ას-1271-1291-2011 10 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. ნ. ს-ა (დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირი)
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ფ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ქონების უმკვიდროდ ცნობა, უმკვიდრო ქონებაზე შესყიდვის უპირატესი უფლების მინიჭება და მის მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ფ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, ც-ის ქ.№7-ში მდებარე, ტექაღრიცხვის არქივის მონაცემებით, ს. ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და აღნიშნული უმკვიდრო ქონების მოსარჩელისათვის უსასყიდლოდ გადეცემა.
საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირად ჩაება ნ. ს-ა, რათა უმკვიდროდ იქნეს ცნობილი ქ.თბილისში, ც-ის ქ.№7-ში მდებარე, ტექაღრიცხვის არქივის მონაცემებით, ს. ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი და მას მიენიჭოს უმკვიდრო ქონების შესყიდვის უპირატესი უფლება.
მოპასუხემ როგორც ძირითადი, ასევე დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის სარჩელი ნაწილობრივ ცნო და დაეთანხმა ქ.თბილისში, ც-ის ქ.№7-ში მდებარე, ტექაღრიცხვის არქივის მონაცემებით, ს. ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის მოთხოვნას, თუმცა განმარტა, რომ რ. ფ-ე სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ ვერ ჩაითვლება. მხარემ მიიჩნია, რომ ნ. ს-ას მოთხოვნა უმკვიდრო ქონებაზე შესყიდვის უპირატესი უფლების მინიჭების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონი ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით რ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, ც-ის ქ. №7-ში მდებარე, ტექაღრიცხვის არქივის მონაცემებით, ს. ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი ცნობილ იქნა უმკვიდროდ, რ. ფ-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ც-ის ქ.№7-ში მდებარე უმკვიდრო ქონებად მიჩნეული, ტექაღრიცხვის არქივის მონაცემებით, ს. ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის ნაწილი – მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის გეგმის მიხედვით ლიტერ „ა-ში“ მდებარე №1 (22,40კვ.მ), №3 (9,20 კვ.მ) ფართი, მის წინ მდებარე შუშაბანდი (3,30 კვ.მ) და ლიტერ „ა-ში“ მდებარე №4 სარდაფის (16.32 კვ.მ) ნახევარი, მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნ. ს-ას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო ქონება ცნობილ იქნა უმკვიდროდ, ხოლო უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომის უპირატესი შესყიდვის უფლების მინიჭების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ს-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება ნ. ს-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სააპელაციო საჩივარი წარადგინა რ. ფ-ემაც მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნ. ს-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად, რ. ფ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და რ. ფ-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ც-ის ქუჩა №7-ში მდებარე უმკვიდრო ქონებად მიჩნეული, ტექაღრიცხვის არქივის მონაცემებით ს. ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (მდებარე თბილისში, ც-ის ქუჩა №7-ში) გეგმის მიხედვით ლიტერ „ა-ში” არსებული 21,15 კვ.მ, 3,60 კვ.მ და 2,20 კვ.მ ფართები და სარდაფის ნახევარი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
ქ.თბილისში, ც-ის ქ.№7-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი ტექბიუროს მონაცემებით აღრიცხულია ს. ჟ-ასა და ნ. ს-ას სახელზე. საჯარო რეესტრის მიხედვით, თანასაკუთრების საკუთრების უფლება დარეგისტრირებული აქვს ნ. ს-ას, რაც დასტურდება ტენიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით, ცნობა-დახასიათებით, საკუთრების მოწმობით, საკადასტრო გეგმითა და საჯარო რეესტრის ამონაწერით. 1995 წლის 20 ივლისიდან რ. ფ-ე რეგისტრირებულია ქ.თბილისში, ც-ის ქ.№7-ში. რ. ფ-ე საცხოვრებელ სადგომს ფლობს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეებთან – ლ. ფ-ესა და მ. მ-თან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
უდავოა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ რ. ფ-ე ფლობს ქ.თბილისში, ც-ის ქ.№7-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ლიტერ „ა-ს“, საიდანაც 1995 წლის 28 ივნისს სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მან ლ. ფ-ისგან (ქორწინების შემდგომი გვარია ჯ-ე) შეიძინა №4 (16.32 კვ.მ) სარდაფის ნახევარი, №1 (22,40 კვ.მ), №3 (9,20 კვ.მ) ფართები, მის წინ მდებარე შუშაბანდი (3,30 კვ.მ). 1997 წლის 27 ოქტომბრის სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კი, მოსარგებლე მ. მ-ისაგან იყიდა ფართი №2 (21,15, 3.60 და 2.20 კვ.მ) და სარდაფის მეორე ნახევარი.
