Facebook Twitter

¹3კ/71 19 მაისი 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ქაჯაია

განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე ჯ. მ.-ის და შპს “მ.-ის” ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ფ..-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ი. ქ.-ის სარჩელით შპს “მ.-ის” დირექტორის ზ. მ.-ის, მესამე პირის ჯ. მ.-ის მიმართ, იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ; შპს “მ.-ის” ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ფ..-ს შეგებებული სარჩელი ი. ქ.-ის მიმართ 1998 წლის 25 ივნისს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების ძალაში დატოვების შესახებ. პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მ. ცისკაძის მოხსენება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ი. ქ.-ემ და შპს “მ.-ის” დირექტორმა ზ. მ.-მა 1998 წლის 27 მარტს გააფორმეს წინასწარი ხელშეკრულება მეტროს სადგურ “...-ის” ზედა ვესტიბიულში კომერციული საქმიანობისათვის 25 კვ.მ. ფართის იჯარით გადაცემის შესახებ. ვინაიდან მშენებლობა არ იყო დამთავრებული. ამ ხელშეკრულების 1. 3 მუხლის თანახმად მშენებლობის დამთავრებისთანავე მხარეებს შორის გაფორმდებოდა ნამდვილი ხელშეკრულება. ი. ქ.-ემ გადაუხადა მეიჯარეს 2.660 ლარი გირაოს სახით, მაგრამ 1998 წლის 25 ივნისს ზ. მ.-მა სადავო ფართის იჯარის ხელშეკრულება გაუფორმა ჯერ მ. ა.-ს, შემდეგ კი იმავე დღეს იგივე ფართზე იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა შპს “მ.-ის” დირექტორის ზ. მ.-სა და ჯ. მ.-ს შორის. იმის გამო, რომ ზ. მ.-მ დაარღვია წინასწარი ხელშეკრულებით ნაკისრი

ვალდებულება ი. ქ.-ის მიმართ და არ გააფორმა მასთან იჯარის ხელშეკრულება, ი. ქ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ზ. მ.-სა და ჯ. მ.-ეს შორის გაფორმებული სადავო ფართის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. შპს “მ.-ის” წარმომადგენელმა ადვოკატმა შ. ფ..-მ შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა შპს “მ.-ის” დირექტორს ზ. მ.-სა და მ. ა.-ს შორის 1998 წლის 25 ივნისს გაფორმებული სადავო ფართის იჯარის ხელშეკრულების ასევე ზ.მ.-სა და ჯ. მ.-ეს შორის იმავე დღეს გაფორმებული სადავო ფართის იჯარის ხელშეკრულების ძალაში დატოვება.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს “მ.-ისა” და ჯ. მ.-ეს შორის 1998 წლის 25 ივნისსა და შემდგომში სადავო ობიექტზე დადებული იჯარის ხელშეკრულებები, როგორც კანონსაწინააღმდეგო, ბათილად იქნა ცნობილი. ამასთან, შპს “მ.-ს” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

