Facebook Twitter

ბს-46-28-კ-05 15 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამსახურში აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

04.08.03წ. ა. გ-მა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხის გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ სარჩელი აღძრა და გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში 1965 წლიდან მუშაობდა, 17.01.2000წ. დაინიშნა გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ...ედ, ხოლო გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 20.03.01წ ¹4-კ ბრძანების საფუძველზე გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. აღნიშნული ბრძანება უკანონოა და მისი გამოცემით დაირღვა “აღმასრულებელ ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 88-ე და 89-ე მუხლების მოთხოვნები. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 29.03.01წ. გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა და ოჯახური პირობების გამო თანამდებობიდან დროებით გათავსუფლება მოითხოვა. რეალურად, აღნიშნული განცხადება იმის გამო დაიწერა, რომ ამ პერიოდში მის მიმართ სამართლებრივი ორგანოებისა და საგადასახადო სამსახურის მიერ პრესაში (“მ-ი”, ¹..., 2000წ.) გამოქვეყნებულ სტატიაში მითითებული ფაქტების მოკვლევა მიმდინარეობდა. მოსარჩელის მოსაზრებით, მისი 29.03.01წ. განცხადება თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების შესახებ მისი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების და არა თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა გამხდარიყო.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 28.01.01წ., მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მის მიმართ პროკურატურას პრეტენზია არ გააჩნდა, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ჯერ ფაქსით, ხოლო 03.07.01წ. სამუშაოზე მიღების შესახებ განცხადებით მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. შემდგომში მოსარჩელემ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, სახელმწიფო მინისტრს, ეროვნული უშიშროების საბჭოს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, რომლებმაც ორიწ. განმავლობაში შეისწავლეს მისი განცხადებები და დაადასტურეს მის მიმართ გეოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის მხრიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის უხეში დარღვევისა და მისი შრომითი უფლებების შელახვის ფაქტები. მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნულის საფუძველზე გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას უნდა შეესწავლა და დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა.

მოპასუხე გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ა. გ-ი გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ კანონის მოთხოვნის დარღვევით დაინიშნა, ვინაიდან ბრძანება აღნიშნულ თანამდებობაზე მისი დროებითი დანიშვნის შესახებ სზაკ-ის 66-ე მუხლის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა. ამასთან, შრომითი ხელშეკრულება მიზნად ისახავდა არა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, არამედ სამსახურებრივი პასპორტის მიღებას და ა. გ-ის სირიაში გამგზავრებას. ა. გ-ი 17.01.2000წ. ბრძანებით საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოდ ჯერ 6 თვის გამოსაცდელი ვადით კონკრეტული დავალების შესასრულებლად დაინიშნა, ხოლო 01.02.2000წ. ¹3-კ ბრძანებით, 17.01.2000წ. ბრძანებაში ცვლილების შეტანით დროებით დაინიშნა თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.

