Facebook Twitter

ას-1329-1349-2011 3 თებერვალი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «უ. თ-ი»

წარმომადგენელი – ა. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ კომპანია «ს. ს.ა»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინება

დავის საგანი – პროდუქცია «ვ-ოს» იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვა, საქართველოს ბაზარზე უკვე გავრცელებული პროდუქცია «ვ-ოს» ამოღება, განადგურება, მისი გამოსახულების ეტიკეტების, ანაბეჭდების, შესაფუთი მასალებისა და სარეკლამო განცხადებების განადგურება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 22 იანვარს კომპანია «ს. ს.ა.-მ» თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სს «ლ-ისა» და შპს «უ. თ-ის» წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა პროდუქცია «ვ-ოს» იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვა, საქართველოს ბაზარზე უკვე გავრცელებული პროდუქცია «ვ-ოს» ამოღება, განადგურება, მისი გამოსახულების ეტიკეტების, ანაბეჭდების, შესაფუთი მასალებისა და სარეკლამო განცხადებების განადგურება.

მოსარჩელის განმარტებით, ბელგიური კომპანია «ს. ს.ა» არის «ფერეროს» ჯგუფის კომპანია. მისი ერთ-ერთი სასაქონლო ნიშანია «რ-ოს» სამგანზომილებიანი გამოსახულება. შპს «უ. თრეიდიგნი» ახორციელებს რუსული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია «ლ-ის» მიერ წარმოებული პროდუქცია «ვ-ოს» რეალიზაციასა და დისტრიბუციას. ეს პროდუქცია სამართალწარმოების მიზეზი გახდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, სადაც კომპანია «ლ-ს» აეკრძალა მრგვალი ფორმის ქოქოსით დაფარული კრემისა და ნუშის შიგთავსის ვაფლის წარმოება და რეალიზაცია ისეთი ფორმით, რომელიც არღვევს «ფერეროს» უფლებებს სასაქონლო ნიშანზე. აღნიშნულის მიუხედავად, კომპანია კვლავ აგრძელებს «ვ-ოს» რეალიზაციას საქართველოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით კომპანია «ს. ს.ა.-ს» სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «უ. თ-ს» აეკრძალა პროდუქცია «ვ-ოს» იმპორტი და რეალიზაცია, აგრეთვე, ამოღებულ და განადგურებულ იქნა საქართველოს ბაზარზე უკვე გავრცელებული პროდუქცია «ვ-ო», მისი გამოსახულების ეტიკეტები, ანაბეჭდების შესაფუთი მასალები და სარეკლამო განცხადებები.

სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. საქართველოში რეგისტრირებულია და ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის ოქმით გავრცელებულია და დაცულია დასახელებები «ღაფფაელლო”, “FEღღEღO ღOჩHEღ”;

2. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის 2010 წლის 15 აპრილის ¹01-03/281 წერილის თანახმად, სასაქონლო ნიშანი (საერთაშორისო რეგისტრაციის ¹798984 და ¹729178), დაცულია საქართველოში;

3. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ¹104/03 წერილის თანახმად, “L-” (საერთაშორის რეგისტრაციის ¹1019633) და “ჭAFEღAთთO DAAEHAთთO” (საერთაშორისო რეგისტრაციის ¹1009027) ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის ოქმის მიხედვით, საქართველოში დაცულია ნიშანია “ჭAFEღAთთO DAAEHAთთO”, მისი მოქმედების ვადაა 2019 წლის 25 მაისამდე, ხოლო მეორე ნიშანი “L-” გავრცელებულია საქართველოზე დაცვის მოთხოვნით, მასზე საქმის წარმოება დასრულებული არ არის;

4. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის 2010 წლის 29 ივნისის ¹01-03/533 წერილის თანახმად, სასაქონლო ნიშანი (საერთაშორისო რეგისტრაციის ¹798984) დაცულია საქართველოში, როგორც ორგანზომილებიანი გამოსახულება; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის 2010 წლის 7 ივლისის ¹01-03/559 წერილის თანახმად, საერთაშორისო რეგისტრაციის ნომრები 715752 და 729178 საქართველოში დაცულია, როგორც სამგანზომილებიანი ნიშანი;

5. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის 2010 წლის 7 ივლისის ¹01-03/559 წერილის თანახმად, საერთაშორისო რეგისტრაციის ნომრები 715752 და 729178 საქართველოში დაცულია, როგორც სამგანზომილებიანი ნიშანი;

