¹ 3/23 1 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე
განიხილა მ. უ.-ის და მ. ტ.-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
მოსამართლე დ. ხელაიას მოხსენების საფუძველზე პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საგარეჯოს რაიონის სასამართლოს 1998 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააქციო კომერციული ბანკი „ა.-ის“ სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის სარჩელი მ. ტ.-ის, მ. უ.-ის და რ. მ.-ის მიმართ და მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ საგარეჯოში, …-ის ქ. ¹ 16-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობიდან.
რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1998 წლის 17 სექტემბრის განჩინებით უცვლელად დატოვა.
განცხადების ავტორები მოითხოვენ სასამართლო გადაწყვეტილებათა გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას შემდეგი საფუძვლით: სადაო შენობის ფართი საგარეჯოს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემების თანახმად შეადგენს 364 კვ. მეტრს, ფაქტიურად კი შენობის ფართია 470 კვ. მეტრი. პრივატიზაციის მასალების მიხედვით შენობის ფართია 414,5 კვ. მეტრი. ე. ი. პრივატიზებულ ფართობსა და ფაქტობრივად არსებულ ფართობს შორის სხვაობა შეადგენს 55,5კვ. მეტრს, საიდანაც სასამართლო გადაწყვეტილებით გამოსახლებულ იქნენ. ეს გარემოება საქმის განმხილველი სასამართლოსათვის არ იყო ცნობილი.
პალატა გაეცნო განცხადებას, შეამოწმა მისი დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი არ უნდა იქნეს განხილული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მესამე ნაწილით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარედგინა ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ სადავო შენობა შედგება 364 კვ. მეტრი ფართის 24 ოთახისაგან. აქედან, 22 ოთახი ფართით 340,6 ირიცხება „ა.-ზე“, ხოლო 234კვ. მეტრი ფართის ორი ოთახი აღრიცხულია ზ. დ.-ზე. რაც შეეხება განცხადებაში მითითებულ ფაქტებს იმის თაობაზე, რომ ფაქტობრივად სადაო შენობის ფართობი შეადგენს 470 კვ. მეტრს. აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამრიგად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით გათალისწინებული საქმის წარმოების განახლების წანამძღვრები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, მ. უ.-ის და მ. ტ.-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად, როგორც დაუშვებელი.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. უ.-ის და მ. ტ.-ის განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, დარჩეს განუხილველი.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.