Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹3კ/389 7 ივლისი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. წიქვაძე

მოსამართლეები: რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

განიხილა ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, ბ. მ-ის სარჩელის გამო ი. კ-ისა და თ. ნ-ის მიმართ _ თანხის დაკისრების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1999 წლის 6 ივლისს ბ. მ-ემ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ი. კ-ისა და თ. ნ-ისათვის მის სასარგებლოდ 4694 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1996 წლის 12 ნოემბერს ი. კ-ემ და მისმა მეუღლემ მოსარჩელისაგან ისესხეს 4.824 აშშ დოლარი, რომელიც უკან უნდა დაებრუნებინათ 1997 წლის 12 იანვარს, მაგრამ მხარეთა შორის დადებული მეორე ხელშეკრულებით ხელკშეკრულების ვადა გაგრძელდა 1997 წლის 12 მარტის ჩათვლით. როგორც მოსარჩელე აღნიშნავდა, მას ფული ბანკში ჰქონდა შეტანილი, მაგრამ მოპასუხის დაჟინებული მოთხოვნით ფული ბანკიდან გამოიტანა იმ პირობით, რომ მოპასუხე თვეში მისცემდა 10 პროცენტს. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მისთვის მოპასუხეს გადახდილი აქვს 4600 აშშ დოლარი და დარჩა მისაცემი ძირითადი თანხა და პირგასამტეხლო 724 აშშ დოლარი და პროცენტი 3709 აშშ დოლარი.

მოპასუხემ შესაგებელში აღნიშნა, რომ 1996 წლის 13 ნოემბერს ბ. მ-ისაგან ისესხა 3800 აშშ დოლარი, თვეში 10%-ის დარიცხვით, მაგრამ მეორე მხარესთან შეთანხმებით იანვრის თვეში ხელშეკრულება გაგრძელდა ასევე 2 თვით, რაზედაც მან იკისრა 800 აშშ დოლარის გადახდა დამატებით, სულ მას უნდა გადაეხადა 5600 ამერიკული დოლარი, რაც მისი განმარტებით, მის მიერ გადახდილ იქნა მთლიანად, ნაწილ-ნაწილ გადახდის გზით.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი. კ-ეს და მის მეუღლეს თ. ნ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ ბ. მ-ის სასარგებლოდ 1524 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 4600 აშშ დოლარი. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს არ გადაუხდია ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი პირგასამტეხლო 500 აშშ დოლარი და ასევე არ გადაუხდია დამატებითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო თანხა 800 აშშ დოლარი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაყვეტილებას საფუძვლად დაედო სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლი, რომლის თანახმად კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კ-ისა და ნ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ. მ-ის თავდაპირველი სარჩელი. მოპასუხეს ბ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 724 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: მან უკანონოდ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმები. ურთიერთობა მხარეთა შორის წარმოიშვა ჯერ კიდევ 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის მოქმედების დროს, ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმები. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის კ-ის მიერ 4600 აშშ დოლარის გადახდას. მას დადგენილად მიაჩნია, რომ კ-ის მიერ აღებულია ვალი 4824 აშშ დოლარის ოდენობით და ხელშეკრულებით განსაზღვრულია ჯარიმა 500 აშშ დოლარის ოდენობით. რაც შეეხება 1997 წლის 12 იანვრის განახლებულ ხელშეკრულებას, რომლითაც გათვალისწინებულია პროცენტის გადახდა 800 დოლარის ოდენობით, სააპელაციო სასამართლომ ასეთი შეთანხმება ცნო ბათილად, რადგან 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 174-ე მუხლით პროცენტი ფულად და სხვა ვალდებულებების მიხედვით დაუშვებელია.

ბ. მ-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964) 225-ე მუხლის თანახმად მოვალემ, რომელმაც გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას, უნდა გადაიხადოს ვადაგადაცილებული დროის სარგებელი ვადაგადაცილებული თანხის წლიური 3%-ის ოდენობით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის პროცენტის სხვა რაოდენობა. კასატორი მოითხოვს ძირითადი თანხის ნაწილს 224 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს 500 დოლარს, 5 თვის სარგებელს, 10 პროცენტს, 2400 აშშ დოლარს. მთლიანად, 3134 აშშ დოლარს და მის მიერ გაწეული ტრანსპორტის ხარჯებს 200 ლარს.

პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს 1964 წლის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმების თანახმად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მიხედვით სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები.

1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 393-ე მუხლის მიხედვით სესხის ხელშეკრულებით პროცენტების გადახდევინება დაშვებულია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, აგრეთვე, საზოგადოებრივი ურთიერთდამხმარე სალაროებისა და ქალაქის ლომბარდების სასესხო ოპერაციების მიხედვით. ამავე კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით პროცენტი ფულადი და სხვა ვალდებულებების მიხედვით საკრედიტო დაწესებულებების ოპერაციებისა, საგარეო სავაჭრო ვალდებულებებისა და კანონით მითითებული სხვა შემთხვევების გარდა დაუშვებელია. აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით მ-ესა და კ-ეს შორის დადებული გარიგება საპროცენტო განაკვეთის დადგენის ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან სამოქალაქო სამართლის კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად ბათილია, გარიგება, რომელიც კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება. ვინაიდან პროცენტის დადგენის ნაწილში ხელშეკრულება ბათილია, აღნიშნულის გათვალისწინებით უსაფუძვლოა ის მოთხოვნები, რომელსაც კასატორი აყენებს პროცენტის ანაზღაურებისა და პროცენტის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964) 225-ე მუხლის თანახმად მოვალემ, რომელმაცE გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას უნდა გადაიხადოს გადაცილებული დროის სარგებელი ვადაგადაცილებული თანხისა წლიური სამი პროცენტი. ამ ნორმის საფუძველზე პალატას მიაჩნია, რომ ბ. მ-ის მოთხოვნა სამართლიანია ვალის გადახდის გადაცილებული დროის სარგებლის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, რის გამოც უნდა გაუქმდეს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ვინაიდან 1997 წლის 12 მარტს, ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროს, მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება, მას უნდა დაეკისროს გადაცილებული დროის სარგებელი ვადაგადაცილებული თანხის 3 პროცენტი.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის დაწესებულია პირგასამტეხლო (ჯარიმა, საურავი), მაშინ უნდა ანაზღაურდეს ზარალის ის ნაწილი, რომელიც პირგასამტეხლოთი არ დაფარულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 500 აშშ დოლარის ოდენობით, რაც საკასაციო სასამართლოს აზრით, მოიცავს ზარალის იმ ნაწილსაც, რომლის მოთხოვნის კანონიერი საფუძველი აქვს კასატორს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 224 აშშ დოლარი, როგორც ძირითადი თანხა, 500 აშშ დოლარი, როგორც პირგასამტეხლო და ასევე ვადაგადაცილებული თანხის წლიური 3 პროცენტი _ 61 დოლარის ექვივალენტით ლარებში.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

2. ი. კ-ეს და თ. ნ-ეს ბ. მ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 785 აშშ დოლარის ექვივალეტი ლარის გადახდა.

3. დაეკისროთ ი. კ-ესა და თ. ნ-ეს სოლიდარულად სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5 ლარის ოდენობით.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.