გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
¹256 9 აგვისტო, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაფოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
განიხილა ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, ე. ზ-ის სარჩელის გამო, ნ. ჩ-ის მიმართ, შვილად აყვანის ბათილად ცნობის შესახებ.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბ. კობერიძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქ. თბილისის კიროვის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1970 წლის 10 ივნისის ¹241 გადაწყვეტილების საფუძველზე ე. ზ-მა შვილად აიყვანა თავისი არასრულწლოვანი დისშვილი ნ. ჩ-ე, დაბადებული 19...... წლის ..... მაისს.
1999 წლის 2 ივლისს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა ე. ზ-მა და მოითხოვა ნ. ჩ-ის ცნობა უღირს მემკვიდრედ იმ საფუძვლით, რომ ნაშვილები არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი მშვილებლის მიმართ, ავლენდა ზიზღს, სიძულვილს, ცინიზმს და ემუქრებოდა მას საკუთარი სახლიდან გაგდებით.
1999 წლის 11 ოქტომბერს ე. ზ-მა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში შეიტანა დამატებითი სასარჩელო განცხადება და მოითხოვა ნ. ჩ-ის შვილად აყვანის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ შვილად აყვანა ატარებდა ფიქტიურ ხასიათს, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ნ. ჩ-ე იზრდებოდა ღვიძლ მშობლებთან, საბავშვო ბაღსა და სკოლაში დადიოდა მშობლების სახლიდან, არასოდეს უგრძვნია თავი ე. ზ-ის შვილად და არEე. ზ-ი თვლიდა მას თავის შვილად.
გარდა ამისა, ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას, ე. ზ-მა აღნიშნა, რომ ნ. ჩ-ის შვილად აყვანა გამიზნული იყო მისი საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ზ-ის სარჩელს ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ე. ზ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ზ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და „ბათილად იქნა ცნობილი ე. ზ-ის მიერ ნ. ჩ-ის შვილად აყვანა, გაფორმებული 1970 წლის 10 ივნისს“.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო-საჩივარი შეიტანა ნ. ჩ-ემ.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1272-ე მუხლის პირველ ნაწილის „ბ“ პუნქტს ისე, რომ არ გაითვალისწინა იმავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები. ნ. ჩ-ე განმარტავს, რომ ე. ზ-ის მიერ მისი შვილად აყვანის ბათილად ცნობა არანაირად არ შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს და იგი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ე. ზ-ის სარჩელი.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის შესახებ შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ე. ზ-ის მიერ ნ. ჩ-ის შვილად აყვანა მოხდა 1970 წლის 10 ივნისს, ხოლო უღირს მემკვიდრედ ცნობისა და შვილად აყვანის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელებით, ე. ზ-მა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მიმართა 1999 წლის 2 ივლისსა და 11 ოქტომბერს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 1970 წლის 10 ივნისიდან 1999 წლის 2 ივლისამდე, ე. ზ-ს სადავოდ არ გაუხდია ნ. ჩ-ის შვილად აყვანის ნამდვილობა და ფაქტობრივობა.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1597-ე მუხლის მესამე ნაწილი, რადგანაც მხარეებმა, ორივე სასამართლო ინსტანციაში საქმის განხილვისას, გამოხატეს ნება მათ შორის ადრე წარმოშობილი ურთიერთობები მოეწესრიგებინათ ახალი სამოქალაქო კოდექსით.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და მეანაბრეთა მოთხოვნებზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა დანარჩენ ურთიერთობაზე ვრცელდება შესაბამისი ხანდაზმულობის ვადა.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
კონკრეტულ შემთხვევაში, სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ე. ზ-ი ამტკიცებდა, რომ ნ. ჩ-ის შვილად აყვანა 1970 წლის 10 ივნისიდანვე ატარებდა ფიქტიურ ხასიათს, თუმცა 1999 წლის 2 ივლისამდე აღნიშნული ფაქტი სადავოდ არ გაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 133-ე მუხლის მიხედვით, მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, შვილების სრულწლოვანების დადგომამდე.
პალატა თვლის, რომ ე. ზ-ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადა გასულია, რადგანაც, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა ნ. ჩ-ე სრულწლოვანი გახდა 1983 წლის 7 მაისს, ხოლო ე. ზ-მა სასამართლოში სარჩელი შეიტანა 1999 წლის 2 ივლისს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
დაკმაყოფილდეს ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.
არ დაკმაყოფილდეს ე. ზ-ის სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.