Facebook Twitter
saqme # as-48-401-07 2 aprili, 2007 w

ას-1541-1547-2011 19 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს „დ- ქ. დ- ნა. ლთდ შ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ლ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „დ- ქ. დ- ნა. ლთდ შ-ის“ დირექტორმა ი. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ლ-ის მიმართ 14 500 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:

ი. დ-ი და თ. ლ-ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ერთად მოსარჩელის კუთვნილ სახლში. ი. დ-ი არის შპს „უ-ის“ ერთადერთი პარტნიორი და დამფუძნებელი, ხოლო მოპასუხე მუშაობდა აღნიშნულ საზოგადოებაში ბუღალტრად.

მოსარჩელემ მოპასუხის სახელზე 2008 წლის 23 ივნისს სს „პროკრედიტ ბანკში“ გახსნილ თ. ლ-ის ანგარიშზე გადაურიცხა 7500 აშშ დოლარი, ხოლო 2007 წლის 27 ივნისს _ 7000 აშშ დოლარი. მითითებული თანხა მოპასუხეს უნდა შეეტანა შპს „უ-ის“ ანგარიშზე და დაფარულიყო შპს-ს საბიუჯეტო დავალიანება, თუმცა თ.ლ-ეს აღნიშნული არ განუხორციელებია და დღემდე თანხას უკანონოდ არ აბრუნებს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: თ. ლ-ე შპს „უ-ის“ ბუღალტერი არასოდეს ყოფილა და მისი სახელით ვერანაირ მოქმედებას ვერ განახორციელებდა. მოპასუხემ მიიღო სადავო თანხა, მაგრამ ი. დ-ის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იგი მას დაუბრუნა. აღსანიშნავია, რომ შპს „უ-ის“ საბიუჯეტო დავალიანება შეადგენს 1302 ლარს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თანხის გადარიცხვის შესახებ საბანკო დოკუმენტებითა და მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ შპს ,,დ- ქ. დ- ნა. ლთდ შ-იმ” 2007 წლის 27 ივნისს თურქეთიდან მოპასუხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა 7000 აშშ დოლარი, ხოლო 2008 წლის 23 ივნისს _ 7500 აშშ დოლარი, რაც მოპასუხემ მიიღო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 14 მარტის ცნობით, 2008 წლის 23 ივნისის გადმორიცხვის დოკუმენტში მითითებული შპს „T-T“ არ არის რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის მონაცემებში.

საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული შედარების აქტით დგინდება, რომ შპს ,,უ-ის” 2007 წლის საბიუჯეტო დავალიანება შეადგენდა 1302 ლარს. მოწმის ჩვენებითა და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის განმარტების შესაბამისად, მოპასუხე არ მუშაობდა შპს ,,უ-ში” ბუღალტრის თანამდებობაზე. თ. ლ-ეს მოსარჩელის მიერ მოპასუხის ანგარიშზე 2007 წლის 27 ივნისს ჩარიცხული 7000 აშშ დოლარითა და 2008 წლის 23 ივნისს ჩარიცხული 7500 აშშ დოლარით შპს „უ-ისა” და შპს „T-T-ის“ საბიუჯეტო დავალიანება არ დაუფარავს.

მოწმის სახით დაკითხული ნ. ხ-ას ჩვენებით, მოსარჩელეს თ.ლ-ისათვის მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების (14500 აშშ დოლარის) სხვადასხვა ვალდებულებების შესასრულებლად გადარიცხვა არ დაუვალებია. შპს ,,დ- ქ. დ- ნა. ლთდ შ-ის” მიერ მოპასუხე თ. ლ-ისათვის 2007 წლის 27 ივნისს გადარიცხული 7000 აშშ დოლარი და 2008 წლის 23 ივნისს გადარიცხული 7500 აშშ დოლარი თ.ლ-ემ გადასცა (უკანვე დაუბრუნა) აღნიშნული ფირმის დირექტორს _ ი. დ-ს.

აპელანტის მიერ წარმოდგენილი სანოტარო აქტით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2009 წლის 23 მარტის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე ი. დ-ი 5 წლის ვადით, განმეორებით დაინიშნა შპს ,,დ- ქ. დ- ნა.ის” დირექტორად და მიენიჭა ერთპიროვნულად საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის, 385-ე მუხლის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში თ. ლ-ე არ წარმოადგენდა შპს „უ-ის” უფლებამოსილ პირს _ ბუღალტერს, რაც გამორიცხავს ამ საზოგადოების ვალდებულებების, მათ შორის საბიუჯეტო დავალიანებების დაფარვის მიზნით მის მიერ ქმედების განხორციელების შესაძლებლობას. 2008 წლის 23 ივნისის თანხის გადარიცხვის დოკუმენტში მითითებული შპს „T-T“ არ არის რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის მონაცემებში, შესაბამისად, თ. ლ-ის მიერ, არარეგისტრირებული საზოგადოების საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის შესაძლებლობა იმთავითვე (გადარიცხვის განხორციელებისთანავე) გამორიცხული იყო.

ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელე) მოსაზრება, რომ შპს ,,დ- ქ. დ- ნა. ლთდ შ-ის” მიერ მოპასუხე თ. ლ-ისათვის 2007 წლის 27 ივნისს 7000 აშშ დოლარისა და 2008 წლის 23 ივნისს 7500 აშშ დოლარის გადარიცხვა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, მე-4 და 103-ე მუხლების თანახმად, მოქმედებს შემდეგი პრინციპი _ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. ამავე კოდექსის 105-ე, მე-5 მუხლების შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, საქმის მასალებით დგინდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შპს ,,დ- ქ. დ- ნა.ის” მიერ თ. ლ-ის ანგარიშზე 14500 აშშ დოლარის ჩარიცხვა, მაგრამ მოწმე ნ. ხ-ას ჩვენებით ასევე დგინდება ნ. ლ-ის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხების _ 14500 აშშ დოლარის მოსარჩელე საზოგადოების დირექტორისათვის დაბრუნება.

„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ თანხის დაბრუნებისა და ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა მოწმის ჩვენება, ხოლო მოსარჩელეს ამ მტკიცებულების საწინააღმდეგო და მოწმის ჩვენების გასაქარწყლებლად რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილებისა და თ. ლ-ისათვის თანხის დაკისრების შესაძლებლობას.

პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ მოწმის ჩვენება არ არის საკმარისი ფულადი ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი წარმოადგენს საგამონაკლისო ნორმას, რომელიც მხოლოდ სესხის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში გამოიყენება. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სესხთან დაკავშირებული გარიგება და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია უსაფუძვლოდ მიღებული თანხების დაბრუნება, ამ ურთიერთობის სამართლებრივი დასაბუთებისას კი, 624-ე მუხლზე მითითება არამართებულია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „დ- ქ. დ- ნა. ლთდ შ-ის“ დირექტორმა ი. დ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ ფულადი ვალდებულება შეასრულა, რაც არასწორია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში პალატას მოწმის ჩვენება იმის საკმარის მტკიცებულებად არ უნდა მიეჩნია, რომ მოპასუხემ ფულადი ვალდებულება შეასრულა. საქმის მასალებში არ მოიპოვება ფულადი ვალდებულების შესრულების ისეთი უტყუარი მტკიცებულება, როგორიცაა სავალო საბუთი, საბანკო გადახდის ქვითარი ანდა სხვა რაიმე წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების ფაქტს.

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი და არ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად- პალატამ შეაფასა მოწმის ჩვენება და დაადგინა, რომ სადავო თანხა თ. ლ-ემ დაუბრუნა შპს „დ- ქ. დ- ნა. ლთდ შ-ის“ დირექტორ ი. დ-ს. აღნიშნული არასწორია, რადგან მოწმისათვის ხსენებული შპს-ს არსებობა ცნობილი არ იყო. მოწმე ნ. ხ-ა ი. დ-ს იცნობდა, როგორც შპს „უ-ის“ დირექტორს.

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლი და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი. მართალია, კანონმდებელი პირდაპირ არ უთითებს ფულადი ვალდებულების შესრულებისას წერილობითი მტკიცებულების არსებობის აუცილებლობაზე, თუმცა ამავე კოდექსის 429-ე, 430-ე, 385-386-ე მუხლები ითვალისწინებს თანხის დაბრუნების კონკრეტულ წესებს. ამასთან, 427-ე მუხლის შესაბამისად, შესრულება უნდა მიეღო კრედიტორ შპს „დ- ქ. დ- ნა. ლთდ შ-ის“, რომლის საბანკო რეკვიზიტები მოპასუხისათვის ცნობილი იყო. მის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. აღნიშნული შპს კი მდებარეობს თურქეთის ქალაქ სტამბოლში.

სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, მოპასუხეს თანხის დაბრუნება ისეთივე უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა, როგორც მოსარჩელემ თანხის ჩარიცხვა დაადასტურა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ წერილობით მტკიცებულებები არის პრიორიტეტული და სარწმუნო ფულადი ვალდებულებების შესრულების სადავოობისას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თანხის გადარიცხვის შესახებ საბანკო დოკუმენტებითა და მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ შპს „დ- ქ. დ- ნა. ლთდ შ-იმ“ 2007 წლის 27 ივნისს თურქეთიდან მოპასუხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა 7000 აშშ დოლარი, ხოლო 2008 წლის 23 ივნისს – 7500 აშშ დოლარი, რაც მოპასუხემ მიიღო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 14 მარტის ცნობით, 2008 წლის 23 ივნისის გადმორიცხვის დოკუმენტში მითითებული შპს „T-T“ არ არის რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიმდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის მონაცემებში.

საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული შედარების აქტით დგინდება, რომ შპს „უ-ის“ 2007 წლის საბიუჯეტო დავალიანება შეადგენდა 1302 ლარს. მოწმის ჩვენებითა და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის განმარტების შესაბამისად, მოპასუხე არ მუშაობდა შპს „უ-ში“ ბუღალტრის თანამდებობაზე. თ. ლ-ეს მოსარჩელის მიერ მოპასუხის ანგარიშზე 2007 წლის 27 ივნისს ჩარიცხული 7000 აშშ დოლარითა და 2008 წლის 23 ივნისს ჩარიცხული 7500 აშშ დოლარით შპს „უ-ისა“ და შპს „T-T-ის“ საბიუჯეტო დავალიანება არ დაუფარავს.