შპს “მ.-ის” ინტერესების დამცველი ადვოკატი შ. ფ.-ს საკასაციო საჩივარში ითხოვს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას შემდეგი მოტივებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ სადავო ობიექტის მშენებლობა დამთავრდა 1998 წლის 3 ივლისს და სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მესამე ნაწილის დარღვევით გაფორმდა მესამე პირზე ჯ. მ.-ეზე 1998 წლის 25 ივნისს ე.ი. მშენებლობის დამთავრებამდე; სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია საქმეში არსებულ მტკიცებულებებს მშენებლობის 1998 წლის 14 მაისს დამთავრების შესახებ; არ იქნა გამორკვეული, ი. ქ.-ე რატომ არ ცხადდებოდა ხელშეკრულების გასაფორმებლად; 1998 წლის 25 ივნისს სადავო ფართის იჯარის ხელშეკრულება ჯერ გაფორმდა ი. ქ.-ის პარტნიორთან მ. ა.-თან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, რადგან თვით ი. ქ.-ის დროულმა გამოუცხადებლობამ ზარალი მიაყენა მოპასუხეს; სააპელაციო სასამართლომ არასწორად უარყო შეგებებული სარჩელიც; ყოველივე აღნიშნულის გამო სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის “ბ” და “გ” პუნქტები და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნები; მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჯ. მ.-ე საკასაციო საჩივარში ითხოვს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას; ი. ქ.-ესა და შპს “მ.-ის” დირექტორს ზ. მ.-ს შორის 1998 წლის 27 მარტის პირობითი ხელშეკრულების ბათილად ცნობას. ჯ. მ.-ესა და ზ. მ.-ს შორის 1998 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული სადავო ფართის იჯარის ხელშეკრულების ძალაში დატოვებას შემდეგი მოტივების გამო: ი. ქ.-ის მონაწილეობით გაფორმებული პირობითი ხელშეკრულებისათვის ხელი უნდა მოეწერა მ. ა.-ს, როგორც საზოგადოების პარტნიორს, რითაც დაირღვა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 34-ე მუხლი; მ. ა.-ის და ი. ქ.-ის პარტნიორობა დასტურდება 1998 წლის 25 ივნისს მ. ა.-სა და ზ. მ.-ს შორის გაფორმებული სადავო ფართის იჯარის ხელშეკრულებით. ი. ქ.-ესა და ზ. მ.-ს შორის გაფორმებული 1998 წლის 27 მარტის გარიგება პირობითი ხასიათისაა და ვინაიდან პირობის დადგომა დამოკიდებულია მხოლოდ გარიგების მხარეებზე, სამოქალაქო კოდექსის 92-ე ,მუხლის თანახმად ასეთი გარიგება ბათილია. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მესამე ნაწილი, მაგრამ იქვე რომ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზეც; ი. ქ.-ესა და ზ. მ.-ს შორის 1998 წლის 27 მარტს გაფორმებულ ხელშეკრულებაში კი არავითარი ფორმა არ არის დაცული.

სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, რადგან მას არავითარი პირობები და ზნეობრივი ნორმები არ დაურღვევია; საიჯარო ფართობზე ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა მ. ა.-ს, მაგრამ მან ვერ შეძლო ხარჯების გაწევა და მ. ა.-ის წინადადებით ზ. მ.-მა ხელშეკრულება გაუფორმა მას. საიჯარო ხელშეკრულების მოშლა, როცა ჯ. მ.-ეს არავითარი ბრალი არ მიუძღვის, გამოიწვევს მის, როგორც ინდივიდუალური მეწარმის გაკოტრებას, მთელი რიგი ხარჯები აქვს გაწეული სადავო ობიექტზე.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის საქმე დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო: საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შპს “მ.-ის” წარმომადგენლის საკასაციო საჩივრის იმ მოტივს, რომ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია საქმეში არსებულ მტკიცებულებებს მშენებლობის 1998 წლის 14 მაისს დამთავრების შესახებ, რადგან ს.ფ. 12- ზე შპს “მ.-ის” ადვოკატი შ. ფ.-ა მიუთითებს შეგებებულ სარჩელში, რომ შენებლობა დამთავრდა 1998 წლის 5 ივლისს.

სააპელაციო სასამართლომ სადავო საიჯარო ხელშეკრულება მიიჩნია ბათილად სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე და მიუთითა, რომ ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებაში კონკრეტულად არ არის მითითებული სადავო საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება რომელ კანონს ეწინააღმდეგება, ან რაში გამოიხატება ამ ხელშე კრულების წინააღმდეგობა საჯარო წესრიგთან ან ზნეობრივ ნორმებთან.

სასამართლომ სადავო საიჯარო ხელშეკრულება ისე ცნო ბათილად, რომ არ იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით გათვალისწინებული ბათილი გარიგების შედეგებზე. შპს “მ.-ის” წარმომადგენელმა შეგებებულ სარჩელში მოითხოვა შპს “მ.-ის დირექტორს ზ. მ.-სა და მბ ა.-ს შორის 1998 წლის 25 ივნისს გაფორმებული სადავო ფართის იჯარის ხელშეკრულების, ასევე ზ. მ.-სა და ჯ. მ.-ეს შორის იმავე დღეს გაფორმებული სადავო ფართის იჯარის ხელშეკრულების ძალაში დატოვება. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია, რომ შესაბამისად შპს “მ.-ის” შემხვედრი სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. მაგრამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არ არის მსჯელობა შპს “მ.-ის” დირექტორს ზ. მ.-ს და მ. ა.-ს შორის 1998 წლის 25 ივნისს გაფორმებული სადავო ფართის იჯარის ხელშეკრულების თაობაზე;

ყოველივე აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო

გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად იგი კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის I ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ჯ. მ.-ის და შპს “მ.-ის” ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ფ..-ს საკასაციო საჩივრები. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.