Facebook Twitter

ას-125-120-2012 19 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – უ. ჟ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „...ცენტრი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „...ცენტრმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში უ. ჟ-ის წინააღმდეგ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ შეგებებული სარჩელით მოითხოვა სს „...ცენტრისათვის“ მის სსარგებლოდ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 10000 ლარის ოდენობით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.ს. ,,წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიულ ცენტრი“-ს (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) სარჩელი დაკმაყოფილდა; უ. ჟ-ს (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) ს.ს. ,,… ცენტრი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1247,67 (ძირითადი თანხა - 1134,27 ლარი, ჯარიმა 113,4 ლარი) ლარის გადახდა; უ. ჟ-ს (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) ს.ს. ,,… ცენტრი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახ. ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის აღძვრისათვის გაწეული ხარჯების გადახდა 191 (150+21+20) ლარის ოდენობით და ადვოკატის მომსახურების ხარჯები 49.90 ლარის ოდენობით, სულ 290.90 ლარი; უ. ჟ-ის (მოპასუხე სარჩელში) შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა უ. ჟ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თვისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 დეკემბრის განჩინებით უ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 3 მარტიდან 2008 წლის 15 მარტის ჩათვლით მკურნალობდა ს.ს. ,,წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიულ ცენტრში”, რომელიც ტერიტორიულად ფუნქციონირებდა შ.პ.ს. ,, ო. ჩ-ის სახელობის ...საავადმყოფოში (ე.წ. ,,... საავადმყოფო”).

უ. ჟ-ის მკურნალობაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 1934,27 ლარი; საიდანაც სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ...ჰ-ის“ მიერ გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე, ანაზღაურდა მხოლოდ 800 ლარი, ხოლო დანარჩენი 1134,27 ლარი, როგორც გეგმიური მკურნალობის გართულებასთან დაკავშირებული ზესტანდარტული ხარჯი, უნდა გადაეხადა უშუალოდ უ. ჟ-ს, აღნიშნული თანხის გადახდაზე უ. ჟ-მა უარი განაცხადა

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს.ს. ,,…ცენტრში” მოთავსებამდე უ. ჟ-ს 2008 წლის 14, 15 და 18 თებერვალს ჩაუტარდა წინასაოპერაციო გამოკვლევები შპს კლინიკა ,,ლ-“-ში, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიის ,,ჯ...ჰ-ის“ პროვაიდერს. სადაზღვევო კომპანიამ უ. ჟ-ი მისივე თხოვნით გააგზავნა სამკურნალოდ შ.პ.ს. ,,…ცენტრში“. კლინიკა ,,ლ-“-ში ჩატარებული გამოკვლევევით უ. ჟ-ს დაუდგინდა ,,ჰეპატიტი C “, რაც ცალსახად დადასტურებულია 2008 წლის 15 თებერვალს შ.პ.ს.,, კლინიკა ლ-“-ის მიერ გაცემული დოკუმენტით სისხლის შრატის გამოკვლევის მონაცემების შესახებ და სხვა მტკიცებულებებით(ს.ფ. 105-115 . ტ.1)

უ. ჟ-თან 2008 წლის 3 მარტს გაფორმებული №44 ხელშეკრულების თანახმად, პაციენტი ვალდებული იყო უზრუნველეყო დადგენილი ტარიფების მიხედვით გაწეული მკურნალობის საფასურის ანაზღაურება წინასწარ ან მკურნალობის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, დანართი №1 საფუძველზე გადაეხადა კურნალობის საზღაური, აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე დაჯარიმდებოდა მკურნალობის საფასურის 1%-ის ოდენობით. 10 კალენდარული დღის განმავლობაში მკურნალობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მკურნალს უფლება აქვს პაციენტისაგან მკურნალობის საფასურის იძულებითი წესით ამოღებისათვის მიმართოს სასამართლოს ან აღნიშნული უფლება გადასცეს მესამე პირს. მოცემული ხელშეკრულების დადება მხარეთა შორის დადასტურდა, როგორც წერილობითი მტკიცებულებებით (ხელშეკრულება #44 ს.ფ.20, ავადმყოფობის ისტორია .. .ტ.1) ისე მოწმეთა ჩვენებებით.

