გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹3კ/385 19 ივლისი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: ბ. კობერიძე, ბ. ხიმშიაშვილი
განიხილა ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი და ი. გ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ვ. ბ-ის სარჩელით ი. გ-ის მიმართ, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მარიამ ცისკაძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ვ. ბ-ეს 1998 წლის 5 აპრილს ბოლნისში დაეჯახა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ი. გ-ი.
ბოლნისის რაიონის სასამართლომ 1998 წლის 8 სექტემბრის განაჩენით ბ. გ-ი ცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 241-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტით და სასჯელის ზომად შეეფარდა გამასწორებელი სამუშაოები 2 წლის ვადით სამუშაო ადგილზე მოხდით, რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ ხელფასიდან 15%-ის დაქვითვით; მასვე ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 2 წლის ვადით.
ვ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. გ-ის მიმართ და მოითხოვა დანაშაულით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
დმანისის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ი. გ-ს დაეკისრა გაწეული მკურნალობის ხარჯები _ 900 ლარი, ხოლო ადვოკატის მომსახურებისათვის _ 200 ლარი; მორალური ზიანის ანაზღაურებაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა მოცემულ საქმეზე დმანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ი. გ-ს ვ. ბ-ის სასარგებლოდ დააკისრა 1667 ლარი და 89 თეთრი.
ვ. ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების გამოტანა შემდეგი საფუძვლით:
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის „ვ“ პუნქტი და უსაფუძვლოდ უთხრა უარი ადვოკატის მომსახურების ხარჯების _ 700 ლარის ანაზღაურებაზე;
სასამართლომ, ასევე, უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ მოპასუხემ გადასცა მკურნალობის ხარჯები _ 400 ლარი; არ იქნა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ; ი. გ-ი ვალდებულია გადაუხადოს ვ. ბ-ეს 900 ლარი; აქედან 200 ლარი _ არაქონებრივი ზიანისათვის.
ი. გ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ. ც-მა შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე და მიუთითა, რომ ვ. ბ-ეს 1998 წლის 17 აპრილს ჩაუტარდა მწვავე აპენდიციტის ოპერაცია, მკურნალობის ხარჯები გასწია აღნიშნულის გამო და არა ავტოავარიის შედეგად მიღებული ტრავმის გამო; სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნები და უსაფუძვლოდ დააკისრა ი. გ-ს ის ხარჯები, რომლებიც ვ. ბ-ეს მკურნალობისთვის არ გაუღია.
საკასაციო პალატამ საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად ჩათვალა, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის 1999 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება და ვ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. კერძოდ, ი. გ-ს ვ. ბ-ის სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანისათვის უნდა დაეკისროს 1707 ლარი და 89 თეთრი, ხოლო არაქონებრივი ზიანისათვის _ 1000 ლარი; სულ 2707 ლარი და 89 თეთრი შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯები _ 700 ლარი; რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით გათვალისწინებულია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაEიქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. იმავე კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი ადვოკატმა ანაზღაურება უნდა მიიღოს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით.
ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე ი. გ-მა უნდა აუნაზღაუროს ვ. ბ-ეს ადვოკატის ხარჯები დავის საგნის ღირებულების _ 6000 ლარის 4%-ი, რაც შეადგენს 240 ლარს.
საკასაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრის იმ მოტივს, რომ ი. გ-ს არ გაუღია მკურნალობისათვის 400 ლარი, რადგან ბოლნისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 8 სექტემბრის განაჩენში აღნიშნულია: დაზარალებულმა განმარტა, რომ განსასჯელმა აუნაზღაურა მკურნალობის ხარჯები 400 ლარის ოდენობით (ს. ფ. 99).
სააპელაციო სასამართლომ მხარეთა განმარტებების, სათანადოდ დამოწმებული წერილობითი მტკიცებულებებიდან გამომდინარე ჩათვალა, რომ ვ. ბ-ეზე მიყენებული მატერიალური ზიანის თანხა შეადგენს 2067 ლარსა და 89 თეთრს; ამ თანხას გამოაკლო ი. გ-ის მიერ გადახდილი 400 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად კი საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ი. გ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის პრეტენზია კი არ არის დასაბუთებული, რადგან სააპელაციო პალატის სხდომაზე ი. გ-მა განმარტა, რომ ვინაიდან იგი სისხლის სამართლის წესით იქნა დასჯილი, ამიტომ არ ეკუთვნის ვ. ბ-ის ზიანის ანაზღაურება (ს. ფ. 189).
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის II ნაწილში აღნიშნულია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვისაც.
ბოლნისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 8 სექტემბრის განაჩენით დადგენილ იქნა, რომ ი. გ-მა ვ. ბ-ეს მიაყენა სხეულის მძიმე დაზიანება (ს. ფ. 97).
საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე ვ. ბ-ეს უნდა აუნაზღაურდეს არაქონებრივი ზიანი სხეულის მძიმე დაზიანებისათვის 1000 ლარის ოდენობით.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ი. გ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს.
ვ. ბ-ის სარჩელი ი. გ-ის მიმართ 6000 ლარის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ი. გ-ს ვ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1707 ლარი და 89 თეთრი; არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 1000 ლარი, სულ _ 2707 (ორიათასშვიდას შვიდი) ლარი და 89 (ოთხმოEდაEხრა) თეთრი;
ვ. ბ-ეს უარი ეთქვას 3 292 ლარისა და 11 თეთრის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლობის გამო.
ი. გ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი _ 108 ლარი.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.