ას-175-169-2012 2 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. და თ. ბ-ეების მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ ქ.თბილისში, უ-ის ქ.№113ა-ში მდებარე ბინის დაზიანების გამო სარემონტო სამუშაოების – 5420 ლარის, ავეჯის დაზიანებით მიყენებული ზიანის – 1050 აშშ დოლარისა და 2008 წლის 5 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ბინის ქირის – 2700 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
მ. ბ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს რ. გ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა ზიანის – 2160 აშშ დოლარისა და 1400 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით რ. გ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ბ-ეს რ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 5 420 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში რ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მ. ბ-ის შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში რ. გ-ამ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მ. ბ-ემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. გ-ას სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა რ. გ-ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, მ. ბ-ისათვის 5420 ლარის დაკისრებისა და დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2005 წლის 9 ივლისს მ. ბ-ესა და რ. გ-ას შორის სანოტარო ფორმით დაიდო სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ბ-ემ რ. გ-ას ასესხა 3000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ. გ-ას საკუთრებაში არსებული ბინის ნაწილი, რომელიც შეადგენს ქ.თბილისში, უ-ის ქ.113ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 43/290 ნაწილიდან 20/290 ნაწილს. ამავე ხელშეკრულებით სესხის სარგებლის სახით განისაზღვრა რ. გ-ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლის 20/290 ნაწილის მ. ბ-ისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა. ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხარეთა შეთანხმებას დავის არბიტრაჟის ან სასამართლო წესით გადაწყვეტის თაობაზე.
2007 წლის 13 ივლისს რ. გ-ამ საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართა შპს ,,ბ-ს’’. იგი საარბიტრაჟო პრეტენზიაში მიუთითებდა, რომ მ. ბ-ემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ უზრუნველყო ბინის იმავე მდგომარეობაში რ. გ-ასათვის გადაცემა, ამასთან, მნიშვნელოვნად დააზიანა სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი სახლის ნაწილი. საარბიტრაჟო პრეტენზიით რ. გ-ამ მოითხოვა მ. ბ-ისათვის, უძრავი ქონების დაზიანების გამო ზიანის ანაზღაურება. რ. გ-ამ მიუთითა, რომ ვინაიდან, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას ეკისრებოდა ვალდებულება, გადაეხადა მ. ბ-ისათვის 3000 აშშ დოლარი, შესაბამისად, ვალდებულებები უნდა გაქვითულიყო, გაქვითვის შედეგად დარჩენილი თანხა დაკისრებოდა მ. ბ-ეს, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულება გაუქმებულიყო.
2007 წლის 20 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. გ-ას საარბიტრაჟო პრეტენზია, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ბ-ის შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია და რ. გ-ას მ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და ფულადი ვალდებულების ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული ყოველთვიურად 2%-ის გადახდა.
2007 წლის 20 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე სარჩელი შეიტანა რ. გ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით რ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება და რ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს ,,ბ-ის’’ საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2007 წლის 20 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და რ. გ-ას საარბიტრაჟო პრეტენზია მ. ბ-ის მიმართ, ასევე, მ. ბ-ის შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია რ. გ-ას მიმართ სესხის, იპოთეკისა და ბინის სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაზე განსახილველად დაუბრუნდა საარბიტრაჟო სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.
საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არბიტრაჟმა განიხილა ორი საარბიტრაჟო პრეტენზია: რ.გ-ას საარბიტრაჟო პრეტენზია ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომლის განხილვის საარბიტრაჟო წესზე არ იყო წერილობითი შეთანხმება 2005 წლის 9 ივლისს რ. გ-ასა და მ. ბ-ის შორის სანოტარო ფორმით დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებაში და მ. ბ-ის საარბიტრაჟო პრეტენზია სესხის დაბრუნებისა და მისი დაუბრუნებლობით ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომლის შესახებ მხარეთა შორის ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში იყო შეთანხმება დავის სასამართლო ან არბიტრაჟის მიერ განხილვაზე.
საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი, რომლის გათვალისწინებით, 2005 წლის 9 ივლისის ხელშეკრულებით განსაზღვრული საარბიტრაჟო შეთანხმებით არ იყო დაცული რ.გ-ას მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიის სახით წარდგენილი მოთხოვნა, მაგრამ, მხოლოდ ეს ფაქტი არ შეიძლებოდა მიუთითებდეს იმაზე, რომ საარბიტრაჟო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განეხილა აღნიშნული პრეტენზია. სასამართლოს მითითებით, იმ შემთხვევაში, თუ მხარემ საარბიტრაჟო განხილვის საგანი გახადა მოთხოვნა, რომელიც არ იყო დაცული საარბიტრაჟო შეთანხმებით, საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილი იყო, განეხილა აღნიშნული მოთხოვნა, თუ მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმებოდა ამ მოთხოვნის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ განხილვას.
