ას-169-163-2012 17 აპრილი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს ,,ე.კომპანი“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ო. ს-ი“
კასატორი - შპს ,,ო. ს-ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ე.კომპანი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,ო. ს-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ე.კომპანის“ მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება შემდეგი დასაბუთებით: 2009 წლის 2 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო №15 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა გარკვეული ღირებულების საქონელი, საქონლის ღირებულების ნაწილი მოპასუხის ნაცვლად გაისტუმრა მესამე პირმა, დარჩენილია დავალიანება, რასაც ემატება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოც.
შპს ,,ე.კომპანიმ“ სარჩელი არ ცნო.
შპს ,,ე.კომპანიმ“ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს ,,ო. ს-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: 2009 წლის 2 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო №15 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება სექტემბერში კომპანიისათვის მოეწოდებინა 125.6 ტონა ლითონის მილი. 2009 წლის 21 სექტემბერს განხორციელდა ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში დამატება, კერძოდ, მოპასუხის მიერ მათთვის მისაწოდებელი პროდუქცია გაიზარდა 96 ტონით და ჯამში შეადგინა – 221.96 ტონა, ამასთან, პროდუქციას მიწოდების საბოლოო ვადად, ნაცვლად სექტემბრისა განისაზღვრა 2009 წლის ოქტომბერი, თუმცა როგორც მოპასუხეც აღიარებს თავის სასარჩელო განცხადებაში, სულ მიწოდებულ იქნა 161 ტონა მილი. ამასთან ბოლო მიწოდება ფიქსირდება 2009 წლის 2 ნოემბრით. დარჩენილი 60 ტონა მილი, დღემდე მოპასუხეს არ მიუწოდებია, რაც დასტურდება, მოპასუხის სასარჩელო განცხადებაში დართული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტორებით, სასაქონლო ზედნადებითა და სასარჩელო განცხადებით. მოპასუხე აღიარებს ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას. 2009 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულების შესაბამისად, საპირისპირო ვალდებულება, თანხის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო მოპასუხის მიერ პროდუქციის ეტაპობრივად მოწოდებიდან 2 თვის განმავლობაში, ანუ პირველადი ვალდებულება იყო პროდუქციის მოწოდება, ხოლო შემდგომში 2 თვის განმავლობაში მისი ღირებულების ანაზღაურება. სულ მოწოდებულ იქნა 161 ტონა მილი. პროდუქციის ფასი, სრულად იქნა გადახდილი, რაც შესაგებელში თანდართული საგადახდო დავალებებითა და პარტნიორი კომპანიის – შპს „ს-ას“ მიერ მიწოდებული საქონლით დასტურდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ო. ს-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ე.-კომპანის“ შპს „ო. ს-ის“ სასარგებლოდ საურავის სახით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასათანადოდ შესრულებისათვის დაეკისრა 49 556,50 ლარის გადახდა; შპს „ე.კომპანის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს „ე.-კომპანის“ შპს „ო. ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 1000 ლარი; დანარჩენ ნაწილში შპს „ო. ს-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ე.კომპანიმ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ე.კომპანის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სარჩელის დაკმაყოფილებისა და სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილებa; შპს ,,ო. ს-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,ე.კომპანის” შპს ”ო. ს-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 27 994 ლარი, შპს ”ე.კომპანის” შპს ”ო. ს-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 288 ლარი. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2009 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულების თანახმად, 2009 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, შპს ,,ო. ს-ს” შპს ”ე.კომპანისთვის” უნდა მიეწოდებინა 221,9 ტონა ლითონის მილი. სულ შპს ”ე.” კომპანის შპს ”ო. ს-ისთვის” უნდა აენაზღაურებინა 297 373 ლარი. მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება შპს ,,ე.