¹ 3კ/122 7 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე
განიხილა ვ. ა.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 12 აგვისტოს განჩინებაზე, საქმეზე, მ. დ.-ის სარჩელის გამო, ვ. ა.-ის მიმართ ბინის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ. დ.-ე და ვ. ა.-ე 1991 წლის 15 ივნისს გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი ჟ. ა.-ე, დაბადებული 1992 წლის 1 აგვიტსოს. 1998 წლის 8 დეკემბერს მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა, რის შემდეგ მ. დ.-ემ აღძრა სარჩელი თბილისში, ...-ის ქ. ¹ 33ა-ში მდებარე 14 კვ.მ ფართობის პრივატიზებული ბინის თანამესაკუთრედ Eნობის და წილის განსაზღვრის შესახებ.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 12 აგვისტოს განჩინებით გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო საჩივრით ვ. ა.-ე მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მეუღლეთა ერთად ხოვრების პერიოდში შეძენილად, რადგან პრივატიზება განხორციელდა უსასყიდლოდ, მოსარჩელის მონაწილეობის გარეშე.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. მოცემულ საქმეზე განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოედქსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" პუნქტითა და 394-ე მუხლის „ე" პუნქტით. განჩინებაში არ არის მითითებული ისეთ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებით აუცილებელი იყო საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეეძლო არ გადაეგზავნა საქმე რაიონულ სასამართლოში და თვითონვე მიეღო გადაწყვეტილება.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 12
აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატის სხვა შემადგენლობას.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.