1968 წლის 14 მაისიდან 1997 წლის 23 ოქტომბრამდე ლ. ფ-ე (ჯ-ე) სამისამართო-საინფორმაციო ბარათების მიხედვით, რეგისტრირებული იყო ქ.თბილისში, ც-ის ქ.№7-ში.
1968 წლიდან ლ. ფ-ე დარეგისტრირდა ბუნებრივი აირის აბონენტად და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, რაც დასტურდება აბონენტის წიგნის ასლითა და გადახდის დამადასტურებელი ქვითების ასლებით.
სს „თ-ის“ 2010 წლის 10 დეკემბრის ცნობით, 1996 წლიდან ქ.თბილისში, ც-ის ქ. №7-ში აბონენტად რეგისტრირდება მ-ი სააბონენტო ნომრით 1172180. 1996-1997 წლებში სააბონენტო ბარათზე ფიქსირდება გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის პერიოდული გადახდები. ამჟამად აბონენტი ირიცხება არააქტიური სტატუსით. ფ-ე აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრირებული არ არის.
1968 წლიდან მ-ი ლ. ფ-ესთან ერთად რეგისტრირებული იყო ბუნებრივი აირის აბონენტად და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, რაც დასტურდება აბონენტის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ჟ-ა გარდაცვლილად გამოცხადდა და მისი გარდაცვალების თარიღად მიჩნეულ იქნა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულია გარდაცვალების მოწმობა, სადაც გარდაცვალების თარიღად მითითებულია 2010 წლის 3 მაისი.
ნოტარიუსთა პალატის ცნობის თანახმად, ს. ჟ-ას მემკვიდრეებს ს. ჟ-ას დანაშთი ქონების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადი არ წარუდგენიათ.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „საცხოვრებლი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა” პუნქტით, მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ. ფ-ე და მ. მურადაშვილი რ. ფ-ესთან არსებული შეთანხმების საფუძვლზე გაფორმებული ხელწერილების შედგენის დროისთვის წარმოადგენდნენ მოსარგებლეებს, ვინაიდან რეგისტრირებული იყვნენ სადავო მისამართზე და იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს. დასახელებული ფაქტების დადგენა წარმოადგენს საკმარის საფუძველს პირის მოსარგებლედ ცნობისათვის, შესაბამისად, 1995 წლის 28 ივნისსა და 1997 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული ხელწერილების შინაარსიდან გამომდინარე, განხორციელდა მოსარგებლეთა მიერ ამ სტატუსიდან გამომდინარე უფლების დათმობა რ. ფანჩვაძისათვის, რაც განაპირობებს მისი მოსარგებლის სტატუსს.
სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით ს. ჟ-ას უძრავი ქონება მართლზომიერად იქნა მიჩნეული უმკვიდროდ მისი მემკვიდრეების მიერ მიუღებლობის გამო.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის 2.12 მუხლის მიხედვით, პალატამ მიიჩნია, რომ რ. ფ-ის მოთხოვნა მის მფლობელობაში არსებული, ს. ჟ-ას კუთვნილი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით დასაბუთებულია.
სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე პალატამ არ გაიზიარა ნ. ს-ას მოთხოვნა საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში ნ. ს-ა და ს. ჟ-ა წარმოადგენდნენ სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს, თუმცა მათ შორის უპირატესი შესყიდვის უფლებაზე შეთანხმების არსებობაზე ნ. ს-ას არ მიუთითებია. თანამესაკუთრისათვის ასეთ უფლებას შეთანხმების გარეშე კანონი არ ადგენს. ამდენად, ნ. ს-ას შესაბამისი მოთხოვნა უკანონოა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ს-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო ფართის მოპასუხისათვის გადაცემა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო სს „თ-ის“ 2010 წლის 10 დეკემბრის ცნობას იმის თაობაზე, რომ 1996 წლიდან აბონენტად რეგისტრირდება მ-ი და სააბონენტო ბარათზე ფიქსირდება გახარჯული ელექტროენერგიის პერიოდული გადახდები, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი არასწორად მიიჩნია სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ. მითითებულ ცნობაში არ არის გამოკვეთილი კონკრეტულად როდის _ 1996 წლის 27 ივნისამდე თუ 27 ივნისის შემდეგ ფიქსირდება ეს გადახდები.
პალატამ არ გაითვალისწინა, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის პირველი მუხლი აწესრიგებს ურთიერთობებს სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე პერიოდში. ამდენად, მ-ის აბონენტად 1996 წლის 27 ივნისის შემდგომ პერიოდში რეგისტრირებისა და მას შემდეგ ელექტროენერგიის პერიოდული გადახდების განხორციელების შემთხვევაში, რაც მოსარჩელემ ვერ უარყო, კომუნალური გადასახადების გადახდები ვერ მოექცევა კანონით განსაზღვრული დროის ჩარჩოებში.