მოპასუხის მოსაზრებით, ა. გ-სა და გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ზემოაღნიშნული ბრძანებები ეწინააღმდეგებოდა სკ-ის 54-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, გარიგება, რომელიც არღვევდა კანონით დადგენილ წესს, აკრძალვებს და ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს, ბათილი იყო, ვინაიდან, ა. გ-ი და გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ადმინისტრაცია მოქმედებდნენ ა. გ-ისათვის სახელმწიფოებრივი პრივილეგიის მინიჭების მიზნით. ამდენად, აღნიშნული ბრძანება, როგორც საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო, ბათილ გარიგებას, ანუ არარა გარიგებას წარმოადგენდა, რომელიც სკ-ის 61-ე მუხლის შესაბამისად დადებისთანავე ბათილი იყო. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანების სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადა ა. გ-ს გაშვებული ჰქონდა და მისი სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული საამართლოს 27.01.04წ. გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ 17.01.2000წ., 01.02.2000წ. ბრძანებებით დაინიშნა დროებით, თვიური სარგოს განსაზღვრის გარეშე, დანიშვნა განხორციელდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-8, მე-23, 26-ე, 37-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევით. ა. გ-ს აღნიშნულ ბრძანებათა კანონიერების საკითხი კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია. თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის განცხადება, რომელითაც ის მოითხოვდა სამსახურიდან დროებით გათავისუფლებას, რაც კანონის 89-ე მუხლის მიხედვით, სამსახურებრივი საქმიანობის დროებითი შეჩერებისა და არა განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას 21.03.01 წ. გაეცნო, მოსარჩელეს დარღვეული აქვს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1 მუხლის მოთხოვნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ა. გ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დეპარტამენტის თავმჯდომარის 20.03.01წ. ¹4-კ ბრძანების გაუქმება და გეოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის საოქმო დადგენილებით, აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში მოპასუხედ გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ჩაება. აპელანტმა მოითხოვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე აღდგენა. 02.07.04წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება _ გეოლოგიის დეპარტამენტი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 29.10.04წ. განჩინებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 27.01.04წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ა. გ-ი გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 20.03.01წ. ¹4-კ ბრძანებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 21.03.01წ., ანუ მეორე დღესვე გაეცნო, ხოლო ერთი თვის შემდეგ მასზე გააკეთა მინაწერი, რომ არ ეთანხმებოდა აღნიშნულ ბრძანებას, ხოლო გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს და სათათბირო ორგანოს კომისიის წევრებს 28.06.01წ. ჯერ ფაქსით, ხოლო შემდეგ წერილობითი ფორმით მიმართა სამუშაოზე აღდგენის შესახებ. ამ პერიოდამდე მას სადავო ბრძანება სხვა რომელიმე უწყებაში არ გაუსაჩივრებია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გასაჩივრების ვადა 21.03.01წ. უნდა დაწყებულიყო, ვინაიდან ბრძანების ტექსტის მუშაკის მიერ პირადად გაცნობა აღნიშნული ბრძანების მუშაკისათვის ჩაბარებას უთანაბრდებოდა, საიდანაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილისა და შკკ-ის 204-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მისი გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ა. გ-ის მიმართ შსს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის მიერ მოკვლევის წარმოება, რომელზეც 14.07.01წ. გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას ვერ გამოიწვევდა, ვინაიდან იგი ა. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლებას არ უკავშირდებოდა. მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას საფუძვლად დაედო პირადი განცხადება ოჯახური პირობების გამო სამუშაოდან დროებით გათავისუფლებაზე და არა მოკვლევის წარმოება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 29.10.04წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-მა. კასატორის აზრით, განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სარჩელის აღძვრამდე კასატორმა განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნა, რაზეც უარი ეთქვა ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ. კასატორის აზრით, უკანონოდ არ დაკმაყოფილდა მისი თხოვნა და ორივე სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი _ სკ-ის 47.2 მუხლი. კასატორი აღნიშნავს, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 27.01.04წ. განჩინების სამოტივაციო ნაწილი დაუსაბუთებელი და უკანონოა, ორივე ინსტანციის სასამართლოს ოქმებში არ ხდებოდა მისი მოსაზრებების ასახვა.

კასატორი განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი შეიცავს უხეშ შეცდომებს, კერძოდ, მასში მითითებულია, რომ 17.01.2000წ. ა. გ-ი დაინიშნა გეოლოგიის სახელმწიფო დეპატამენტის თავმჯდომარედ, საიდანაც გათავისუფლდა გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის თ. ჯ-ის 20.03.01წ. ბრძანებით. შეცდომით იქნა ასევე მითითებული სამსახურში აღდგენის მოთხოვნით გეოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვის თარიღი.

კასატორის აზრით, საქმის განმხილველმა სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი სარჩელის დამკაყოფილებაზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ მან სადავო აქტი ერთი თვის ვადაში არ გაასაჩივრა და არსებითად არ უმსჯელია სხვა გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

კასატორი განმარტავს, რომ საოლქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დარღვეული იქნა საპროცესო ნორმები, კერძოდ, სასამართლო სხდომა, რომლის შემდეგაც საქმეზე გამოტანილ იქნა შემაჯამებელი განჩინება, გრძელდებოდა სულ თხუთმეტიოდე წუთი და სხდომის მიმდინარეობისას სხდომის ოქმში არ იწერებოდა მხარის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტებები. გასაჩივრებული განჩინებისა და 27.01.04წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული საპროცესო კოდექსის ნორმები, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ საქმის განმხილველი სასამართლოები, არ არის იდენტური, რაც კასატორის აზრით, ადასტურებს განჩინების უკანონობას.

