Facebook Twitter

¹ბს-462-51-კ-05 7 თებერვალი, 2006წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხლვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - დ. მ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

დავის საგანი - სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 09.02.05წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

27.04.04წ. დ. მ.-მ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხის 28.03.04წ. ¹135 ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2001 წლიდან შს ორგანოებში, ხოლო 2003 წლიდან ... ბიუროში ინსპექტორის თანამდებობაზე მსახურობდა და მინიჭებული აქვს პოლიციის ლეიტენანტის წოდება. 24.04.04წ. გენერალური ინსპექციის წერილით შეიტყო, რომ დათხოვნილი იყო შს ორგანოებიდან. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნა, რომლის მიხედვით იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არ იყო გათვალისწინებული შემოწმებამდე მისი ავადმყოფობა რა დროსაც ექიმის დანიშნულების მიხედვით მიღებული ჰქონდა ,,სოლფადენი”, რომელიც შეიცავს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკს. მოსარჩელის მოსაზრებით, მას არ ჩაუდენია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომა, რომელიც საფუძვლად დაედო სამსახურიდან მის გათავისუფლებას.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 01.07.04.წ. გადაწყვეტილებით დ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დ. მ.-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 09.02.05წ. განჩინებით დ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფოლდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 01.07.04წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში 28.01.04წ. ცხელ ხაზზე დარეკა მოქალაქემ და განაცხადა, რომ შსს-ს ... ბიუროს თანამშრომელი დ. მ.-ე 27.01.04წ. იმყოფებოდა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შსს ... ინსპექციაში ბიუროს უფროსის მოადგილე მ. მ.-ე გამოიძახეს და სთხოვეს მისი შვილი ნარკოლოგიურ დისპანსერში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წარედგინა, რის შემდეგაც დ. მ.-ემ გაიარა შემოწმება. შემოწმების შედეგად მას ორგანიზმში აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც მისი სამსახურიდან განთავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი გახდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შემოწმების დროს ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულებით მიღებული პრეპარატის ,,სოლფადეინის” გამო აღმოაჩნდა.

აღნიშნული განჩინება დ. მ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ მას ჩადენილი ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომა. კასატორი განმარტავს, რომ მითითებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ გადაცდომად ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება ჩაითვლება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ,,ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” კანონის 39-ე მუხლით, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღების ფაქტი უნდა დადგინდეს კლინიკური გამოკვლევის საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.12.03წ. გამოცემული ¹317ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ნარკოტიკულ და სხვა გამაბრუებელი საშუალებებით გამოწვეული თრობის მდნგომარეობის დადგენის შესახებ” ინსტრუქციიის 27-ე მუხლის თანახმად, ნარკოლოგიური გამოკვლევა რამდენიმე მეთოდით უნდა ჩატარებულიყო, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

კასატორმა აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-17 მუხლის “ვ” ქვეპუნქტი და “შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ” დებულების მე-9 მუხლის ბოლო აბზაცი სააპელაციო პალატა არასწორად განმარტა. კასატორის აზრით, მისი შს ორგანოებიდან დათხოვნა მაშინ იქნებოდა კანონიერი, თუ მისი მშობელი შს მინისტრი ან მისი მოადგილე იქნებოდა, განსახილველ შემთხვევაში თანამდებობრივი შეუთავსებლობის აღმოსაფხვრელად იგი სხვა თანამდებობაზე უნდა გადაეყვანათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ დ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი კანონის შესაბამისად დადასტურებული არ არის. საქმეზე დადგენილად არის მიიჩნეული, რომ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში 28.01.04წ. ცხელ ხაზზე დარეკა მოქალაქემ და განაცხადა, რომ შსს-ს ... ბიუროს თანამშრომელი დ. მ.-ე 27.01.04წ. იმყოფებოდა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შსს გენერალურ ინსპექციაში გამოძახებულ იქნა დ. მ.-ის მამა, ამავე ბიუროს უფროსის მოადგილე მ. მ.-ე, რომელსაც სთხოვეს მისი შვილი ნარკოლოგიურ დისპანსერში ნარკოლოგიური შემოწმებისათვის წარედგინა. დ. მ.-ემ გაიარა შემოწმება. ნარკოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 28.01.04.წ. ¹148 დასკნის თანახმად, დ. მ.-ეს ლაბორატორიულად დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფაქტი (ს.ფ. 11,66). საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას შემოწმების დროს ექიმის დანიშნულებით მიღებული პრეპარატის ,,სოლფადეინის” გამო აღმოაჩნდა ოგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება. ნარკოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის 11.02.04წ. ¹49/4 წერილის თანახმად, დ. მ.-ის მიერ დასახელებული ორივე მედიკამენტი: “კოდილაკი” და “სოლფადეინი” შეიცავს ოპიუმის ჯგუფის ალკოლოიდს “კოდეინს”, ქრომატოგრაფიულ სურათზე “კოდეინის” შესაბამისი მახასიათებელი არ დაფიქსირდა. მიღებული მახასიათებლების მიხედვით ბიოლოგიური მასალა შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალებას “მორფინს” ან “ჰეროინს”. ამსთანავე, სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციის 04.02.04წ. წერილის თანახმად საქართველოში პრეპარატი “კოდილაკი” არ არის რეგისტრირებული, ამდენად “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონის თანახმად, მისი რეალიზაცია დაუშვებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ წარდგენილი ბიოლოგიური მასალის სიმცირის გამო ნარკოლოგიური ინსტიტუტის მიერ ობიექტური დასკვნის გაცემა ვერ მოხერხდა და ნარკოლოგიუტი კონკრეტული პასუხისათვის დამატებითი კვლევის ჩატარებას მოითხოვდა. ზემოთ მითითებული წერილის თანახმად, საკონტროლო ულუფის გადამოწმება საჭირო იყო მხოლოდ იმის დასადგენად, თუ რომელი ნარკოტიკული ნივთიერება: “მორფინი” თუ “ჰეროინი” ჰქონდა დ. მ.-ეს მიღებული (ს.ფ. 40).

