Facebook Twitter

¹ 3კ/118 17 მარტი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე

განიხილა ა. ა.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 17 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე ა. ა.-ის სარჩელის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ა. ა.-მ სარჩელით მიმართ სასამართლოს და მოითხოვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანისთვის დაკისრებოდა კომპენსაცია 50 000 აშშ დოლარის, შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ა. ა.-ემ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 17 იანვრის განჩინებით ა. ა.-ეს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ა. ა.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებით და შს ორგანოებიდან გარიცხვით შელახული იქნა მისი ღირსება, ავტორიტეტი და საქმიანი რეპუტაცია.

ბრძანება მისი შს სამინისტროს კადრების განკარგულებაში ჩარიცხვის შესახებ არ გაცემულა და მისთვის მსგავსი დოკუმენტი არ გაუცვნიათ. არავითარი ბრძანება განაცდური პერიოდის შრომით სტაჟში ჩათვლის, ან ბრძანება გაცდენილი დროის, ხელფასის ანაზღაურების შესახებ არ დაწერილა. ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს შს სამინისტროს მხრიდან მისთვის რამდენიმეჯერ თანაბარი თანამდებობის შემოთავაზების ფაქტი.

პალატა თვლის, რომ ა. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის წანამძღვრებს. მის მიერ საკასაციო საჩივარში მოტანილი საფუძვლები, რითაE ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, ეხება მხოლოდ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ა. ა.-ის საკასაციო საჩივარში კი კანონის დარღვევაზე არაფერია მითითებული.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ა.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.