ას-123-118-2012 17 აპრილი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჩ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, მოძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჩ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ა-ისა და გრ. ა-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობისა და მოძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე ნ. ჩ-ე 1995 წლის 6 მაისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. ა-ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2001 წლის 24 იანვარს დაბადებული ლ. ა-ე და 2003 წლის 12 ივნისს დაბადებული თ. ა-ე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით განქორწინდა მოპასუხესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს ქ. ბათუმში, ქ-ს ქ.№7-ში მდებარე 152.85 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 280კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2005 წელს, თანაცხოვრების პერიოდში იმავე მისამართზე შეიძინეს 278 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 189 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. 2010 წლის 1 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულებით გ. ა-ემ მის საკუთრებაში რეგისტრირებული 280 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 152.85 კვ.მ შენობა ნაგებობა მიჰყიდა თავის ძმას - გრ. ა-ეს; ნასყიდობის ფასი შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მყიდველ, გრ. ა-ის სახელზე. მოპასუხე გ. ა-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ-ს ქ.№7-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს საერთო საკუთრებას, მოსარჩელე არ არის ასეთად რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ქონების გაყოფის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება გ. ა-ისათვის ნ. ჩ-ის სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ნ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა ქ. ბათუმში, ქ-ს ქ.№7-ში მდებარე უძრავი ქონებიდან 280კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 152.85 კვ.მ შენობა ნაგებობის ½ წილზე მისი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ჩ-ე 1995 წლის 6 მაისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე გ. ა-ესთან; ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2001 წლის 24 იანვარს დაბადებული ლ. ა-ე და 2003 წლის 12 ივნისს დაბადებული თ. ა-ე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ე და გ. ა-ე განქორწინდნენ. 2005 წლის 19 სექტემბერს, მხარეთა რეგისტრირებული ქორწინებისა და ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილია ქ. ბათუმში ქ-ს ქ.№7-ში მდებარე 152.85 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 280 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2005 წელს, თანაცხოვრების პერიოდშიიმავე მისამართზე, შეძენილია საცხოვრებელი სახლი 189 კვ.მ საცხოვრებელი ფართით,რომელიც მდებარეობს 278 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. 2010 წლის 1 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულებით გ. ა-ემ მის საკუთრებაში რეგისტრირებული 280 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა 152.85- კვ.მ მიჰყიდა თავის ძმას გრ. ა-ეს; ნასყიდობის ფასს შეადგენდა 10 000 აშშ დოლარი. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მყიდველ გრ. ა-ის საკუთრებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეთა განმარტებებით დადგენილ იქნა, რომ გრ. ა-ე რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს იმ საცხოვრებელ სახლში, რაც 2010 წლის 1 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით აღირიცხა მის საკუთრებაში. საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული შეფასებით გრ. ა-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 36000 ლარს. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ.ბათუმში, ქ-ს ქუჩა №7-ში მდებარე უძრავი ქონება 278 კვ.მ დაზუსტებული ფართით, შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 189.47 კვ.მ – აღრიცხულია მოპასუხე გ. ა-ის საკუთრებად. საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული შეფასებით გ. ა-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 45 000 ლარს.
ნ.ჩ-ის სასარგებლოდ გ. ა-ისათვის 5000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით პალატამ განმარტა შემდეგი: თავდაპირველად წარდგენილი სასარჩელო განცხადებითა და დაზუსტებული სარჩელით ირკვევა, რომ ნ.ჩ-ის მოთხოვნას წარმოადგენდა ქ.ბათუმში, ქ-ს ქუჩა №7-ში მდებარე უძრავ ქონებაზე გ. ა-ესა და გრ. ა-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ასევე ამ ქონებაზე და იმავე მისამართზე მდებარე, გ. ა-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, გ. ა-ისა და ნ. ჩ-ის თანასაკუთრების აღიარება და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის აღრიცხვა. ვინაიდან, არც სასარჩელო განცხადებით და არც სასამართლო სხდმომაზე მოსარჩელეს არ მოუთხოვია ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით ნ. ჩ-ისათვის უძრავი ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის ½ ნაწილის მიკუთვნება წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევას.
ნ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა ქ.ბათუმში, ქ-ს ქუჩა №7-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, გ. ა-ესა და გრ. ა-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ამ ქონებაზე ნ.ჩ-ისა და გ. ა-ის თანამესაკუთრედ აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ქ.ბათუმში, ქ-ს ქუჩა №7-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, რომელიც საჯარო რეესტრში გრ. ა-ის სახელზეა რეგისტრირებული ნ. ჩ-ის თანასაკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ა-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 311-ე და 312-ე მუხლები, რომელთა თანახმადაც უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერებით. აღნიშნული სპეცალური ნორმაა, რომელიც განსაზღვრავს უძრავ ქონებასთან მიმართებით საკუთრების უფლების დადგენის სამართლებრივ საფუძველს და ამიტომაც უპირატესი ნორმაა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლთან მიმართებაში. შესაბამისად, უძრავი ქონება თუნდაც მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი, ვერ ჩაითვლება მათ თანასაკუთრებად, თუკი მეუღლეები არ არიან რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფას, ხოლო ქონება რომელიც სასამართლომ მიაკუთვნა ნ. ჩ-ეს არასოდეს ყოფილა მის საერთო საკუთრებაში. ხოლო აღნიშნული მუხლი, როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მის შემდგომაც ითვალისწინებს მხოლოდ საერთო ქონების გაყოფას. სასამართლომ გამოიყენა 1160-ე მუხლი, რომელიც ასევე არ უნდა გამოეყენებინა. ქონება საერთო საკუთრებაში უნდა იყოს რეგისტრირებული, რომ მეუღლემ მოითხოვოს აღნიშნული ქონების განკარგვიდან მიღებული სარგებელი, ხოლო მეორეს მხრივ, სარგებლის მიღებით დადასტურებული უნდა იყოს მეორე მეუღლის მიერ. მოცემულ შემთხვევაში კი, სარგებელი რაც იქნა მიღებული სახლის რეალიზაციიდან, მთლიანად მოხმარდა მეორე სახლის რემონტს და, შესაბამისად, გაზრდილ იქნა კიდეც მისი ღირებულება, ეს გარემოება დასტურდება თვით მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნითაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა სამოქალაქო კოდექსის 1160-ე და 1164-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ა-ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 10 თებერვალს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –1125 ლარის 70% _ 787.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
გ. ა-ეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –1125 ლარის 70% _787.5 ლარი ( 2012 წლის 10 თებერვალი, საგადასახადო დავალება #...) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.