გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3-8 24 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე
განიხილა ჯ., ჰ., ზ. და ლ. ვ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 14 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ შემოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დატოვა.
განცხადების ავტორები ითხოვენ საკასაციო პალატის განჩინების გადასინ-ჯვას იმ საფუძვლით, რომ მათ არ დაურღვევიათ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატას საკასაციო საჩივარი წარუდგინეს 1999 წლის 2 ნოემბერს, მაგრამ კანცელარიის თანამშრომლებმა არ მიიღეს თავმჯდომარის დ. კ-სთან შეთანხმების გარეშე.
პალატა გაეცნო განცხადებას, საქმის მასალებს, მოისმინა განმცხადებელთა წარმომადგენლის ახსნა-განმარტება და თვლის, რომ განცხადება უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 7 ოქ-ტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებაზე კასატორის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილია მიმდინარე წლის 9 ნოემბერს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით. განმცხადებელთა მიერ რაიმე მტკიცება იმის თაობაზე, რომ მათ საკასაციო საჩივარი შეიტანეს 1999 წლის 2 ნოემბერს საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამდენად, განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის "გ“ პუნქტის შესაბამისად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ., ჰ., ზ. და ლ. ვ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.