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

ა. გ-ის საკასაციო საჩივარზე მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმე საკასაციო პალატის მიერ განხილულ იქნა ზეპირი განხილვის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 17.01.2000წ. და 01.02.2000წ. ბრძანებით ა. გ-ი 2000წ. 17 იანვრიდან დროებით დაინიშნა გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. 19.03.01წ. ა. გ-მა განცხადებით მიმართა დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რომლითაც მოითხოვა ოჯახური პირობების გამო დროებით სამსახურიდან გათავისუფლება. გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 20.03.01წ. ¹4-კ ბრძანებით დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ა. გ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე. ა. გ-ი გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 20.03.01წ. ¹4-კ ბრძანებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 21.03.01წ. ანუ სადავო ბრძანების გამოცემიდან მეორე დღესვე გაეცნო, ხოლო ერთი თვის შემდეგ ბრძანების ტექსტზე ა. გ-ის მიერ გაკეთდა მინაწერი იმის შესახებ, რომ არ ეთანხმებოდა აღნიშნულ ბრძანებას. ა. გ-მა 28.06.01წ. და 03.07.01წ. განცხადებებით მიმართა გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს და დეპარტამენტის სათათბირო ორგანოს წევრებს, რომლითაც მოითხოვა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენა. ამ პერიოდამდე მას სადავო ბრძანება სხვა რომელიმე უწყებაში არ გაუსაჩივრებია. დეპარტამენტის თავმჯდომარის 03.08.01 ¹01-4/248 წერილით ა. გ-ის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნის შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აგრეთვე. დეპარტამენტის თავმჯდომარის 04.07.03წ. ¹01-4/213 პასუხით ა. გ-ისადმი. ა. გ-მა სასამართლოს სასარჩელო განცხადებით 04.08.03წ. მიმართა. ვინაიდან მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ უცილობლად უკავშირდება დეპარტამენტის თავმჯდომარის 20.03.01წ. ¹4-კ ბრძანების გაუქმებას დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ა. გ-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა დეპარტამენტის თავმჯდომარის 20.03.01წ. ¹4-კ ბრძანების გაუქმებას და გეოლოგიის დეპარტამენტის თავმჯოდმარის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გასაჩივრების ვადის დასაწყისად 21.03.01წ. უმართებულოდ მიიჩნია და არასწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმად, “მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება”. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ბრძანების ტექსტის მუშაკის მიერ პირადად გაცნობა ბრძანების მუშაკისათვის ჩაბარებას უთანაბრდება, საიდანაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტისა და შრომის კანონის კოდექსის 204-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, სკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, იწყება მისი გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ა. გ-ის მიმართ შსს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის მიერ მოკვლევის წარმოება, რომელზეც 14.07.01წ. გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას (სკ-ის 137-ე მუხ.) ვერ გამოიწვევს, ვინაიდან იგი ა. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლებას არ უკავშირდება. მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას საფუძვლად დაედო პირადი განცხადება ოჯახური პირობების გამო სამუშაოდან დროებით გათავისუფლების შესახებ და არა მოკვლევის წარმოება. ამასთანავე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 14.07.01 წ. დადგენილების გამოტანისა და გაცნობიდან სასარჩელო ხანდაზმულობის ათვლის შემთხვევაშიც ა. გ-ს ასევე გაცდენილი აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