სასამართლომ არასწორად განმარტა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის 11 მუხლის „ა“ პუნქტი, როდესაც რ.ფ-ე მოსარგებლედ მიიჩნია „მოსარგებლეებთან“ გაფორმებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ფაქტობრივად, წერილობითი ნასყიდობის ხელწერილი (ხელშეკრულება) უნდა გაფორმებულიყო მესაკუთრე ჟ-ასა და ფ-ეს შორის და არა, ერთი მხრივ, ფ-ესა და მ-ს, ხოლო, მეორე მხრივ, ფ-ეს შორის.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს საინფორმაციო ბარათის მიხედვით, მ. მ-ი ქ.თბილისში, ც-ის ქ.№7-ში რეგისტრირებულად არ ფიქსირდება. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მ.მ-ი საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ, ისე რომ არ იმსჯელა ამ საკითხზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან არ გამოითხოვა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და მ.მ-ი მოწმის სახით არ დაკითხა.
სააპელაციო პალატამ არასწორად დააკმაყოფილა რ. ფ-ის მოთხოვნა და სადავო საცხოვრებელი სადგომი გადასცა მას საკუთრებაში უსასყიდლოდ. ამ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2010 წლის 16 მარტს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით რ.ფ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა და უარი უთხრა იმ მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე, რომელზეც სადავო საცხოვრებელი სადგომია დამაგრებული.
კასატორმა ასევე იშუამდგომლა, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროდან გამოთხოვილ იქნას ქ.თბილისში, ც-ის ქ.№7-ში მ. მ-ის რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტაციის გაცემაზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2011 წლის 20 ივლისის №03/181451 წერილით მხარეს უარი ეთქვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომაც, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უმკვიდროდ ცნობილი სადავო 21,15 კვ.მ, 3.60 კვ.მ, 2,20 კვ.მ ფართი და სარდაფის ნახევარი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა რ. ფ-ეს შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა და არ გაითვალისწინა, რომ 1997 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული მ. მ-ის ხელწერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ რ. ფ-ემ მას გადაუხადა 2700 აშშ დოლარი საცხოვრებელი ბინის მისთვის გადაცემისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. მ-ის მიერ მოხდა არა საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლების დათმობა, არამედ სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება.
მოცემულ შემთხვევაში, მ. მ-ი არ წარმოადგენს აღნიშნული საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეს, ვინაიდან მას და რ. ფ-ეს შორის დადებული ხელწერილი არ შეიძლება მოექცეს ზემოაღნიშნული კანონის რეგულირების სფეროში.
სააპელაციო პალატამ არ შეაფასა, რომ სადავო ურთიერთობა არ ექცევა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ პერიოდში, ვინაიდან ხელწერილი დადებულია 1997 წლის 27 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც კანონის მოქმედება ვრცელდება 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრების საფუძვლებს და თვლის, რომ ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ქ.თბილისში, ც-ის ქუჩა №7-ში მდებარე უმკვიდრო ქონებად მიჩნეული, ტექაღრიცხვის არქივის მონაცემებით ს. ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (მდებარე თბილისში, ც-ის ქუჩა №7-ში) გეგმის მიხედვით ლიტერ „ა-ში” არსებული 21,15 კვ.მ, 3,60 კვ.მ და 2,20 კვ.მ ფართებისა და სარდაფის ნახევრის რ. ფ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ნ. ს-ას საკასაციო საჩივარს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. სააპელაციო სასამართლოს გსაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დააკამაყოფილა ნ.ს-ას სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად მის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. სასარჩელო მოთხოვნა მდგომარეობდა სვეტლანა ჟ-ას უმკვიდროდ ცნობილი ქონების შესყიდვაზე მისთვის უპირატესი უფლების მინიჭებაში. აღნიშნულ მოთხოვნაზე მას უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით. ასეთ შეთანხმებას კი ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ მოსაზრება და თვლის, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სწორადაა გამოიყენებული აღნიშნული ნორმა და არ არსებობს ნ. ს-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ნ. ს-ას საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები რ. ფ-ისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე არ უნდა გახდეს სასამართლოს მსჯელობის საგანი, რადგან დავა ეხება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ფართს და არა ნ. ს-ას საცხოვრებელ სადგომს. ამ უკანასკნელს საკუთრებაში გამოყოფილი აქვს ქ.თბილისში, ც-ის ქ.№7-ში მდებარე კონკრეტული (რეალური ფართი), რომელთანაც მოსარჩელეს არანაირი შემხებლობა არ აქვს. რ. ფ-ე წარმოადგენს არა ამ ფართის მოსარგებლეს, არმედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კუთვნილი ფართის მფლობელს. ნ. ს-ას მითითებული ფართის უპირატესი შესყიდვის უფლების მინიჭებაზე ეთქვა უარი, რის გამოც მისი მიერ დავის გაგრძელების სამართლებრივი წინაპირობები აღარ არსებობს. შესაბამისად, იგი არ არის უფლებამოსილი სადავოდ გახადოს სახელმწიფოსა და რ. ფ-ეს შორის არსებული ურთიერთობა. აღნიშნული მოსაზრება გამომდინარეობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის პირველი მუხლიდანაც , რომლის თანახმად ეს კანონი აწესრიგებს მხოლოდ სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის არსებულ ურთიერთობებს.როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ნ.ს-ა არ არის არც სადავო ფართის მესაკუთრე და არც მოსარგებლე. შესაბამისად იგი არ შეიძლება ამ ურთიერთობის სუბიექტად იქნეს მიჩნეული. თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისთვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისთვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის შემთხვევაში.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება, არსებობს იმის პრეზუმფცია, რომ მესაკუთრე დაეთანხმა რ. ფ-ისათვის მითითებული ფართის საკუთრებაში გადაცემას, მითუმეტეს, რომ მითითებული ფართი არც საკასაციო საჩივრითაა გამხდარი სადავოდ სამინისტროს მიერ. რაც შეეხება რ. ფ-ისათვის 1997 წლის 27 ოქტომბერის ხელწერილზე გადაცემულ ფართს, იგი წარმოადგენს დავის საგანს და ამ თვალსაზრისით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არგუმენტები მნიშვნელოვანია. პალატა ვერ გაიზიარებს სამინისტროს მოსაზრებას იმსათან დაკავშირებით, რომ ზემოთ მითითებული ხელწერილით მ. მ-ის მიერ მოხდა არა საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლების დათმობა, არამედ სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. პალატა თვლის, რომ ამ ხელწერილით მ. მ-მა მოსარჩელეს დაუთმო მხოლოდ და მხოლოდ ამ ფართით სარგებლობის უფლება.
გასაზიარებელია, სამინისტროს საკასაციო საჩივრის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სადავო ურთიერთობა არ ექცევა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ პერიოდში, ვინაიდან, ხელწერილი დადებულია 1997 წლის 27 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც კანონის მოქმედება ვრცელდება 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის თანახმად, კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კანონი ლეგიტიმურად მიიჩნევს მხოლოდ 1996 წლის 27 ივნისამდე განხორციელებულ სარგებლობის უფლების დათმობის შემთხვევებს და მხოლოდ ამ პერიოდამდე წარმოშობილ ურთიერთობები შეიძლება მოწესრიგდეს ამ ნორმატიული აქტით. შემდგომი პერიოდისათვის წარმოშობილი ურთიერთობები კი არ ექცევა ამ კანონის მოქმედების სფეროში.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ხელწერილით ეს უფლება მოსარჩელეს დაუთმო მ. მ-მა, სწორედ მას აქვს უფლება იდავოს სადგომის საკუთრებაში გადაცემაზე. შესაბამისად იგი შეიძლება ჩაითვალოს სათანადო მოსარჩელედ მოცემულ დავაში. რ. ფ-ეს ასეთი მოთხოვნა შეიძლება წარმოეშვას მხოლოდ მაშინ, თუ მ. მ-ი ამ უკანასკნელს დაუთმობს მოთხოვნას სახელმწიფოს მიმართ სამოქალაქო კოდექსის 198-207-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს რ. ფ-ისათვის ქ.თბილისში, ც-ის ქუჩა №7-ში მდებარე უმკვიდრო ქონებად მიჩნეული, ტექაღრიცხვის არქივის მონაცემებით ს. ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (მდებარე თბილისში, ც-ის ქუჩა №7-ში) გეგმის მიხედვით ლიტერ „ა-ში” არსებული 21,15 კვ.მ, 3,60 კვ.მ და 2,20 კვ.მ ფართებისა და სარდაფის ნახევრის რ. ფ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს რა ურთიერთობა არსებობდა რ. ფ-ეს, მ. მ-სა და სახელმწიფოს შორის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ქ.თბილისში, ც-ის ქუჩა №7-ში მდებარე უმკვიდრო ქონებად მიჩნეული, ტექაღრიცხვის არქივის მონაცემებით ს. ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (მდებარე თბილისში, ც-ის ქუჩა №7-ში) გეგმის მიხედვით ლიტერ „ა-ში” არსებული 21,15 კვ.მ, 3,60 კვ.მ და 2,20 კვ.მ ფართები და სარდაფის ნახევარი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა რ. ფ-ეს და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.