კომპანის” მიერ შესრულდა შემდეგნაირად: 2009 წლის 17 სექტემბერს გადარიცხულ იქნა შპს ”ო. ს-ისთვის” 55 000 ლარი; 2009 წლის 25 სექტემბერს 10 000 ლარი; 2009 წლის 30 სექტემბერს, 12 ოქტომბერს და 19 ოქტომბერს შპს ”ს-ამ” შეასრულა ვალდებულება 17 000, 10000 და 16800 ლარის შპს ”ო. ს-ისთვის” გადარიცხვით; მოსარჩელისადმი არსებული დავალიანება 94755 ლარი გაიქვითა შპს ,,ს-ას” მიერ 2009 წლის 8 დეკემბერს მიწოდებული არმატურის ღირებულებით - 24 608,68 ლარით, 15 დეკემბერს - 25326 ლარით, 23 დეკემბერს - 24 747 ლარით 2010 წლის 13 იანვარს - 20 072 ლარით; 2010 წლის 4 თებერვალს გადარიცხულ იქნა შპს ”ო. ს-ისთვის” 55 000 ლარი, 2010 წლის 28 თებერვალს 27 377 ლარი; 2010 წლის 22 მარტს 11 400 ლარი; ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 2009 წლის 2 სექტემბრიდან 2009 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით შპს ”ო. ს-ის” მიერ შპს ”ე.-კომპანისთვის” მიწოდებულ იქნა 297 330 ლარის ღირებულების 161 961 ტონა ლითონის მილი. შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა ერთი მხრივ, 2009 წლის სექტემბერ-ოქტომბერში 221,9 ტონა ლითონის მილის მიწოდება, მეორე მხრივ, მიწოდებული პროდუქციის ღირებულების - ერთი ტონისთვის 1080 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება. მხარეთა შეთანხმებით, მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დაფარვა უნდა დასრულებულიყო მიღებიდან 60 დღის ვადაში. ამასთან, მიწოდებული პროდუქციის ღირებულების 50% უნდა დაფარულიყო მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღის, ხოლო დარჩენილი 50% - მიღებიდან 60 დღის ვადაში. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. მიმწოდებელი იხდიდა პირგასამტეხლოს 2009 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით მიუწოდებელი ტვირთის ღირებულების 0.5%-ს. მიწოდების დაგვიანების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებმა შეთანხმებით მოაწესრიგეს მხოლოდ პროდუქციის ერთჯერადი მიწოდების შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურების საკითხი და შესაბამისად, გამყიდველის სასარგებლოდ პირგასამტეხლო შეთანხმებული იყო, მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული მიწოდების შესრულების შემთხვევაში დადგენილ ვადაში თანხის გადაუხდელობის გამო. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, შპს ,,ო. ს-მა“ შპს ,,ე.-კომპანიას“ ეტაპობრივად მიაწოდა 297 330 ლარად ღირებული, 161 961 ტონა ლითონის მილი, ხოლო მყიდველმა მიიღო ამგვარი შესრულება, საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება უნდა შესრულებულიყო სამოქალაქო კოდექსის 493-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო , გადაეხადა 25 სექტემბრისთვის 106 239 ლარის 50%, რასაც 7 ოქტომბრისთვის დაემატა 23 სექტემბერს მიწოდებული საქონლის პარტიის ღირებულების 37 110 ლარის 50%, აღნიშნული თანხა 16 ოქტომბრისთვის გაიზარდა 2 ოქტომბერს განხორციელებული მიწოდების საფასურის 98 788 ლარის 50%-ით, ხოლო 16 ნოემბრისთვის 2 ნოემბერს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების 55 234 ლარის 50%-ით.
რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას, რომ, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 493-ე მუხლი ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ მიწოდებული საქონლის მიღებისას ფასის პროპორციული გადახდის წესს, აღნიშნული უნდა გავრცელდეს პირგასამტეხლოზეც, პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა მიერ ზუსტად განსაზღვრული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას და მისი გავრცელება ხდება მხოლოდ შეთანხმებით დადგენილ შემთხვევებზე ვალდებულების შეუსრულებლობის, თუ არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. დადგენილი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ერთ სრულ მიწოდებაზე, რაც უნდა განხორციელებულიყო ორი თვის ვადაში და მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ორეტაპიან ანაზღაურების წესზე. გადახდის ვადის ათვლა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების დასრულების დღიდან იწყებოდა. მხოლოდ ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი ვადის გადაცილებით გამოწვეული პირგასამტეხლოს მოთხოვნა.
