ა-64-შ-1-2012 10 აპრილი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ჯ. პ-ის წარმომადგენელი ა. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ჰ. პ. პ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ავსტრიის რესპუბლიკის ინსბრუკის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ავსტრიის რესპუბლიკის ინსბრუკის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა ავსტრიის მოქალაქის – ჰ. პ. პ-ის (მშვილებელი) მიერ საქართველოს მოქალაქის – ჯ. ა-ის შვილად აყვანა; შვილად აყვანით მოიშალა შვილად ასაყვანის საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები ღვიძლ მამასთან, აბიდ მასმალი-ოღლი ა-თან.
ჯ. პ-ის წარმომადგენელმა ა. ხ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. ამავდროულად, მან მიუთითა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება აღსრულებულია ავსტრიაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი შუამდგომლობით ჯ. პ-ის წარმომადგენელი ა. ხ-ი მოითხოვს ავსტრიის რესპუბლიკის ინსბრუკის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას, რომლითაც დამტკიცდა ავსტრიის მოქალაქის – ჰ. პ. პ-ის (მშვილებელი) მიერ საქართველოს მოქალაქის – ჯ. ა-ის შვილად აყვანა; შვილად აყვანით მოიშალა შვილად ასაყვანის საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები ღვიძლ მამასთან, აბიდ მასმალი-ოღლი ა-თან.
საქმეზე დგინდება, რომ დასახელებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1995 წლის 18 სექტემბერს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ წარმოდგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით, რამდენადაც შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ინსბრუკის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ წარმოდგენილია კანონის აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ათწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, 2012 წლის 6 იანვარს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ობიექტად მოიაზრება არა კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი გადაწყვეტილება, არამედ – მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიანი და აღსრულებადი გადაწყვეტილება. ავსტრიის რესპუბლიკის ინსბრუკის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, შუამდგომლობა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. პ-ის წარმომადგენელ ა. ხ-ის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ინსბრუკის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.