6. 2008 წლის 27 თებერვლის ¹Gღ/2008-2 ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში “ჭAFEღAთთO DAAEHAთთO-ს” რეალიზაციას ახდენს შპს «უ. თ-ი»;

7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 30 ივლისის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ კანფეტებს ეტიკეტებზე წარწერით “L- ჭAFEღAთთO” და “ღAFFAELLO” აქვთ მსგავსი ორგანოლეპტიკური (გემო, სუნი) მაჩვენებლები;

8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 29 ივლისის დასკვნის თანახმად, «რ-ოს» და «ვ-ო-ლ-ის» კოლოფები ერთმანეთისაგან განსახვავდებიან ფორმით, გამოსახულებებით, წარწერებით, რომლებიც შესრულებულია სხვადასხვა ტიპის შრიფტით. თანადამთხვევა გამოვლინდა კოლოფებისა და ზოგიერთი გამოსახულების (წითელი, თეთრი, ოქროსფერი) ფერებში. «რ-ოსა» და «ვ-ო-ლ-ის» კანფეტების შეფუთვებს გააჩნიათ ერთი და იმავე ფორმის შეფუთვა, ორივე მათგანის ბოლოები დაკბილულია და გამოყენებულია ერთნაირი ფერის საღებავი ნივთიერებები, დაახლოებით ერთნაირი ზომისაა და შეფუთულია ერთიდაიგივე წესით. განსხვავება გამოვლინდა მხოლოდ შეფუთვაზე არსებული წარწერების შინაარსა და გამოსახულებებში. «რ-ოსა» და «ვ-ო-ლ-ის» კანფეტებს გააჩნიათ ერთი და იგივე ფერი და ზომები, ხოლო ფორმა ნაწილობრივ ემთხვევა;

9. “L--მა” შეცვალა კოლოფის დიზაინი და გადაუხადა კომპენსაცია «ს.ს». კოლოფები ძველი დიზაინით, რომლებზეც დატანილი იყო სადავო აღნიშვნა, განადგურდა;

10. შპს ,,უ. თ-ი» ახორციელებს რუსული კომპანია ,,ლ-ის» წარმოებული ,,ვ-ოს» რეალიზაციასა და დისტრიბუციას საქართველოს ტერიტორიაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებით შპს «უ. თ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტიბრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ მოცემულ დავაში კომპანია «ს.ი» სადავოდ ხდიდა მხოლოდ «რ-ოს» კანფეტის პირველადი შეფუთვის _ სამგანზომილებიანი გამოსახულების (საერთაშორისო რეგისტრაციიის ¹729178) და თავად კანფეტის ორგანზომილებიანი გამოსახულების (საერთაშორისო რეგისტრაციიის ¹798984) უკანონო გამოყენებას. აღნიშნული მოთხოვნის საპირისპიროდ კი, აპელანტი მუდმივად მიუთითებდა «ვ-ო-ლ-ის» კოლოფზე (და არა კანფეტზე და მის პირველად შეფუთვაზე), სასაქონლო ნიშნის კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის ფაქტზე და იმ გარემოებაზე, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 29 ივლისის დასკვნის თანახმად, «რ-ოს» და «ვ-ო-ლ-ის» კოლოფები ერთმანეთისაგან განსხვავდება ფორმით, გამოსახულებებით, წარწერებით, წარწერები შესრულებულია სხვადასხვა ტიპის შრიფტით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ამ დასაბუთებით აპელანტი ვერ გააქარწყლებდა სარჩელის საფუძვლად მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სასამართლოს მიერ აღწერილია არა სასაქონლო ნიშნის, არამედ უშუალოდ პროდუქციის აღწერილობა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ, აპელანტის მტკიცებით, თავდაპირველად საქმეში წარმოდგენილი იყო მხოლოდ სარჩელზე თანდარული სასაქონლო ნიშნის დაცვის დამადასტურებელი საქპატენტის 2009 წლის 20 ნოემბრის ¹01-03/706 წერილი, რომელშიც სადავო ¹729178 სასაქონლო ნიშანი საერთოდ არ ფიგურირებდა. მოგვიანებით კი, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა უფრო ახალი 2010 წლის 15 აპრილის საქპატენტის ¹01-03/281 წერილი, რომელშიც «ს.ის» სახელზე რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი ¹729178. აღნიშნულის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის განხილვის დროს მხარეებს შეუძლიათ, კანონით დადგენილ ფარგლებში სარჩელის თავდაპირველ საგანს დაამატონ ახალი მოთხოვნა და განახორციელონ სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმაცია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის დისპოზიცია ამ უფლების რეალიზაციისათვის მოსარჩელეს განუსაზღვრავს დროს საქმის განხილვის გარკვეულ ეტაპამდე და ადგენს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის გადიდება შეიძლება საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებული სხდომა არ დანიშნულა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 აპრილის მთავარ სხდომაზე, შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე, კომპანია «ს.ის» წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა წარმოადგინა ახალი მტკიცებულება - 2010 წლის 15 აპრილის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის წერილი.

