Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹3კ\367 26 ივლისი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი

მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. ცისკაძე

განიხილა ლ. და მ. ს-ების საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ლ. ს-ის სარჩელის გამო მ. ს-ის მიმართ, ბინიდან გამოსახლების შესახებ; მ. ს-ის შეგებებული სარჩელის გამო ლ. ს-ის მიმართ, ბინების პრივატიზაციის გაუქმების, ამ ბინებზე უფლებადაკარგულად და უფლებამოპოვებულად ცნობის შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ლ. ს-ი 1974 წელს პოლონეთის ქ. პოზნანში ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ი. ს-თან. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ სამი შვილი _ რ., თ. და გ. ს-ები.

ქ. თბილისში გადმოსვლის შემდგომ მეუღლეებმა დაიაწყეს ცხოვრება ...... ქ. ¹55-ში მდებარე ¹9 ერთოთახიან ბინაში. მათთან ერთად ამ ბინაში ჩაწერილი იყვნენ და ცხოვრობდნენ ი. ს-ის მშობლები: გი. და ე. ს-ები და მ. ს-ი.

ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაისაბჭოს აღმოსკომის 1978 წლის 4 იანვრის ¹ 1.28.28 გადაწყვეტილებით გი., ე. და მ. ს-ებს გამოეყოთ ...... , მე-3 მიკრორაიონის, მე-5 კვარტალი ¹5ბ კორპუსის მე-9 სართულზე 30,5 კვ. მეტრი ფართის ოროთახიანი ბინა. გი., ე. და მ. ს-ები ბინის ორდერის საფუძველზე, მართალია ჩაეწერნენ, აღნიშნულ მისამართზე, მაგრამ განაგრძეს ერთოთახიან ბინაში ცხოვრება. ოროთახიან ბინაში საცხოვრებლად გადავიდა ი. და ლ. ს-ების ოჯახი.

1992 წელს მითითებული ერთოთახიანი ბინა პრივატიზებულ იქნა ი. ს-ის სახელზე, ხოლო ოროთახიანი ბინა _ მ. ს-ზე.

1998 წლის 16 ივლისს ი. ს-ი გარდაიცვალა.

1998 წლის ოქტომბერში ლ. ს-მა აღძრა სარჩელი გარდაცვლილი მეუღლის სახელზე რიცხული ერთოთახიანი ბინიდან მ. ს-ის გამოსახლების შესახებ.

შეგებებული სარჩელით მ. ს-მა მოითხოვა აღნიშნულ ერთოთახიან და ოროთახიან ბინებზე გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება; ოროთახიან ბინის ფართზე მისი უფლებადაკარგულად, ხოლო ერთოთახიან ბინაზე უფლებამოპოვებულად მისი ცნობა; ოჯახის წევრებთან ერთად ლ. ს-ის სადავო ერთოთახიან ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობა და ოროთახიანი ბინის ფართზე მათი უფლების აღიარება.

დავა არაერთხელ იყო სასამართლოთა განხილვის საგანი.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ძირითადი სარჩელი _ მოპასუხე მ. ს-ი გამოასახლა ქ. თბილისში ...... ქ. ¹55-ში მდებარე ¹9 ერთოთახიანი ბინიდან, ბინის მესაკუთრედ ცნო ლ. ს-ი და ეს უკანასკნელი შვილებთან ერთად შეასახლა აღნიშნულ ბინაში. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა მ. ს-ზე რიცხული ოროთახიანი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 აპრილის გადაწყვღეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე სამ შვილთან ერთად შესახლებულ იქნა სადავო ერთოთახიანი ბინის ნახევარში, საიდანაც გამოსახლდა მ. ს-ი. ამ ბინის ნახევრის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ლ. ს-ი, ხოლო მეორე ნახევრის მესაკუთრედ _ მ. ს-ი. უარი ეთქვა მ. ს-ის შეგებებულ სარჩელს აღნიშნული ბინების პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში.

საკასაციო საჩივრით ლ. ს-ი სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მ. ს-ი ერთოთახიანი ბინის ნახევარ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობილ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე და 382-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით.

მ. ს-მა საკასაციო საჩივრით გადაწყვეტილების გაუქმება და სადავო ერთოთახიანი ბინის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა იმ მოტივით, რომ ბინის პრივატიზების შესახებ შეიტყო 1998 წლის დეკემბერში, მის მიერ არ ყოფილა გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 75-ე მუხლი.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, შემდგომ გარემოებათა გამო:

ერთოთახიანი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება დაიდო 1992 წლის 1 დეკემბერს. იმ დროისათვის ი. ს-თან ერთად ბინაში ჩაწერილი იყვნენ მეუღლე ლ. ს-ი, შვილები: რ., თ. და გ. ს-ები, რომლებმაცE „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შესაბამისად მოიპოვეს ამ ბინაზე საკუთრების უფლება.

მითითებული დადგენილების მიხედვით ბინის პრივატიზებაზე არ იყო საჭირო მ. ს-ის თანხმობა. ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში ლ. ს-ის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობდა მ. ს-ის სახელზე რიცხულ ოროთახიან ბინაში, ხოლო ეს უკანასკნელი _ ერთოთახიან ბინაში, არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, რადგან ბინების გაცვლა კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა გაფორმებული.

მ. ს-ი ერთოთახიან ბინაზე პრეტენზიას აცხადებდა არა როგორც მემკვიდრე, არამედ იმ საფუძვლით, რომ ი. ს-თან ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება არაკანონიერად იყო დადებული. სააპელაციო პალატამ ერთოთახიანი ბინის 1\2 ნაწილი მიაკუთვნა, როგორც ი. ს-ის მეორე რიგის მემკვიდრეს.

დავის ამგვარად გადაწყვეტის შედეგად დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად სააპელაციო ინსტანციის სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

აწ გარდაცვლილ ი. ს-სა და მ. ს-ის შორის დადებული თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე მონათხოვრე მ. ს-ს ერთოთახიანი ბინა გადაცემული ჰქონდა დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის, გამნათხოვრებელ ი. ს-ის უფლებამონაცვლე _ ლ. ს-მა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 621-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მოითხოვა ქონების დაბრუნება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. მ. ს-ი გამოსახლებული უნდა იქნეს სადავო ერთოთახიანი ბინიდან და ამ ბინაში შესახელდეს ლ. ს-ი შვილებთან ერთად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 410-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება. ი. ს-ის სახელზე რიცხულ ერთოთახიან ბინის 1\2 ნაწილზე მ. ს-ის მესაკუთრედ ცნობის და გამოსახლებაზე უარის თქმის ნაწილში.

3. დაკმაყოფილდეს ლ. ს-ის ძირითადი სარჩელი. ქ. თბილისში ...... ქ. ¹55-ში მდებარე ¹9 ერთოთახიან ბინიდან გამოსახლებლი იქნეს მ. ს-ი და ბინაში შესახლდეს ლ. ს-ი შვილებთან ერთად.

4. არ დაკმაყოფილდეს მ. ს-ის საკასაციო საჩივარი.

5. არ დაკმაყოფილდეს მ. ს-ის შეგებებული სარჩელი.

6. მოპასუხე მ. ს-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 35 ლარის გადახდა.

7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.