სსკ-ის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განჩინების კანონიერებაზე. ამასთანავე, სსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. გ-მა სასამართლოს სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის განცხადებით მიმართა სარჩელის აღძვრამდე. სსკ-ის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევა გათვალისწინებულია მხარისათვის, რომელსაც არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება. სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შუამდგომლობის დაყენების მომენტში ა. გ-ი არ წარმოადგენდა პროცესის მონაწილე სუბიექტს, ვინაიდან არ ჰქონდა აღძრული სარჩელი სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას მართებულად ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე და მითითებული გარემოება არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს, მით უფრო, რომ ა. გ-ი სასამართლოში პირველივე სხდომებიდანვე საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის _ დ. კ-ის მონაწილეობით (რწმუნებულება 30.09.03წ. ¹1-11790).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში დაშვებული ზოგიერთი მექანიკური ხასიათის უზუსტობა (გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში თანამდებობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის თარიღის არასწორი მითითება, სამოტივაციო ნაწილში ბრძანების გაცნობის დღედ 21.03.01წ. ნაცვლად 21.03.04წ. მითითება) არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. სსკ-ის 260-ე მუხლის თანახმად, მხარე უფლებამოსილია, გადაწყვეტილებაში დაშვებული მექანიკური შეცდომების გასწორების განცხადებით მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, გადაწყევტილებაში შესწორების შეტანისათვის რაიმე ვადები გათვალისწინებული არაა.

საკასაციო საჩივრით სადავოდ არის ქცეული რაიონული და საოლქო სასამართლოების სხდომის ოქმებიც. კასატორის განმარტებით, სხდომის მდივანი მის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ახსნა-განმარტებებს სხდომის ოქმში არ ასახავდა. სსკ-ის 291-ე მუხლის თანახმად, მხარე უფლებამოსილია, წარადგინოს შენიშვნები სხდომის ოქმის მიმართ. ა. გ-ს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ სამი დღის განმავლობაში შენიშვნები სხდომის ოქმის მიმართ არ წარუდგენია. სხდომის ოქმის მიმართ შენიშვნების წარდგენის ვადა აღმკვეთი ხასიათისაა, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მისი აღდგენის შესაძლებლობას. ამდენად, ადგილი არა არსებობს სსკ-ის 394-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, აგრეთვე, იმ გარემოებაზე, რომ საპროცესო კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული სასამართლო სხდომის ხანგრძლივობა. საქმის განმხილველი სასამართლო სხდომებს ატარებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია განსახილველი საქმის სირთულესა და მოცულობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის დარღვევად ვერ იქნება მიჩნეული ის გარემოება, რომ საოლქო სასამართლოს 29.10.04წ. სასამართლო სხდომა არ იყო ხანგრძლივი, მით უფრო, რომ 29.10.04წ. სხდომას წინ უძღოდა რამოდენიმე ჩატარებული სხდომა. ამასთანავე, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის გაცდენა არის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი, რომელიც გამორიცხავს სარჩელის არსებითად განხილვის საჭიროებას და განაპირობებს თავდაპირველად კანონმდებელობით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცულობის დადგენის საჭიროებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს მოქმედი სასკ-ის 261 მუხლის რედაქცია გამორიცხავდა მოპასუხის პირველი, თუნდაც არასაპატიო, გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმის განხილვის შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო პროცესის ჩატარება პირველსავე სასამართლო სხდომაზე არ იყო დასაშვები. მხარის ხელმეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა იძლეოდა მოპასუხის დაუსწრებლად გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. სააპელაციო პალატის 29.10.04წ. სხდომაზე მოპასუხის დაუსწრებლობა არ გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის გაცდენა არ გამორიცხავს თვით უფლებას სარჩელზე, სასამართლოს მიერ საქმის განხილვას საჭიროებას. ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს, ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით სარჩელის შეტანა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

საკასაციო პალატა არ იზიარებს, აგრეთვე, კასატორის მოსაზრებას გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილთან დაკავშირებით. განჩინების მითითებული ნაწილი შედგენილია სსკ-ის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შეიცავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილისათვის სავალდებულო რეკვიზიტებს. სკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, გარდა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი საპროცესო ნორმებისა, ასევე, ხელმძღვანელობს სსკ-ის 46-ე თავით განსაზღვრული დებულებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითებინა სსკ-ის ის მუხლები, რომელიც რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა. ამდენად. კასატორის მოსაზრება გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის უკანონობის თაობაზე უსაფუძვლოა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის გამო და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 29.10.04წ. განჩინება. “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 29.10.04წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.