მოწმის სახით დაკითხული ნ. ხ-ას ჩვენებით, მოსარჩელეს თ.ლ-ისათვის მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცული თანხების (14500 აშშ დოლარის) სხვადასხვა ვალდებულებების შესასრულებლად გადარიცხვა არ დაუვალებია. შპს „დ- ქ. დ- ნა. ლთდ შ-ის“ მიერ მოპასუხე თ. ლ-ისათვის 2007 წლის 27 ივნისს გადარიცხული 7000 აშშ დოლარი და 2008 წლის 23 ივნისს გადარიცხული 7500 აშშ დოლარი თ.ლ-ემ გადასცა (უკანვე დაუბრუნა) აღნიშნული ფირმის დირექტორს – ი. დ-ს.

სააპელაციო სასამართლომ მითითებული მოწმის ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა და მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული აქვს და მას აღარ უნდა დაეკისროს თანხის გადახდა.

საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ მთელ რიგ ფაქტებს საქმის გადასაწყვეტად არავითარი სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია. მათ შორის იმ ფაქტს, მუშაობდა თუ არა მოპასუხე ბუღალტრად შპს „უ-შ“ და უნდა გადაერიცხა თუ არა მას სხვა პირებისათვის თანხა, ასევე გადაურიცხა თუ არა იგი მათ.

მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მეტად მნიშვნელოვანია მოპასუხის ახსნა-განმარტების იმ ნაწილის შეფასება, სადაც იგი მიუთითებს, რომ მან მოსარჩელეს ეს თანხა უკან დაუბრუნა. მხარის ეს ახსნა-განმარტება მეტყველებს იმაზე, რომ მას მოსარჩელის მიმართ ჰქონდა ამ თანხის გადაცემის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება ნიშნავს ვალდებულების არსებობას. თავისთავად მხარის აპელირება სადავო თანხის მხარისათვის გადაცემის თაობაზე გულისხმობს მათ შორის ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის ფაქტს. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მეტყველებს იმაზე, რომ თ.ლომიძეს ჰქონდა ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება. ამგვარად, ის გარემოება, რომ ეს თანხა მოსარჩელეს უნდა დაბრუნებოდა, სადავო არ არის. სადავოდ ხდება მხოლოდ ის ფაქტი დაუბრუნდა თუ არა თანხა მოსარჩელეს.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ეს თანხა გადაუხადა მოსარჩელეს. სასამართლო იყენებს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლს და თვლის, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებით შეწყვეტილია მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა. სასამართლო თანხის გადაცემის ვალდებულებას შესრულებულად მოწმის ჩვენების საფუძველზე მიიჩნევს და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მითითებული მტკიცებულება საკმარისია ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად- საკასაციო პალატა ამ მოსაზრებას არ იზიარებს. სამოქალაქო კოდექსის 429-431-ე მუხლებში საუბარია ვალდებულების შესრულების მიღების ფორმებზე. 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერ კრედიტორს შეუძლია, ასეთი დოკუმენტის გაუცემლობის შემთხვევაში განმეორებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. სწორედ, ამიტომ კანონი მას ავალდებულებს სათანადო დოკუმენტის გაცემას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონის თანახმად, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. იგივე შეიძლება ითვქას სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლზეც, რომლის თანახმად მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია.

ყველა მითითებულ შემთხვევაში კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენლობა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ურთიერთობასთან მიმართებაში მხოლოდ მოწმის ჩვენების საფუძველზე შეუძლებელია ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება, მაგრამ ეს დასკვნა გამომდინარეობს არა 624-ე მუხლის შინაარსიდან, არამედ ზემოთ მითითებული ნორმებიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს, რის გამოც მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში შპს „დ- ქ. დ- ნა. ლთდ შ-ის“ დირექტორ ი. დ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს – თ. ლ-ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – პირველი ინსტანციის სასამართლოში – 767,45 ლარისა და 150 ლარის, სააპელაციო სასამართლოში – 950 ლარის, ხოლო საკასაციო სასამართლოში – 1197 ლარის, სულ – 3064,45 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

შპს „დ- ქ. დ- ნა. ლთდ შ-ის“ დირექტორ ი. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 აგვისტოს განჩინება გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

შპს „დ- ქ. დ- ნა. ლთდ შ-ის“ დირექტორ ი. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

თ. ლ-ეს დაეკისროს შპს „დ- ქ. დ- ნა. ლთდ შ-ის“ დირექტორ ი. დ-ის სასარგებლოდ 14 500 აშშ დოლარის გადახდა.

თ. ლ-ეს დაეკისროს შპს „დ- ქ. დ- ნა. ლთდ შ-ის“ დირექტორ ი. დ-ის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის, სულ – 3064,45 ლარის ანაზღაურება.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოო და არ გასაჩივრდება