სამოქალაქო კოდექსის 493-ე მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ჯერ კიდევ 2009 წლის 25 სექტემბრიდან წარმოეშვა მიწოდებული პირველი პარტიის ღირებულების 50 %-ის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. აპელანტის მიერ აღნიშნული თანხის გადაუხდელობა წარმოადგენს ვალდებულების დარღვევას. განხორციელებული ოთხი მიწოდების შემდეგ, მყიდველს, საფასურის ანაზღაურება დადგენილ ვადაში სრულად არ განუხორციელებია. მიწოდების ვადის დასასრულისთვის, გამყიდველს მიწოდებული ჰქონდა დაახლოებით 60 ტონით ნაკლები საქონელი, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ასეთ ვითარებაში, მას სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის საფუძველზე შეეძლო, უარი ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე, რაც არამართლზომიერ მოქმედებას არ წარმოადგენდა. ამდენად, დარჩენილი 60 ტონის მიუწოდებლობა, იმ ვითარებაში, როდესაც არ იყო ანაზღაურებული მიწოდებული პროდუქციის ღირებულება, არ უნდა ჩაითვალოს მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევად. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად იქნა შესრულებული, მყიდველმა კი დაარღვვია საფასურის გადახდის დადგენილი ვადა, რომლის მიხედვითაც, 17 ნოემბრამდე მას უნდა გადაეხადა ღირებულების 50% 148 665 ლარი, ხოლო 31 დეკემბრამდე დარჩენილი 148 665 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 406-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ შპს ,,ე.კომპანის“ მიერ თანხის გადახდის დაგვიანებამ გამოიწვია სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის საფუძველზე, შპს ,,ო. ს-ის” მიერ დარჩენილი პროდუქციის მიუწოდებლობა, რის გამოც მას უნარჩუნდება ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემხვედრი დაკმაყოფილების უფლება, დათქმული პირგასამტეხლოს სახით. 17 ნოემბრამდე მოსარჩელემ მიიღო შესრულება 108 800 ლარზე. მის მიმართ არსებული დავალიანება ამ დროისთვის შეადგენდა - 39 865 ლარს. აღნიშნულ თანხიდან გამოთვლილ იქნა პირგასამტეხლო მომდევნო გადახდამდე - 8 დეკემბრამდე, რაც 21 დღეზე შეადგენს 4186 ლარს. 8 დეკემბერს, გადახდილ იქნა 24 608 ლარი, საიდანაც ღირებულების ნაწილის შედეგად, ასანაზღაურებელი დარჩა 15 257 ლარი. აღნიშნულ თანხას ერიცხება პირგასამტეხლო მომდევნო შესრულებამდე, რაც განხორციელდა 23 დეკემბერს ანუ 15 დღეზე 15 257-ის 0,5% შეადგენს 1144 ლარს. 23 დეკემბერს შპს ,,ს-ამ“ გადაიხადა 24 747 ლარი, საიდანაც დაფარულად უნდა ჩაითვალოს 15257 ლარი, ხოლო ზედმეტად დარჩენილი 9490 ლარი ჩაითვლება მეორე ნახევრის გადახდის ანგარიშში. ამავე ანგარიშში უნდა იქნეს ჩათვლილი 25 დეკემბერს განხორციელებული ვალდებულების შესრულება, 25 326 ლარის გადახდა. სულ მითითებული თანხების გათვალისწინებით, 2009 წლის 31 დეკემბრისთვის 148 665 ლარიდან შპს ,,ე.კომპანის” გადასახდელი დარჩა 113 849 ლარი. აღნიშნული თანხიდან მომდევნო შესრულებამდე- 2010 წლის 13 იანვრამდე, უნდა იქნეს დათვლილი პირგასამტეხლო, რაც 12 დღეზე შეადგენს 6830 ლარს. 13 იანვარს 20 072 ლარის გადახდის შემდეგ, მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 93 777 ლარი. მომდევნო გადახდამდე - 4 თებერვლამდე აღნიშნული თანხის 0,5% შეადგენს 10315 ლარს. 4 თებერვალს, გადახდილ იქნა 55 000 ლარი, გადასახდელი დარჩა 38 777 ლარი, საიდანაც მომდევნო გადახდამდე 28 თებერვლამდე, 22 დღის პირგასამტეხლო შეადგენს 4265 ლარს. 28 თებერვალს მოპასუხის მიერ გადახდილი 27 377 ლარის გადახდის შედეგად, დავალიანებამ შეადგინა 11 400 ლარი, რაც დაფარულ იქნა 22 მარტს. შესაბამისად, 28 თებერვლიდან 22 მარტამდე 22 დღის განმავლობაში დათქმულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 1254 ლარი. მითითებული თანხის შეკრებით, შპს ,,ო. ს-ის“ მიმართ არსებული დავალიანების გადახდის დაგვიანების გამო, პირგასამტეხლო შეადგენს 27 994 ლარს.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა რომ მხარეები, მეწარმე სუბიექტები არიან და მათივე განმარტებით, ერთმანეთთან ადრეც ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა. ამასთან, მოსარჩელე წარმოადგენს ლითონის მასალის იმპორტიორს და ეწევა აღნიშნულ საქმიანობას ბაზარზე, ხოლო მოპასუხე ორგანიზაცია ახორციელებს გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად მილგაყვანილობის მონტაჟს, რითაც ფაქტობრივად ფლობს ბაზრის გარკვეულ სეგმენტს. შესაბამისად, ისინი არაერთხელ იქნებოდნენ ჩართული საქმიან ურთიერთობაში, ერთმანეთის საქმიანობის სპეციფიკის შესახებ ინფორმირებული არიან, თავისუფლად შეუძლიათ განსაზღვრონ, როგორც საკონტრაქტო პირობების ჯეროვანი შესრულების მიმართ ერთმანეთის ინტერესების ფარგლები, ასევე, არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოსალოდნელი რისკები. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატამ არ მიიჩნია, დავის გადასდაწყვეტად სამოქალაქო კოდესის 420-ე მუხლის გამოყენება, რომლითაც განსაზღვრულია კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს ,,ჩარევა“ მხარეთა ნების გამოხატვაში და მათ მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,ე.კომპანიმ“ და შპს ,,ო. ს-მა“.