უ. ჟ-ს 2008 წლის 04 მარტს ჩაუტარდა ოპერაცია, ოპერაციის შემდგომი პერიოდი გართულდა სისხლდენით, ჩაუტარდა რელაპარატომია, სისხლდენის გაჩერება, ნაღვლის ბუშტის სარეცელის ტამპონირება და მუცლის ღრუს დრენირება.

უ. ჟ-ს ოპერაციამდე ჩამოერთვა ხელწერილი ოპერაციის ჩატარების თანხმობის შესახებ და ასევე განემარტა ოპერაციის შესაძლო გართულების თაობაზე, რაც ასევე დადასტურებულია ხელწერილით. ხელწერილი შედგენილია 2008 წლის 03 მარტს (ს.ფ. 96. ტ.1.)

სისხლი და სისხლის კომპონენტები, რომლებიც გადაესხა პაციენტ უ. ჟ-ს მიღებულ იქნა შპს ,,...სისხლის ბანკიდან“. სისხლი და სისხლის კომპონენტები შემოწმებული იყო ,,ჰეპატიტი C“-ზე, ,,ჰეპატიტი B“-ზე, შიდსზე და ვასერმანზე.

ს.ს. ,,… ცენტრი“ წარმოადგენს შპს ,,… ცენტრის“ უფლებამონაცვლესა და სამართალმემკვიდრეს.

ქუთაისის ექიმთა ასოციაციის მიერ 2011 წლის 22 თებერვალს სს ,,...ცენტრის’’ გენერალურ დირექტორ მ. ი-ისადმი მიწერილი #03 წერილით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,...ცენტრის’’ გენერალური დირექტორის მ. ი-ის მიმართვის თანახმად, ქუთაისის ექიმთა ასოციაციის გამგეობის მიერ შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა პაციენტ უ. ჟ-ის სტაციონარის სამედიცინო ბარათის განხილვა და პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების შეფასება.

ქუთაისის ექიმთა ასოციაციის გამგეობის განმარტებით, მთლიანობაში მკურნალი ექიმების და მედპერსონალის მიერ ავადმყოფის ოპერაციული ჩარევა და მკურნალობა ჩატარებულია სწორად.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უ. ჟ-ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ოპერაციის შემდგომ ,,C ჰეპატიტით” დაავადების ფაქტს.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრებები წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, კერძოდ, ხელშეკრულებასთან და სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რადგან მოცემული მტკიცებულებები შედგენილია კანონით დადგენილი წესით და ქრონოლოგიურად შეესაბამებოდა მისი მკურნალობის დროს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317.1-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემული ნორმებიდან გამომდინარე მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც უ. ჟ-მა მიიღო სამედიცინო მომსახურეობა და შესაბამისად მას უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე, 420-ე მუხლებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს რაოდენობასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა სს ,,...ცენტრი”-ს მიერ მკურნალობის პერიოდში’ უ. ჟ-ის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი, რაზედაც შესაბამისი მტკიცებულებები სწორედ მოპასუხის მიერ იქნა წარმოდგენილი. პალატამ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია ზიანის ოდენობა აპელანტის მხრიდან.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სწორი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1010-1012 მუხლებზე უხარისხო სისხლის გადასხმით მიყენებული ზიანთან დაკავშირებული გარემოების სამართლებრივი შეფასებისას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა უ. ჟ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ თითქოსდა მკურნალობის ხარჯებმა შეადგინა 1934,27 ლარი, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა ასევე, რომ „კლინიკა-ლჯ“-ის მიერ გაცემული მონაცემებით მას დაუდგინდა „ჰეპატიტი-ც“, რაც არ

შეესაბამება რეალობას. ამასთან, ყალბია №44 ხელშეკრუოლება, ვინაიდან მას ხელი აღნიშნულ ხელშეკრულებაზე არ მოუწერია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 თებერვლის განჩინებით უ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას უ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი უ. ჟ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.