გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹3კ/384 19 ივლისი, 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: თ. კობახიძე, ბ. ხიმშიაშვილი
განიხილა ნ. ც-ის რწმუნებულის ადვოკატ დ. გ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ნ. ც-ის სარჩელის გამო მ. ნ-ის მიმართ სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. მ. ნ-ის შეგებებული სარჩელის გამო ბინაში შესახლების, ამ ბინიდან ნ. ც-ის გამოსახლების, ინვალიდთა და მოხუცებულთა სახლში მოთავსებისა და სამისდღეშიო რჩენის შესახებ ან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას გადახდილი 10000 აშშ დოლარის და ნ. ც-ის მოვლა-პატრონობაში დახარჯული 2000 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა კ რ ვ ი ა :
ქ. თბილისში .... მდებარე სახლი 1999 წლის 20 ივლისს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მიხედვით ნ. ც-ემ 2000 ლარად გაასხვისა მ. ნ-ზე.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ნ. ც-ის სარჩელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. მ. ნ-ს უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელზე ბინაში შესახლების, ამ ბინიდან ნ. ც-ის გამოსახლების, ინვალიდთა და მოხუცებულთა სახლში შესახლების ან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას გადახდილი 10000 აშშ დოლარის და ნ. ც-ის მოვლა-პატრონობაზე გაწეული ხარჯების 2000 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება 1999 წლის 13 აპრილს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე. კერძოდ, ქ. თბილისში ..... მდებარე სახლის ნ. ც-ის სახელზე აღრიცხვისა და მ. ნ-ისათვის, ხელშეკრულების მიხედვით, მის მიერ გადახდილი 1033 ლარის დაბრუნების შესახებ. მ. ნ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საკასაციო საჩივრით მოსარჩელე ნ. ც-ის რწმუნებული დ. გ-ა ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას მ. ნ-ისათვის 1033 ლარის დაბრუნების ნაწილში, იმ საფუძველით, რომ სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა _ 1000 ლარი მ. ნ-ს ნ. ც-ისათვის ფაქტობრივად არ გადაუცია. მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ სანოტარო გაფორმების ხარჯები _ 33 ლარი.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეების განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაუქმებული უნდა იქნეს მ. ნ-ისათვის 1033 ლარის დაბრუნების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეებს შორის სინამდვილეში დაიდო არა სახლის ყიდვა-გაყიდვის, არამედ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებმა დაფარეს სამისდღეშიო რჩენის გარიგება. ასეთ პირობებში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.
ამავე კოდექსის 949-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადაცემული უძრავი ქონება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამოქალაქო რჩენის შეწყვეტის შემთხვევაში გაწეული ხარჯების მარჩენალისათვის დაბრუნება მხარეთა შორის დადებული გარიგებით არ ყოფილა გათვალისწინებული.
1033 ლარის მ. ნ-ისათვის დაბრუნების ნაწილში გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონის მითითებული ნორმის მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის თანახმად სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ. ც-ის რწმუნებულის დ. გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება მ. ნ-ისათვის 1033 ლარის დაბრუნების ნაწილში და მ. ნ-ს უარი ეთქვას შეგებებულ სარჩელზე.
2. დაკმაყოფილდეს ნ. ც-ის სარჩელი. ბათილად იქნას ცნობილი 1999 წლის 13 აპრილს დადებული სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და ქ. თბილისში ..... მდებარე სახლი საკუთრების უფლებით აღირიცხოს ნ. ც-ის სახელზე.
3. მ. ნ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 40 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.