Facebook Twitter

№ა-4523-შ-74-2011 10 აპრილი, 2012 წელი

ა-4523-შ-74-2011-მაკალათია თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – სოფიო მაკალათია

მოწინააღმდეგე მხარე – ჯიმშერ სოსოს ძე ღელაღუტაშვილი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის მხარის ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2-8920/09)

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის მხარის ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სოფიო მაკალათიას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ჯიმშერ სოსოს ძე ღელაღუტაშვილს ჩამოერთვა მშობლის უფლება არასრულწლოვანი ქალიშვილის ელენე ჯიმშერის ასული ღელაღუტაშვილის, დაბადებულის 2004 წლის 27 თებერვალს, მცხოვრების ლენინგრადის მხარის ქ.ვიბორგში, მიმართ.

სოფიო მაკალათიამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინებით ელენე ჯიმშერის ასული ღელაღუტაშვილის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ სოფიო მაკალათიას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის მხარის ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების მოთხოვნის ნაწილში შუამდგომლობას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის მხარის ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სოფიო მაკალათიას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ჯიმშერ სოსოს ძე ღელაღუტაშვილს ჩამოერთვა მშობლის უფლება არასრულწლოვანი ქალიშვილის ელენე ჯიმშერის ასული ღელაღუტაშვილის, დაბადებულის 2004 წლის 27 თებერვალს, მცხოვრების ლენინგრადის მხარის ქ.ვიბორგში, მიმართ.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის მხარის ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სოფიო მაკალათიას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ჯიმშერ სოსოს ძე ღელაღუტაშვილს ჩამოერთვა მშობლის უფლება არასრულწლოვანი ქალიშვილის ელენე ჯიმშერის ასული ღელაღუტაშვილის, დაბადებულის 2004 წლის 27 თებერვალს, მცხოვრების ლენინგრადის მხარის ქ.ვიბორგში, მიმართ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ შუამდგომლობას სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ თან უნდა დაერთოს ცნობა გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობის შესახებ. ამავდროულად, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას. ზემომითითებული ნორმები ადგენენ იმ სავალდებულო პირობათა ჩამონათვალს, რომლებიც დაცული უნდა იყოს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის. ერთ-ერთი ასეთი პირობაა შუამდგომლობის ავტორის მიერ კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენა გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა ცნობა რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის მხარის ვიბორგის საქალაქო სასამართლოდან, სადაც აღნიშნულია, რომ ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების ამონაწერი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში, გადაეგზავნა ლენინგრადის ოლქის ვიბორგის რაიონის სამოქალაქო მდგომარეობის აქტების მარეგისტრირებელ ორგანოს, ბავშვის დაბადების ადგილის რეგისტრაციის მიხედვით. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის მხარის ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, უკვე აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე, იგი ვერ დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სოფიო მაკალათიას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის მხარის ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2-8920/09), საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის მხარის ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სოფიო მაკალათიას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ჯიმშერ სოსოს ძე ღელაღუტაშვილს ჩამოერთვა მშობლის უფლება არასრულწლოვანი ქალიშვილის ელენე ჯიმშერის ასული ღელაღუტაშვილის, დაბადებულის 2004 წლის 27 თებერვალს, მცხოვრების ლენინგრადის მხარის ქ.ვიბორგში, მიმართ;

3. სოფიო მაკალათიას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის მხარის ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2-8920/09), საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე