Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ/364 21 ივლისი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. წიქვაძე

მოსამართლეები: მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

განიხილა ს. ა-ის და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ც. ბ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე გ. ბ-თან და ს. ა-თან ღვინის საამქროს აღების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გურჯაანის რაიონის სასამართლომ 1997 წ. 3 დეკემბერს რეგისტრაციაში გაატარა ინდივიდუალური საწარმო „ს. ა-ი“. საწარმოს საქმიანობის საგანია ალკოჰოლური სასმელის ჩამოსხმა-რეალიზაცია. 1998 წელს სოფელ ......-ში გ. ბ-ის მიწის ნაკვეთზე ს. ა-მა და გ. ბ-მა ააშენეს ღვინის ჩამომსხმელი საამქრო. საამქრო აშენდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროს მიერ პროექტის შედგენის შემდეგ. საწარმო აღრიცხვაზე დადგა საგადასახადო ინსპექციაში, საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა სერთიფიკატი, ასევე, გაიცა „სამტრესტიდან“ ლიცენზია ღვინის ჩამოსხმაზე.

გ. ა-ის მეზობლად მცხოვრებმა ც. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა საამქროს აღება იმ საფუძვლით, რომ დაცული არ არის ჰიგიენური პირობები და ირღვევა მეზობლების მყუდროება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო მოპასუხეებს კი აეკრძალათ საამქროში საველე პომპის გამოყენება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ც. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ინდივიდუალურ საწარმო „ს. ა-ს“ დაცვალა შეეწყვიტა ღვინის ჩამოსასხმელი საამქროს საქმიანობა.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 175-ე მუხლები და მიუთითა, რომ ღვინის საამქროს ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაური არსებითად ხელყოფს ც. ბ-ის უფლებებს. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის მიერ 1991 წელს გამოცემული “ქალაქთმშენებლობის _ ქალაქისა და სოფლის დასახლების დაგეგმარება და განაშენიანება” მე-3.5 თავში მითითებულია, რომ სამრეწველო საწარმოების განთავსება სამოსახლო ტერიტორიაზე დასაშვებია, თუ სამრეწველო საწარმოს მოედნის საზღვრიდან საცხოვრებელ შენობამდე მანძილი შეადგენს 50 მეტრს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სადავო საამქრო განთავსებულია მოსარჩელის სახლიდან 13,15 მეტრში, დარღვეულია მითითებული წესის მოთხოვნები.

ს. ა-ი და გ. ბ-ი საკასაციო საჩივრით მოითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ხმაურის დასაშვებობა ვარაუდებზე დააფუძნა.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა განმარტებანი და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება მოცემულ საქმეზე იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

გარემოს დაცვითი ნებართვისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ღვინის ჩამოსასხმელი საამქროს ეზოში საველე პომპის მუშაობის დროს ადგილი აქვს ხმაურის დონეების გადაჭარბებას. საამქროში ჩვეულებრივი ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულების დროს წარმოქმნილი ხმაური კი არ აჭარბებს დასაშვებ სიდიდეებს. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნას თან ერთვის რეკომენდაციები, რომელთა განხორციელების შემდეგ შესაძლებელი იქნება საწარმოს ფუნქციონირება.

სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი მოპასუხეების მიერ გატარდა თუ არა რაიმე ღონისძიება ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების განსახორციელებლად და დადებით შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა თუ არა საამქროს ფუნქციონირება.

სააპელაციო სასამართლოს არ მოუხდენია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 1999 წლის 5 თებერვლის ¹2 წერილის გამოკვლევა. არ დაუდგენია წერილში მითითებული „საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის მიერ 1991 წელს გამოცემული „ქალაქთმშენებლობა“ თავი 3.5“, რომლის მეშვეობითაE განსაზღვრავს იგი სამრეწველო ობიექტის საცხოვრებელი სახლიდან მოშორების ზღვრულ ფარგლებს, რა დოკუმენტია: დადგენილებაა, სამეცნიერო ნაშრომია თუ ნორმატიული აქტი.

სასამართლოს არ დაუდგენია მითითებულ წერილში აღნიშნული სამრეწველო ობიექტის განლაგების ფარგლები იმ სამრეწველო საწარმოებისთვისაა დადგენილი, რომლებიც 1991 წლამდე ფუნქციონირებდა, თუ იგი ისეთ საამქროებზეE ვრცელდება, როგორიცაა კონკრეტულ შემთხვევაში ს. ა-ის საამქრო.

ზემოთ მითითებული მომართვა 1999 წლის 5 თებერვალსაა შედგენილი და შეიცავს ვარაუდებს და საკითხთა გარკვევის მიზნით რეკომენდაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ სათანადო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. ამ მომართვის შემდეგ, 1999 წლის 23 ივნისს ჩატარებულია სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა საამქროს პროექტზე, ხოლო 1999 წლის 11 ოქტომბერს საამქროში არსებულ აკუსტიკაზე. ამ დასკვნებში არაფერია ნათქვამი სამრეწველო საამქროს საცხოვრებელი სახლიდან 50 მეტრის მანძილის დაცილების აუცილებლობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია გარემოებები იმის შესახებ, მოცემული საამქროს ფუნქციონირება დასკვნაში მითითებული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ მაინც დაუშვებელი იქნება თუ არა იმ მიზეზით, რომ იგი საცხოვრებელ სახლთან განლაგებულია 50 მეტრზე ახლოს. მითითებული საკითხის გარკვევის გარეშე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება საამქროს აღების შესახებ იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება ამ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.