ას-104-100-2012 2 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ბ. კ-ე“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. 90“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „მ. 90-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ. კ-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და შპს „მ. 90-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ბ. კ-ეს“ შპს „მ. 90-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის – 164812,55 ლარის გადახდა, ასევე საპროცესო ხარჯების – 15167 და 12 000 ლარის, ასევე ადვოკატის მომსახურებისათვის 3167 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს „ბ. კ-ემ“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება. კასატორმა ასევე სადავოდ გახადა სააპელაციო პალატის განჩინებები მოწმეთა დაკითხვისა და წერილობითი მტკიცებულებების დართვის შესახებ და ახალი მტკიცებულებების გამოთხოვასა და საქმეზე დართვაზე შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოში შპს „ბ. კ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის დროს მხარეებმა შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს მათ შორის მორიგების დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:
1. შპს „ბ. კ-ე“ შპს „მ. 90-ს“ 2012 წლის 1 მაისიდან 15 (თხუთმეტი) თვის განმავლობაში გადაუხდის 60 000 (სამოცი ათას) ლარს;
2. შპს „მ. 90“ უარს ამბობს სარჩელზე;
3. მორიგების აქტით დადგენილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდება მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების იძულებითი წესით აღსრულება;
4. ფიზიკურმა პირმა ბ. ს-ამ უარი განაცხადა ყველა შესაძლო მოთხოვნაზე შპს „ბ. კ-ის“ მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ შპს „ბ. კ-ეს“ უნდა დაუბრუნდეს შპს „ბ. კ-ის“ დირექტორ მ.კ-ის მიერ 2012 წლის 16 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 8000 ლარი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მორიგება შპს ბ. კ-ესა“ და შპს „მ. 90-ს“ შორის შემდეგი პირობებით:
1. შპს „ბ. კ-ე“ შპს „მ. 90-ს“ 2012 წლის 1 მაისიდან 15 (თხუთმეტი) თვის განმავლობაში გადაუხდის 60 000 (სამოცი ათას) ლარს;
2. შპს „მ. 90“ უარს ამბობს სარჩელზე;
3. მორიგების აქტით დადგენილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდება მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების იძულებითი წესით აღსრულება;
4. ფიზიკურმა პირმა ბ. ს-ამ უარი განაცხადა ყველა შესაძლო მოთხოვნაზე შპს „ბ. კ-ის“ მიმართ.
შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება შპს „მ. 90-ის“ სარჩელის გამო შპს „ბ. კ-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
შპს „ბ. კ-ეს“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) 2012 წლის 16 იანვარს №… საგადასახადო დავალებით შპს „ბ- კ-ის“ დირექტორ მ. კ-ის მიერ გადახდილი 8000 ლარი.
განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.