კასატორმა შპს ,,ო. ს-მა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ე.კომპანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამავე ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ო. ს-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კასატორის განმარტებით, შპს „ო. ს-ისა“ და შპს „ე.-კომპანის“ შორის 2009 წლის 2 სექტემბერს დადებული №15 ხელშეკრულების 1.5 პუნქტით დადგენილია, რომ „ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ტვირთის მიწოდების ან ანგარიშსწორების დაგვიანების შემთხვევაში დამნაშავე მხარე იხდის საურავს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაწარმის ღირებულების 0,5%-ის ოდენობით“. სასამართლომ ეს ნორმა განმარტა იმგვარად, რომ პირგასამტეხლოზე შეთანხმება გაავრცელა ანგარიშსწორების ვალდებულების დარღვევის მხოლოდ ისეთ შემთხვევებთან მიმართებით, როდესაც წარმოშობილია მთლიანად მიწოდებული საქონლის მთლიანი ღირებულების გადახდის ვალდებულება, ანუ, სასამართლომ ეს ნორმა იმგვარად განმარტა, რომ თითქოსდა ვიდრე საბოლოოდ გადასახდელი მთლიანი ღირებულების ანაზრაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, მანამდე პირგასამტეხლოს გავრცელების საფუძველი არ მოიპოვება. კასატორი სასამართლოს ასეთ მსჯელობას არ იზაირებს, ვინაიდან სახელშეკრულებო ნორმის იმგვარად განმარტებას არ გააჩნია რაიმე არგუმენტირებული დასაბუთება და ის არასწორია. ნორმა გაგებული უნდა იქნას შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით: ფაქტია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებულ იქნა, რომ თუკი იარსებებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ანგარიშსწორების დაგვიანების შემთხვევას, ეს განიხილებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის სავალდებულო და სრულიად საკმარის საფუძვლად. შესაბამისად, თუკი დადგინდებოდა, რომ სახელშეკრულებო ვადაში ანგარიშსწორება გადაცილებულია, ასეთ შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება წარმოშობილია იმისდა მიუხედავად, მომდევნო პერიოდში თუ მიეწოდა საქონლის მთელი ის რაოდენობა, რომელიც მოგვიანებით ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში რეალურად იქნა მიწოდებული.სასამართლომ დაადგინა, რომ რამდენადაც საქონლის მიწოდება განხორციელდა 4 ეტაპად, იმდენად ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებაც წარმოიშვა ოთხ ეტაპად და თითოელი მათგანის ათვლის საწყისი წერტილი იყო ქრონოლოგიურად განსხვავებული. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ე.-კომპანის“ წარმოეშვა ანგარიშსწორების ვალდებულება 4 ეტაპად. სასამართლომ დააფიქსირა შპს „ე.-კომპანის“ მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი მაგალითად 2009 წლის 28 სექტემბრიდან. ამის მიუხედავად. სასამართლომ ჩათვალა, რომ პირგასამტეხლო ამ ვადიდან არ უნდა იქნას ათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშსწორება დაირღვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება სასამართლომ წარმოშობილად არ ჩათვალა და მისი წარმოშობა დაუკავშირა ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ პირობებს. ეს არასწორია, რამდენადაც ფაქტია, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობისათვის საკმარისი იყო მხოლოდ ანგარიშსწორების დაგვიანების ფაქტის დადგენა, რაც როგორც ზემოთაც აღინიშნა, უფრო ადრე, ვიდრე არსებობდა, სასამართლომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისათვის საწყის თარიღად განსაზღვრა. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარა ხდება, რომ სასამართლომ არასწორად ჩათვალა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის თარიღად 2009 წლის 17 ნოემბერი, მაშინ, როდესაც ანგარიშსწორება სასამართლოს მსჯელობის მიხედვით 2009 წლის 29 სექტემბრიდანვე გვიანდებოდა.სასამართლომ ჩათვალა რომ 2009 წლის 28 სექტემბერს ვალდებულება დაირღვა, ხოლო მეორე დასკვნის გამოტანისას სასამართლომ ვალდებულების დარღვევის თარიღად სხვა დღე მიუთითა, ხოლო თუ ვალდებულება დარღვეულად ჩაითვალა 2009 წლის 28 სექტემბრიდან, ასეთ შემთხვევაში გაუგებარი რჩება, თუ რატომ არ უნდა იქნას გამოყენებული პირგასამტეხლო ამავე თარიღიდან, როდესაც ხელშეკრულების მიხედვით ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს პირგასამტეხლოს გადახდის წარმოშობის საკმარის საფუძველს.
