გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-326 12 იანვარი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი
წევრები: თ.კობახიძე, დ.ხელაია
განიხილა ე., ვ. და მ. ნ-ების საკასაციო საჩივარი, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ე., შ. და ვ. ნ-ეების სარჩელის გამო, მოპასუხეების: ქ. ქუთაისის მერიის საბინაო მართვის განყოფილების, რ. კ-ს, ა. მ-ის, ქ. ხ-ის და თ. ჭ-ის მიმართ, ბინის მესაკუთრედ ცნობის და ამ ბინაში მცხოვრები მობინადრეების გამოსახლების შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ო., ვ. და ე. ნ-ეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში და აღნიშნეს, რომ ქუთაისში, ...ის ქ. ¹40-ში მდებარე სახლთმფლობელობა 1929 წლიდან საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მათი, აწ გარდაცვლილი მამის ს. ნ-ის სახელზე, სადაც 1932 წელს ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე შესახლდნენ მაშინდელი ადმინისტრაციის და სამართალდამცავი ორგანოს მუშაკები. 1940-იან წლებში აღნიშნული სახლი ყოველგვარი იურიდიული დოკუმენტის გარეშე აღირიცხა საბინაო სამმართველოს ბალანსზე. ამ უკანასკნელმა 1990 წლის 6 ივლისს სახლის ნაწილი ხელშეკრულებით მიჰყიდა მოპასუხე გ. ხ-ეს, ხოლო დანარჩენი ნაწილი პრივატიზაციის წესით გადაეცა ა. მ-ეს, რ.კ-ს, თ, ჭ-ეს და ს. ნ-ეს მითითებული საფუძვლით მოითხოვეს სადაო ბინის მესაკუთრედ ცნობა და მოპასუხეთა გასახლება.
საქმე რამდენჯერმე იყო სასამართლო ორგანოების განხილვის საგანი ბოლოს, ქუთაისის სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 1999 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა არასაპატიო მიზეზით ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ე., ვ. და მ. ნ-ეები საკასაციო საჩივრით ითხოვენ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წლის რედაქცია), მაშინ როდესაც სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად უნდა გამოეყენებინა ამ კოდექსის ის ნორმები, რომლებიც სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას აწესრიგებს. სასამართლომ სარჩელის უარყოფას საფუძვლად დაუდო ის, რომ ს. ნ-ემ ,,არასაპატიო მიზეზით გაუშვა ხანდაზმულობის ვადა, რამაც თავის მხრივ საკუთრების უფლების დაკარგვა გამოიწვია”. კასატორების მოსაზრებით სასამართლო კოლეგიის დასკვნა, ადრე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სადავო უფლებების აღდეგნისათვის საჭირო მექანიზმისა და ს. ნ-ის მიერ არასაპატიო მიზეზით გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის თაობაზე, იურიდიულად დაუსაბუთებელია. სასამართლომ დაარღვია ,,მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია ხელისუფლების დანაშაულებათა და ბოროტად გამოყენების მსხვერპლთათვის”. დეკლარაციის პირველი და მერვე მუხლების მოთხოვნის თანახმად, ს. ნ-ე და მისი უფლებამონაცვლეები წარმოადგენენ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლს, ამ დეკლარაციის მე-8 მუხლი კი ითვალისწინებს ასეთი პირებისათვის სავალდებულო რესტიტუციას, კერძოდ, საკუთრების დაბრუნებას, რაც ხანდაზმულობით არ არის შეზღუდული.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1929 წლის 2 სექტემბერს ს. ნ-ემ შეიძინა საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. ქუთაისში ...ის ქ. ¹ 46-ში (ახლანდელი ...ის ქუჩა). 1932-33 წლებში ს. ნ-ის სახლში შესახლდა რამდენიმე ოჯახი. 1940-იანი წლებიდან სადავო სახლი რიცხება ქუთაისის საბინაო სამმართველოს ბალანსზე, მაგრამ რაიმე იურიდიული დოკუმენტი სახლის პირვანდელი მესაკუთრისათვის ჩამორთმევის შესახებ მოპოვებული ვერ იქნა. 1966 წლის 28 იანვარს ნ-ე გარდაიცვალა. 1970 წელს ს. ნ-ის მემკვიდრეებმა მომართეს სასამართლოს ამ სახლზე საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ.
სადავო სახლის თავდაპირველი მესაკუთრის – ს. ნ-ის, როგორც მესაკუთრის უფლებები დაირღვა მის სიცოცხლეშივე, ჯერ კიდევ 1931 წელს, როდესაც მის ბინაში ყოველგვარი იურიდიული საბუთის გარეშე შესახლდენენ მობინადრეები. 1940 წლიდან კი ეს სახლი აღირიცხა ქუთაისის საბინაო სამმართველოს ბალანსზე. ს. ნ-ეს სიცოცხლეში არ მოუთხოვია მისი დარღვეული უფლების აღდგენა. ამდენად, სადავო ქონება სამკვიდროში არ შესულა.
რაც შეეხება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მომწესრიგებელ ნორმებს, სასამართლომ მოახდინა, როგორც ადრე მოქმედი, ასევე, დღეს მოქმედი კოდექსის ნორმების ურთიერთშედარება და ჩათვალა, რომ როგორც ძველი, ისე ახალი სამოქალაქო კოდექსი ერთნაირად აწესრიგებს უკანონო მფლობელობიდან გამომდინარე საკუთრების უფლების დაცვას და ამ საფუძვლით ჩათვალა, რომ უნდა გამოეყენებინა და დავა გადაეწყვიტა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის 1923 წელს მიღებული კოდექსით (1954 წლის რედაქციით). სამოქალაქო კოდექსის 1507 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ამ კოდექსით უნდა მოწესრიგდეს უძრავი ნივთების შესახებ დავა, თუ ეს კოდექსი უძრავ ნივთებზე ახალ წესებს ითვალისწინებს. ვინაიდან დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საკითხებზე ახალ წესებს არ ითვალისწინებს, ამიტომ, მითითებული ნორმის მოთხოვნებიდან გამომდინარე სასამართლომ სწორად გამოიყენა უფლების დარღვევის მომენტისათვის მოქმედი ნორმა.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოტივს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 40/14 რეზოლუციის - ,,მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია ხელისუფლების დანაშაულებათა და ბოროტად გამოყენების მსხვერპლთათვის”, როგორც უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივი აქტის გამოყენების თაობაზე გაზიარებული ვერ იქნება. საერთაშორისო ორგანიზაციის რეზოლუციებს, (მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის) ძირითადად რეკომენდაციის ხასიათი გააჩნიათ (გაეროს წესდების მე-10 მუხლი). ისინი არ წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას, რომელთაც სახელმწიფო სამართლებრივ სისტემაში უშუალო პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს. თვით მითითებული რეზოლუციის ტექსტიც ადასტურებს მისი იურიდიული ძალის რეკომენდაციულ ხასიათს.
საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს. კონსტიტუციის მე-7 მუხლით ,,სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს...” მაგრამ კონსტიტუციის 44-ე მუხლით ,,ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.”
სადავო სახლი 1940-იან წლებიდან ირიცხება საბინაო სამმართველოს სახელზე, სადაც შესახლებულები არიან და ათეული წლების მანძილზე ცხოვრობენ მობინადრეები, რომლებსაც დაკავებული ფართი პრივატიზაციის წესით გადაცემული აქვს საკუთრებაში.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.