საფუძველს მოკლებულია საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” კანონის 39-ე მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების ფაქტი დგინდება კლინიკური გამოკვლევის საფუძველზე. გამოკვლევის ჩატარების დროისათვის ხსენებული კანონის 39-ე მუხლის მოქმედი რედაქცია, კერძოდ 03.12.03წ. კანონით მუხლში შეტანილი ცვლილება-დამატებების თანახმად, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღების ფაქტი დგინდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატას მის მიმართ ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების კანონიერება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.12.03წ. ¹317ნ ბრძანებით დამტკიცებული “ფსიქიატრიულ ნივთიერებათა მოხმარებით გამოწვეული ფსიქიური და ქცევითი აშლილობის მდგომარეობის ფაქტის დადგენის წესების შესახებ” ინსტრუქციის 27-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაედგინა. აღნიშნული ინსტრუქციის ზოგადი დებულებების მე-5 პუნქტის თანახმად, პირადი მომართვის საფუძველზე გამოკვლევის ჩატარებისას შემოწმება წარმოებს არა ამ ინსტრუქციის შესაბამისად, არამედ დაწესებულების შიდა სტანდარტით. საქმის მასალებით დსტურდება, რომ დ. მ.-ის ნარკოლოგიური შემოწმება მისი პირადი განცხადების საფუძველზე განხორციელდა (ს.ფ. 106). ამდენად, კასატორის მითითება მისი ნარკოლოგიური შემოწმებისას ზემოთაღნიშნული ინსტრუქციის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ არ ქმნის კვლევითი ინსტიტუტის 28.01.04წ. ¹148 დასკვნის უკანონოდ მიჩნევის საფუძველს.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს დ. მ.-ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტს, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. “შსს ... ბიუროს თანამშრომლების მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალებზე” შედგენილი, შსს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ 14.03.04წ. დამტკიცებული დასკვნით დ. მ.-ის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 24.06.03წ. ¹217 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ე” ქვეპუნქტებით (ზნეობრივი, ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი და თანამშრომლისათვის შეუფერებელიქმედება, რომელიც ლახავს შს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს). აღნიშნული წესდების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თანამშრომელი შეიძლება დაითხოვონ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, თუ დისციპლინური გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, მოსამსახურის წარსული საქმიანობა და რეპუტაცია მიზანშეუწონელს ხდის გადაცდომის ჩამდენის მიერ მუშაობის გაგრძელებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. საქართველოს პრეზიდენტის 17.03.97წ. ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 69-ე მუხლის თანახმად, “რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს პოლიციის თანამშრომლისათვის უღირსი საქციელი, დათხოვნილ უნდა იქნენ რიგითი და ოფიცერთა წოდების დისკრედიტაციისათვის”.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, დ. მ.-ე თანამდებობაზე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-17 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის, “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 17.03.97წ. ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-9 მუხლის დარღვევით დაინიშნა. განსახილველ შემთხვევაში, შსს ... ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა კასატორის მშობელს, რაც შსს-ს ... ბიუროს ინსპექტორის თანამდებობაზე მისი შვილის დანიშვნისათვის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 104-ე მუხლის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია.

საქართველოს პრეზიდენტის 17.03.97წ. ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-60 მუხლის “კ” ქვეპუნქტის თანახმად, მოხელის მიერ დისციპლინის ერთჯერადი უხეში დარღვევა შს ორგანოდან მისი დათხოვნის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა დ. მ.-ის სამსახურიდან განთავისუფლების საკმაო სამართლებრივი საფუძველი და შს მინისტრის 28.03.04წ. ¹135 ბრძანება დ. მ.-ის სამსახურიდან განთავისუფლების ნაწილში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არის მოცემული.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადაა მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 21.12.04წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.