კასატორმა შპს ,,ე.კომპანიმ“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწოლბრივ გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობისას დადგენილად ცნო რამდენიმე გარემოება, კერძოდ: მხარეები ადრეც იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და მოსარჩელე მხარე წარმოადგენდა ლითონის მასალის იმპორტიორს. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე უარს სასამართლო ასაბუთებს იმით, რომ მხარეები წარმოადგენენ იურდიულ პირებს, რომლებსაც ხელშეკრულების დადებისას გააზრებული ექნებოდათ მისი შესრულების ფარგლები და შესაბამისად, აქედან წარმოშობილი რისკები. გაუგებარია, რა მტკიცებულებების საფუძველზე ცნო სასამართლომ დადგენილად, მხარეთა შორის ადრე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ან მოსარჩელე, როგორც ლითონის მასალის იმპორტიორად, მაშინ როდესაც ამის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება. შესაძლოა აღნიშნულ გარემოებას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდეს პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სწორედ ამ გარემოებაზე დაყრდნობით მხარეებს წარმოაჩენს, როგორც „ერთმანეთის საქმიანობის სპეციფიკის შესახებ ინფორმირებულ პირებს“, რომლებსაც გააზრებული ჰქონდათ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი რისკები ნებისმიერი სახის გარიგების დადებისა და პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მხარეები აცნობიერებენ, ან უნდა აცნობიერებდნენ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების რისკებს, მიუხედავად იმისა, ისინი ადრე იმყოფებოდნენ თუ არა საქმიან ურთიერთობაში. მოცემულ შემთხვევაში მათ მიერ ძირითადი ვალდებულება სრულად შესრულდა და ლითონის მილის ღირებულება გადახდილ იქნა მოსარჩელის სასარგებლოდ, თავის მხრივ, მოსარჩელემ პირგასამტეხლოზე დავა სასარჩელო წარმოებით დაიწყო წელიწადნახევრის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ დავის წარმოშობამდე, დარღვევის მომენტიდან არც ერთ წერილობითი ან ზეპირი პრეტენზია მოახდენდა რეაგირებას და თავის მოთხოვნას წამოაყენებდა კასატორთან. როგორც ირკვევა, მოსარჩელე „განზრახ დუმდა“ აღნიშნულზე, რაც მიუთითებს მის არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე. იმ ფონზე, რომ ხელშეკრულების „1.8“ პუნქტი იძლევა განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას და მათ მიერ იგი გაგებულ იქნა სწორედ ისე, როგორც ეს შეგებებულ სარჩელშია აღწერილი. აგრეთვე, მოსარჩელეს არ გაუფრთხილებია შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობაც, როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს 0.5%-დან 0.05%-მდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ე.კომპანის“ და შპს ,,ო. ს-ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს შემცირება სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ე.კომპანის“ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –1260 ლარის 70% _ 882 ლარი ( 2012 წლის 18 იანვარი, საგადასახადო დავალება #1) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით. შპს ,,ო. ს-ს“ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –1079 ლარის 70% _ 755.3 ლარი ( 2012 წლის 12 მარტი საგადასახადო დავალება #1) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ,,ე.კომპანის“ და შპს ,,ო. ს-ის“ საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
შპს ,,ე.კომპანის“ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –1260 ლარის 70% _ 882 ლარი ( 2012 წლის 18 იანვარი, საგადასახადო დავალება #1) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით
შპს ,,ო. ს-ს“ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –1079 ლარის 70% _ 755.3 ლარი ( 2012 წლის 12 მარტი საგადასახადო დავალება #1) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.