საკასაციო პალატამ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ რ.გ-ამ საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენით და მოწინააღმდეგე მხარე მ.ბ-ემ თავიანთი მოქმედებით გამოხატეს ნება საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვისა. ამდენად, საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა საფუძველს საარბიტრაჟო სასამართლოსათვის ქვემდებარე საქმეზე, „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ და ბოლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებით რ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით რ. გ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.
ამდენად, შპს ,,ბ-ის’’ საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2007 წლის 20 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილ იქნა 2005 წლის 9 ივლისის მ. ბ-ესა და რ. გ-ას შორის დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე, შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2006 წლის 5 ივლისს მ. ბ-ესა და რ. გ-ას შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებელმა მ. ბ-ემ მსესხებელ რ. გ-ას სესხის სახით გადასცა 2500 აშშ დოლარი. ხელშეკრულება გაფორმდა 2 წლის ვადით და ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2008 წლის 5 ივლისის ჩათვლით. ხელშეკრულება რაიმე დათქმასა და მხარეთა შეთანხმებას დავის არბიტრაჟის ან სასამართლო წესით გადაწყვეტის თაობაზე არ ითვალისწინებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. რ. გ-ას მ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2500 აშშ დოლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინებით რ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილ იქნა 2006 წლის 5 ივლისის მ. ბ-ესა და რ. გ-ას შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია.
საქალაქო სასამართლოში აღძრული სარჩელით რ. გ-ას მოთხოვნას წარმოადგენს მ. და თ. ბ-ეებს სოლიდარულად დაეკისროთ ბინის დაზიანებით მიყენებული სარემონტო სამუშაოების – 5 420 ლარის, ავეჯის დაზიანებით მიყენებული ზიანის 1 050 აშშ დოლარის (1730 ლარი) , მიუღებელი შემოსავლის 2008 წლის 5 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ბინის ქირის ღირებულების – 2 700 ლარის ანაზღაურება, ხოლო მ. ბ-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნაა, დაეკისროს რ. გ-ას ზიანის სახით 2160 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ანაზღაურება და რ. გ-ას მიერ ზიანის სახით 1 400 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ. გ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ბ-ეს რ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 5 420 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში კი რ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით მ. ბ-ის შეგებებულ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მ. ბ-ის შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული კანონიერ ძალაში შესული საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული დავა მხარეებს შორის უკვე განხილული იყო კომპეტენტური ორგანოს მიერ და დამატებითი პრეტენზიის შემთხვევაშიც მათ შეეძლოთ, მიემართათ შესაბამისი ორგანოსათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივნისის განჩინებაზე მ. ბ-ის შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ კერძო საჩივარი შეიტანა მ. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივნისის განჩინება რ. გ-ასათვის ზიანის სახით 1400 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე მ. ბ-ის შეგებებულ სარჩელზე წარმოების შეწყვეტის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ბ-ის შეგებებულ სარჩელზე იმ ნაწილში, რომლითაც მ. ბ-ე მოითხოვდა რ. გ-ასათვის ზიანის ანაზღაურების სახით 1 400 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის დაკისრებას, არ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი გამომდინარე იქიდან, რომ მ. ბ-ესა და რ. გ-ას შორის 2006 წლის 5 ივლისს გაფორმებული სანოტარო წესით დამოწმებული სესხის ხელშეკრულება რაიმე დათქმას - მხარეთა შეთანხმებას დავის არბიტრაჟის ან სასამართლო წესით გადაწყვეტის თაობაზე არ ითვალისწინებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ნაწილში დავა განეკუთვნებოდა სასამართლოს მიერ განსახილველ კატეგორიას, ხოლო, შეგებებულ სარჩელზე იმ ნაწილში, რომლითაც მ. ბ-ე მოითხოვდა რ. გ-ასათის ზიანის სახით 2 160 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ანაზღაურებას, არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან, მოთხოვნა გამომდინარეობდა 2005 წლის 9 ივლისს მ. ბ-ესა და რ. გ-ას შორის დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებიდან, რომელიც წარმოადგენდა არბიტრაჟის მიერ განსახილველ საქმეს და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებულ შეთანხმებას დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ აქვს იურიდიული ძალა როგორც თვითონ მხარეებისათვის, ისე სასამართლოსათვის. ამიტომ ასეთი შეთანხმების (ხელშეკრულების) არსებობისას სასამართლოს უფლება არა აქვს, მიიღოს და განიხილოს სარჩელი, ხოლო თუ სარჩელი მიღებულია წარმოებაში, მაშინ სასამართლომ უნდა შეწყვიტოს საქმის წარმოება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2005 წლის 9 ივლისს მ. ბ-ესა და რ. გ-ას შორის დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა წარმოადგენს არბიტრაჟის მიერ განსახილველ დავას (უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული მითითებით 2005 წლის 9 ივლისს მ. ბ-ესა და რ. გ-ას შორის დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებასთან მიმართებაში სასამართლომ მიიჩნია, რომ რ.გ-ამ საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენით და მოწინააღმდეგე მხარე მ.ბ-ემ თავიანთი მოქმედებით გამოხატეს ნება საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვისა), პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებობს რ. გ-ას სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. გ-ას სარჩელის გამო სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე ამ უკანასკნელმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატის მსჯელობა ეფუძნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც საკასაციო სასამართლომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ერთჯერადად ცნო საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენცია, რადგან მხარეებმა მონაწილეობა მიიღეს საარბიტრაჟო განხილვაში, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ მიუთითებს, რომ საკასაციო პალატამ დააწესა ამ დავასთან დაკავშირებით მრავალჯერადი მოქმედების წესი მხარეთათვის.
ასევე აღსანიშნავია, რომ თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ რ. გ-ას ზოგიერთი მოთხოვნა სასამართლო წესით განსახილველთა კატეგორიას განეკუთვნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება რ. გ-ას სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ხოლო რ. გ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმყოფილდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით საქმის წარმოება რ. გ-ას სამოქალაქო სარჩელზე შეწყვიტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს.
კანონის დასახელებული დანაწესი სასამართლოში შეტანილ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნევს მხარეთა მიერ საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმებით თავიანთი ნების გამოვლენას მათ შორის არსებული დავის განსახილველად არბიტრაჟისათვის გადაცემის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რ. გ-ას განსახილველი სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობდა 2005 წლის 9 ივლისს რ. გ-ასა და მ. ბ-ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა რ. გ-ას კუთვნილი უძრავი ნივთის კრედიტორ მ. ბ-ისათვის მფლობელობაში გადაცემის გზით.
აღნიშნული ხელშეკრულება, თავის მხრივ, გახდა სასამართლოს მსჯელობის საგანი, რა დროსაც მასში არსებული დათქმა, რომ დავა განხილულიყო ან სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ არ იქნა მიჩნეული საარბიტრაჟო შეთანხმებად. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რ.გ-ამ საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენით და მოწინააღმდეგე მხარე მ.ბ-ემ თავიანთი მოქმედებით გამოხატეს საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვის ნება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ ზემოხსენებული მსჯელობა შეეხება მხოლოდ კონკრეტულ დავას, რომელიც დასრულდა საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 20 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და იგივე ვერ გავრცელდება ამავე მხარეებს შორის არსებულ სხვა დავებზე, თუნდაც ეს დავები გარკვეულწილად უკავშირდებოდეს საარბიტრჟო გადაწყვეტილებით შეფასებულ 2005 წლის 9 ივლისის ხელშეკრულებას.
ამასთან, განსახილველი სარჩელით რ. გ-ა ითხოვს, მ. და თ. ბ-ეებს სოლიდარულად დაეკისროთ ქ.თბილისში, უ-ის ქ.№113ა-ში მდებარე ბინის დაზიანების გამო სარემონტო სამუშაოების, ავეჯის დაზიანებით მიყენებული ზიანისა და ბინის ქირის ანაზღაურება. შესაბამისად, მართალია, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთ საფუძველს მათ შორის 2005 წლის 9 ივლისის ხელშეკრულებაც წარმოადგენს, მაგრამ მოცემული დავა უშუალოდ ზემოხსენებული გარიგებიდან არ გამომდინარეობს და დამოუკიდებელი დავის საგანია.
ამდენად, სააპელაციო პალატამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეაფასოს საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა რ. გ-ას სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. გ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინება რ. გ-ას სარჩელი გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.