აღნიშნული განჩინება შპს «უ. თ-ის» წარმომადგენელმა ა. მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სს «ლ-ის» სახელზე რეგისტრირებულია რამდენიმე სასაქონლო ნიშანი, რომლებიც ასევეა დაცული საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «სასაქონლო ნიშნების შესახებ» კანონის მე-6 მუხლი და არ გაითვალისწინა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც შეფუთვის კოლოფები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფორმით, გამოსახულებით, წარწერებით. გარდა ამისა, იმავე დასკვნის მიხედვით, კანფეტ «ვ-ო ლ-ს» აქვს ქოქოსისა და ვანილის სუსტად გამოხატული არომატი, «რ-ოს» კი – კარგად გამოხატული ბალანსირებული არომატი, ასევე, კანფეტ «ვ-ოს» შიგთავსი ყვითელი სქელი მასაა, «რ-ოსი» კი – კრემისფერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ორი პროდუქცია არაფრით ჰგავს ერთმანეთს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ორივე პროდუქციის შეფუთვაზე გამოყენებულია წითელი და ოქროსფერი საღებავები და არ გაითვალისწინა ექსპერტიზის დასკვნის ის ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ ეს შეფუთვები ერთმანეთისაგან განსხვადება ნახატებითა და წარწერებით. სააპელაციო სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ კანფეტ «ვ-ოს» შეფუთვა არა მხოლოდ თეთრი და ოქროსფერია, არამედ წითელი, ყვითელი, შინდისფერი, ფორთოხლისფერი და ყავისფერიცაა. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ მოპასუხეს მთლიანად აუკრძალა «ვ-ო ლ-ის» დისტრიბუცია, რაც მას გამოუსწორებელ ფინანსურ ზიანს აყენებს. სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს, თუ რაიმე პრეტენზია გააჩნდა სს «ლ-ის» სასაქონლო ნიშნებთან, უნდა გაესაჩივრებინა საქპატენტის გადაწყვეტილება მათი რეგისტრაციის თაობაზე. «ს.ს» კი, რეგისტრაციის გაუქმება არ მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შპს «უ. თ-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა აეკრძალა მთლიანად პროდუქცია «ვ-ოს» იმპორტი და რეალიზაცია.

სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად და ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო იყო მხოლოდ კანფეტ «ვ-ოს» მსგავსება «რ-ოს» კანფეტის ორგანზომილებიან გამოსახულებასთან, ასევე «რ-ოს» პირველადი შეფუთვის სამგანზომილებიანი გამოსახულების უკანონო გამოყენება, სასამართლომ კი, მოპასუხეს მთლიანად პროდუქცია «ვ-ოს» იმპორტი და რეალიზაცია აუკრძალა, მაშინ, როდესაც, მხარის მითითებით, კომპანია «ლ-ი» ამ დასახელებით არა მარტო ტკბილეულს, არამედ სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებს, რომელთა მიმართაც «ს. ს.ა.»-ს საკუთარი უფლებების დარღვევა სადავოდ არ გაუხდია. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში კი, ზოგადად პროდუქცია «ვ-ოს» მითითება სცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და მოპასუხის ინტერესებს უსაფუძვლოდ ზღუდავს. უფრო მეტიც, რეალურად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის პრეტენზია მიმართული იყო კანფეტ «ვ-ოს» მხოლოდ ერთი სახეობის - «ვ-ო კლასიკის» წინააღდეგ, რომელსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა და გამოვლინდა როგორც პირველად შეფუთვის, ისე თავად კანფეტის მსგავსება «ს. ს.ა.»-ს დაცულ სასაქონლო ნიშნებთან. საქმეში კი, წარმოდგენილია კანფეტ «ვ-ო გოლდის» ფოტო, რომლის მსგავსებაც «რ-ოსთან» არ იკვეთება.

