№ა-4591-ბ-32-2011 20 აპრილი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ზ. ლ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ლ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თანნხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 22 აგვისტოს ზ. ლ-ემ სარჩელი აღძრა ბაღდათის რაიონულ სასამრთლოში კ. ლ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
ბაღდათის რაიონული სასამრთლოს 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ლ-ის სარჩელი კ. ლ-ის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ლ-ემ .
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივნისის განჩინებით ზ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბაღდათის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივნისის განჩინება საკააციო წესით გაასაჩივრა ზ. ლ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ზ. ლ-ეს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2011 წლის 7 დეკემბერს ზ. ლ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა. მისი მტკიცებით, უზენაესი სასამრთლოს განჩინება ხარვეზის თაობაზე კურიერმა მ. ი-ემ კანონით დადგენილი წესით არ ჩააბარა, რის გამოც გაუშვა ხარვეზის შევსების ვადა, რასაც ადასტურებს ვანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის განაჩენი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინება ზ. ლ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საქმის მასალებში წარმოდგენილი, ზ. ლ-ის ვანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის განაჩენა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ზ. ლ-ეს ზემოაღნიშნილი განჩინება არ ჩაბარებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ზ. ლ-ის განცხადების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ზ. ლ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმის წარმოება განახლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლებით, 401-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზ. ლ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2.გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინება და საქმის წარმოება განახლდეს;
3 საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.