხაზებზე შემომავალ ზარებზე მომსახურებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება არ გააფორმა მასთან და დავალიანების თანხას არ გამოაკლო ამ ხაზების მომსახურების თანხები 515909 ლარის ოდენობით.

მითითებული თანხის მოპასუხის სასარგებლოდ დავალიანების საერთო თანხიდან გამოკლებაზე უარის თქმა საოლქო სასამართლოს სრულყოფილად აქვს გადაწყვეტილებაში დასაბუთებული. საოლქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაყენებული საკითხი არ წარმოადგენდა სარჩელში დასმულ საკითხებზე მოპასუხის შესაგებელს და ფაქტიურად იგი წარმოადგენდა შეგებებულ სარჩელს, რომელიც შემოტანილი იყო სათანადო ფორმის დაცვის გარეშე, რითაც დარღვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, ასევე, 178-ე და 179-ე მუხლების მოთხოვნები. ამან, თავისთავად შესაძლებლობა მოუსპო სასამართლოს მოეხდინა ამ ნაწილში მოთხოვნის გაქვითვა.

ასევე მცდარია კასატორის მოსაზრება, იმის შესახებ, რომ თითქოს ხელშეკრულების 2.1 მუხლის შესაბამისად ქსელის მოდერნიზაციისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ნახევრის „ტ-ის“ მიერ გადაუხდელობის გამო მას წარმოეშვა უფლება უარი თქვას შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, ანუ „ტ-ის“ მიერ ამ თანხის გადახდამდე. დადგენილია, რომ მან თავდაპირველი მოთხოვნა ქსელის მოდერნიზაციით გაწეული ხარჯების ნახევრის გადასახდელად დაკისრების შესახებ, საოლქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეცვალა და ამ ხარჯების წილობრივი ანაზღაურების ნაცვლად მოითხოვა, რომ მოსარჩელეს დაკისრებოდა ამ აპარატურით გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, რაც ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული. საოლქო სასამართლომ შპს „ქ-ის“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმიტომ, რომ იგი წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობების შეცვლას და ასეთი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად Eალმხრივად დაუშვებელი იყო.

კასატორის მოთხოვნა „საპასუხო შესრულებამდე ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ“ საოლქო სასამართლოს სხდომაზე მის მიერ არ დასმულა და ცხადია, ამ საკითხზე სასამართლოს მსჯელობა არ ჰქონია. როცა მან საოლქო სასამართლოს სხდომაზე უარი განაცხადა ქსელების მოდერნიზაციაზე გაწეული ხარჯების ნაწილის მოსარჩელის მხრივ ანაზღაურებაზე (ხელშეკრულების 2.1 და 2.2 მუხლი ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარეს აკისრებს ქსელის მოდერნიზაციისათვის წილობრივი სამუშაოების შესრულებას) და მოითხოვა მოდერნიზებული ქსელების ექსპლუატაციის ხარჯების გადახდა, ხადია სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგანაც ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეები ამ პირობებზე შეთანხმებულნი არ ყოფილან. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სასამართლო სხდომაზე მოითხოვდა ხელშეკრულების შესაბამისად ქსელის მოდერნიზაციაზე გაწეული ხარჯების ნახევრის მოსარჩელისათვის დაკისრებას, სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად შეეძლო მოეხდინა გაქვითვა. მოპასუხის სხვა მოთხოვნის გაქვითვა სააპელაციო სასამართლოს არ შეეძლო, რადგანაც ასეთი ვალდებულებიდან არ გამომდინარეობდა. საოლქო სასამართლოს თავისი ინიციატივით არ შეეძლო შპს „ტ-ისთვის“ გადასახდელად დაეკისრებინა ქსელების მოდერნიზაციაზე გაწეული ხარჯების ნახევრის ანაზღაურება, რადგანაც ასეთს მხარე სასამართლო პროცესზე არ მოითხოვდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს უფლება არ ჰქონდა მხარისათვის მიეკუთვნებინა ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მართალია, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, მაშინ საქმიანობის ამ სფეროში მას ეკისრება ხელშეკრულების დადების ვალდებულება და მას არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულების დადება მხარეთა ნებაზეE არ იყოს დამოკიდებული. მხარეს ხელშეკრულების დადება ევალება ყველა პირთან, რომელიც ამას მოისურვებს, მაგრამ ხელშეკრულების დადების მოვალეობა იმას არ ნიშნავს, რომ იგი ვალდებულია დადოს მისი ინტერესებისათვის საზიანო ხელშეკრულება (მოითხოვოს იმაზე ნაკლების გადახდა, რასაც სხვებისაგან ითხოვს).

კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შპს „ტ-ი“ მონოპოლიურ საქმიანობას ეწევა, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით შპს „ტ-ის“ საქმიანობა მონოპოლიურ საქმიანობად საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურს არ შეუფასებია.

პალატას მიაჩნია, რომ შპს „ქ-ის“ მიერ შპს „ტ-ის“ მიმართ წამოყენებული პრეტენზია 2 მეგაბიტიანი ხაზებით მომსახურებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე, ამ ხაზებით სარგებლობის ღირებულების 515909 ლარის შპს „ტ-ის“ მიერ გადახდის შესახებ, სხვა დავის საგანს წარმოადგენს და იგი შეიძლება განხილულ იქნეს ამ საქმისაგან დამოუკიდებლად.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ქ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.