აღნიშნულ საკითხებზე შპს «უ. თ-ი» თავის სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რაზეც სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ «რ-ოს» სასაქონლო ნიშნები რეგისტრირებულია სიტყვიერი აღნიშვნის გარეშე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმსგავსებულად უნდა ჩაითვალოს სასაქონლო ნიშანი, რომელიც ვიზუალურად ჰგავს რეგისტრირებულ გამოსახულებას. ვიზუალურ მსგავსებას იწვევს კანფეტების შეფუთვის წესი, ფერი, ფორმა, წარწერების ფერი, განლაგება და შრიფტი, ასევე თავად კანფეტის ფორმა, ფერი და შემადგენლობა. სხვაგვარი ინტერპრეტაციის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნებისმიერი კანფეტი, რომელიც დაკბილულბოლოებიანი შეფუთვითაა გამოშვებული და დაფქვილი ქოქოსითაა დაფარული შეიძლება არღვევდეს კომპანია «ს.ის» სამრეწველო საკუთრებას, რაც არარეალურია. სასაქონლი ნიშნის უპირველესი დანიშნულება პროდუქციისა და მწარმოებლის განსხვავებაა სხვა ანალოგიური პროდუქციისაგან. ამდენად, არსებითი ამ შემთხვევაში ის გარემოებაა, რამდენად შეიძლება «ლ-ის» პროდუქციის აღრევა «რ-ოსთან.» ამ მოსაზრებას ადასტურებს საქართველოს კანონი «სასაქონლო ნიშნების შესახებ», რომლის ნორმების შესაბამისადაც, დაუშვებელია რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების იდენტური ან აღრევამდე მიმსგავსებული სასაქონლო ნიშნების გამოყენება (მუხლი 5, 6). იმ პირობებში, როდესაც პირველადი შეფუთვის ფერი, ასევე კანფეტის ფერი და შიგთავსი განსხვავებულია, აღრევამდე მსგავსებაზე საუბარი შეუძლებელია.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არასწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო «რ-ოსა» და «ვ-ოს» კოლოფების განსხვავება, ამ ნაწილში საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და აღნიშნავს, რომ კოლოფების მსგავსებაზე მოსარჩელეს არასოდეს მიუთითებია, მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო მხოლოდ «რ-ოს» კანფეტის პირველადი შეფუთვის _ სამგანზომილებიანი გამოსახულების (საერთაშორისო რეგისტრაციიის ¹729178) და თავად კანფეტის ორგანზომილებიანი გამოსახულების (საერთაშორისო რეგისტრაციიის ¹798984) უკანონო გამოყენება, აღნიშნულის საპირისპიროდ კი, მოპასუხეს, რეალურად, არგუმენტი არ გააჩნია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მტკიცებულებების გამოკვლევისა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საჭიროება არ არსებობს, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «უ. თ-ს» უნდა აეკრძალოს თეთრი ფერის ქოქოსის ფანტელებით დაფარული კანფეტ «ვ-ოს», რომელიც წარმოდგენილია თეთრ-წითელ დაკბილულბოლოებიანი პირველადი შეფუთვით, იმპორტი და რეალიზაცია. ასევე უნდა დადგინდეს საქართველოს ბაზარზე უკვე გავრცელებული პროდუქცია «ვ-ო კლასიკის» ამოღება, განადგურება, მისი გამოსახულების ეტიკეტების, ანაბეჭდების, შესაფუთი მასალებისა და სარეკლამო განცხადებების განადგურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

შპს «უ. თ-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

1. კომპანია «ს. ს.ა.»-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. შპს «უ. თ-ს» აეკრძალოს თეთრი ფერის ქოქოსის ფანტელებით დაფარული კანფეტ «ვ-ოს», რომელიც წარმოდგენილია თეთრ-წითელ დაკბილულბოლოებიანი პირველადი შეფუთვით, იმპორტი და რეალიზაცია;

3. განხორციელდეს საქართველოს ბაზარზე უკვე გავრცელებული პროდუქცია «ვ-ო კლასიკის» ამოღება, განადგურება, მისი გამოსახულების ეტიკეტების, ანაბეჭდების, შესაფუთი მასალებისა და სარეკლამო განცხადებების განადგურება;

4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.