Facebook Twitter
საქმე №ა-904-შ-24-2012 2 აპრილი, 2012 წელი

ა-904-შ-24-2012 2 აპრილი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. მ-ი

წარმომადგენელი – შ.მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ხ-ი

მეურვე – კ. ქ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, ჰამის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მცირეწლოვან ბავშვზე ზრუნვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის, ჰამის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით 1997 წლის 10 სექტემბერს დაბადებულ ქ. ხ-ზე ზრუნვა დაეკისრა დედას – ნ. მ-ს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. მ-ის წარმომადგენელმა შ. მ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების თანახმად, ის კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 16 თებერვლიდან, ამავე გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ ჰამის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ნ. მ-ი და ბ. ხ-ის მეურვე კ. ქ-ი. დადგენილია ისიც, რომ მცირეწლოვნის მამა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, იმყოფება მეურვეობაში. ასევე ირკვევა, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი მშობლების საცხოვრებელი ადგილია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინების საფუძველზე შუამდგომლობის ავტორმა დამატებით წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები: საქართველოს საკონსულოს წერილობითი პასუხი გერმანიის ჰამის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღიარების აუცილებლობის შესახებ, სამოქალაქო რეეტრის სააგენტოს მცხეთის სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერები, რომელთა თანახმადაც ნ. მ-ი და ქ. ხ-ი საქართველოს ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებული, ამავე სამსახურის წერილობითი პასუხი ბ. ხ-ის თაობაზე ანალოგიური ინფორმაციის გაცემაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 მუხლის შესაბამისად, უარის თქმის შესახებ, საქართველოს მოქალაქეების: ნ. მ-ის, ბ. და ქ. ხ-ების პასპორტის ასლები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგიტრაციო სამსახურის წერილობითი პასუხი ბ. ხ-ის კუთვნილი, საქართველოში მდებარე უძრავი ქონების თაობაზე და ბ. ხ-ის მეურვე კ. კ-ის წერილობითი, სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა გერმანიის ჰამის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ.მ-მა მოითხოვა შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ნ. მ-ის წარმომადგენელ შ.მ-ის შუამდგომლობა და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. მ-ის წარმომადგენელ შ. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის, ჰამის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შუამდგომლობაზე დართული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაშია 2012 წლის 16 თებერვლიდან, ამავე გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ ჰამის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ნ. მ-ი და ბ. ხ-ის მეურვე კ. ქ-ი. მცირეწლოვნის მამა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, იმყოფება მეურვეობაში. ასევე ირკვევა, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი მშობლების საცხოვრებელი ადგილია.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, გერმანიის, ჰამის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. მ-ის წარმომადგენელ შ. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის, ჰამის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის, ჰამის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც 1997 წლის 10 სექტემბერს დაბადებულ ქ. ხ-ზე ზრუნვა დაეკისრა დედას – ნ. მ-ს. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.