ას-174-168-2012 2 აპრილი, 2012 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს ,,ს. რ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,ჯ. ბ. კომპანი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,ს. რ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ჯ. ბ. კომპანის“ მიმართ და მოითხოვა დარიცხული დავალიანების ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით: შპს ,,ჯ. ბ. კომპანიამ“ 2006-2007 წლებში განახორციელა ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა. შპს ,,ს. რ-ამ” გადამზიდველის ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად კეთილსინდისიერად და დროულად, მოპასუხემ ვერ შესძლო გადაზიდვების ღირებულების გადახდა, აქედან გამომდინარე, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, ამჟამად გააჩნია დავალიანება 3044,40 ლარი. განბაჟების მოლოდინის გამო, მოპასუხემ დროულად ვერ მიიღო ტვირთი და ვერ დაცალა ვაგონი. შესაბამისად, დანიშნულების სადგურში მიტანილი ვაგონი მოცდა მოპასუხის მიზეზით, რის გამოც 24 საათზე მეტი მომსახურების გაწევის საფასური - 188,80 ლარი მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
მოპასუხე შპს ,,ჯ. ბ. კომპანიამ“ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, შპს ,,საქართველოს დამატებითი სალოკომოტივო მომსახურება მათთვის არ გაუწევია, ვინაიდან მითითებული მომსახურება მათ საწარმოს არ სჭირდებოდა. საწარმოს გააჩნია ვაგონის ჰაერით დასაცლელი სპეციალური მოწყობილობა. აღნიშნული ფაქტი რეალური რომ ყოფილიყო, რკiნიგზის თანამშრომლები უშუალოდ ვაგონის დაცლის მომენტში შეადგენდნენ შესაბამის აქტებს, რაც არ განხორციელებულა. ვაგონი არ მოცდენილა. მოსარჩელემ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. ხელშეკრულების მოქმედებიდან (2006-2007 წლები) გასულია 3 წელზე მეტი, რაც უსაფუძვლოს ხდის მოსარჩელის მოთხოვნებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,ს. რ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა შპს ,,ჯ. ბ. კომპანიმ“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2011 წლის 11 ოქტომბრის გადაწვეტილებით შპს ,,ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს. რ-ამ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე შპს ,,ს. რ-ამ” 2006-2007 წლებში განახორციელა შპს ,,ჯ. ბ. კომპანის“ ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა. შპს ,,ს. რ-ის” მიერ შპს ,,ჯ. ბ. კომპანის“ ტვირთების ბოლო სარკინიგზო გადაზიდვა განხორციელდა 2007 წლის 18 ოქტომბერს.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე და 144-ე მუხლების თანახმად, შპს ,,ჯ. ბ. კომპანის’’ მითითება სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით პალატამ გაიზიარა და განმარტა, რომ 2006-2007 წლებში შპს ,,ს. რ-ა” აწარმოებდა შპს ,,ჯორჯია ბ. კომპანის” კუთვნილი ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვებს. უკანასკნელად სარკინიგზო გადაზიდვა განხორციელდა ოთხჯერ - 2007 წლის 18 ოქტომბერს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს დარიცხული საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2007 წლის 18 ოქტომბერს. ამდენად, ხელშეკრულების მონაწილე მხარე შპს ,,ს. რ-ას”, მოპასუხე შპს ,,ჯ. ბ. კომპანის“ მიმართ დარიცხული საფასურის ანაზღაურება უნდა მოეთხოვა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან 2007 წლის ოქტომბრიდან 3 წლის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შპს ,,ს. რ-ის” მიერ შპს ,,ჯ. ბ. კომპანის” მიმართ მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის ან სხვა რაიმე საფუძვლით ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების ფაქტს.
შპს ,,ს. რ-ის“ მოსაზრება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებასა და ამავე სასამართლოს 2011 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, არ გაიზიარა და განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი შესაძლებლობას აძლევს, სააპელაციო წესით გაასაჩივროს მხოლოდ ისეთი განჩინება, რომელიც შეეხება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას, ხოლო, რაც შეეხება განჩინებას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, აღნიშნული სააპელაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინების კანონიერებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს. რ-ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის მომსახურება არის სასყიდლიანი და მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს გადაზიდვის მომსახურების საფასური. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „ს. რ-ამ“ გადამზიდველის ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთლსინდისიერად და დროულად, შესაბამისად, მისი მხრიდან არ დარღვეულა სამოქალაქო კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მაგრამ მოპასუხემ ვერ შესძლო გადაზიდვის ღირებულების გადახდა, აქედან გამომდინარე, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, გააჩნია დავალიანება 3044.40 ლარი. სასამართლომ სრულიად უმართებულოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო მტკიცებულების გარეშე გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგანაც შპს თბილისის №13 პოლიკლინიკის“ ცნობა არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მტკიცებულებას. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გააუქმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის დარღვევით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების არც ერთი საფუძველი არ არსებობდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურება. კასატორი სადავოდ ხდის სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე და 144-ე მუხლების გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ს. რ-ის“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 20 იანვარს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ,,ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
შპს ,,ს. რ-ის“ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი (2012 წლის 20 იანვარი, საგადასახადო დავალება #57) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.