Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

ას-181-174-2012 5 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ც. ფ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზუგდიდის №1 საჯარო სკოლა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, დისციპლინური სახდელის შესახებ ბრძანებების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. ფ-ამ სარჩელები აღძრა სასამართლოში ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლის მიმართ სამუშაოზე აღდგენის, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებისა და დისციპლინური სახდელის შესახებ ბრძანებების გაუქმების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელები არ ცნო.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისისა და 29 ივლისის გადაწყვეტილებებით ც. ფ-ას სარჩელები არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებები ც. ფ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ც.ფ-ას სარჩელების გამო სამოქალაქო საქმეთა წარმოება გაერთიანდა, ამავე სასამართლოს 2011 წლის 2 დეკემბრის განჩინებით კი, ც. ფ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებები დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ც. ფ-ა ზუგდიდის №1 საჯარო სკოლასთან შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2011 წლის 15 ივნისის №685 ბრძანების გამოცემამდე, რა დროსაც იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და ამავე დროს სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი.

მუშაობის პერიოდში მოსარჩელეს სკოლის დირექციის მხრიდან დაედო დისციპლინური სახდელები. 2011 წლის 18 მარტს გამოიცა სკოლის დირექტორის №588 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს შენიშვნა გამოეცხადა ჟურნალის წარმოებაში დაშვებული შეცდომისათვის. 2011 წლის 11 მაისს გამოიცა დირექტორის №653 ბრძანება, რომლითაც ც. ფ-ას კვლავ დაეკისრა დისციპლინური სახდელი – შენიშვნა, ჟურნალის წარმოებაში დაშვებული დარღვევებისათვის, ამავე წლის 19 მაისს მოპასუხის №662 ბრძანებით მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური მორიგე პედაგოგის მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულებისათვის.

ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 30 მაისის №677 ბრძანებით ც. ფ-ას გამოეცხადა სასტიკი საყვედური სკოლის საქმეთა მმართველ თ. ლ-ას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, რაც შეფასდა მასწავლებლის პროფესიული ეთიკის წესების დარღვევად. მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნას კი, ასევე, საფუძვლად დაედო მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევა, – სკოლის დირექციის უპატივცემულობა, კოლეგებთან და დირექციასთან თანამშრომლობაზე უარი.

ც. ფ-ასთვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების საკითხი განხილულ იქნა დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე, მისი სამსახურიდან დათხოვნაზე თანხმობა განაცხადა ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის № 1 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ.

ც. ფ-ამ დაარღვია ჟურნალის წარმოების წესები, რომელთაგან ერთი (სიითი №27 - ჭ-ა კ.) გაასწორა და შესაბამისი შენიშვნა ჟურნალში ასახა 2011 წლის 14 მარტს, ხოლო მეორე შეცდომასთან (სიითი №3 – ა-ა ა.) დაკავშირებით შენიშვნა ჟურნალში ასახა 2011 წლის 11 მაისს. აღნიშნული შეცდომები გასწორდა მას შემდეგ, რაც დარღვევები დააფიქსირა დირექტორის მოადგილე ლ. შ-ამ.

2011 წლის 14 მაისს ც. ფ-ამ მორიგეობა დაასრულა სკოლაში მე-6 გაკვეთილის დამთავრებისთანავე და მე-7 გაკვეთილის მე-15 წუთზე შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა დღის პასუხისმგებელ მორიგე ნ. ვ-ას. მოსარჩელე არ უარყოფს, რომ მან მორიგეობა დაასრულა 6 გაკვეთილის შემდეგ, თუმცა სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა მხოლოდ სხვა სამორიგეო უბანზე, შესაბამისად, მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ ც. ფ-ას სამორიგეო უბანშიც, რომელიც მისი არყოფნის გამო უმეთვალყურეოდ იყო დატოვებული.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დავა გამომდინარეობს საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტიდან და სკოლის შინაგანაწესიდან. შესაბამისად, ც. ფ-ას მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების კანონიერების შემოწმება მოითხოვს კერძო სამართლებრივ რეგულირებას.

საქმეში არსებული მასალით დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა შრომის კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით, დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს შრომის შინაგანაწესი, რომლითაც მოყვანილი ნორმის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეიძლება განისაზღვროს წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი. ასეთი შინაგანაწესი მოპასუხეს დადგენილი აქვს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „№1 საჯარო სკოლის“ შინაგანაწესი დამტკიცებულია სსიპ „№1 საჯარო სკოლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ, შეთანხმებულია პედაგოგიურ საბჭოსთან და მოსწავლეთა თვითმმართველობასთან. აღნიშნული შინაგანაწესის მე-8 მუხლის შესაბამისად, სკოლის თანამშრომლის დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რისთვისაც შინაგანაწესის მე-9.3 და 9.5 პუნქტების საფუძველზე სკოლის დირექტორი იყენებს შესაბამის სასჯელებს, ხოლო შინაგანაწესის მე-9 მუხლის 9.3 და 9.5 პუნქტების საფუძველზე მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას სკოლის დირექტორი იყენებს შესაბამის სასჯელებს. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ყოველი შემთხვევის გამო შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური სასჯელის დადება.

სასამართლომ იხელძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაამტკიცა დისციპლინური დარღვევის ერთი შემთხვევისათვის ორი სხვადასხვა დისციპლინური სასჯელი დაკისრების ფაქტი. მართალია, ჟურნალის წარმოების წესის დარღვევისათვის მოსარჩელეს დისციპლინური სასჯელი დაედო ორი სხვადასხვა ბრძანებით, 2011 წლის 18 მარტსა და 2011 წლის 11 მაისს, მაგრამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ცხადია, რომ დაშვებულ იქნა ჟურნალის წარმოების წესის დარღვევის ორი სხვადასხვა, დამოუკიდებელი შემთხვევა (ჭ-ა კ.ს და ა-ა ა.ს მიმართ), რაც გამოვლინდა სხვადასხვა დროს და მოსარჩელის შენიშვნებიც სასკოლო ჟურნალის შესაბამის გრაფაში შეტანილია სხვადასხვა თარიღით.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის დირექტორ თ. თ-ას განმარტება, რომ ჟურნალის წარმოების წესების დაცვით შეცდომის გასწორება მასწავლებელს არ ათავისუფლებს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე პალატამ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სკოლაში მორიგეობდა მხოლოდ მის სამორიგეო უბანზე გაკვეთილების დასრულებამდე (6 გაკვეთილი) მაშინ, როდესაც სკოლაში გრძელდებოდა საგაკვეთილო პროცესი (8 გაკვეთილი). მხარეთა განმარტებების თანახმად, მოსარჩელე დირექციის პოზიციის წინააღმდეგია, შინაგანაწესით განსაზღვრული პროცედურის მიუხედავად მორიგეობა გაგრძელდეს მე-8 გაკვეთილის დასრულებამდე. შესაბამისად, აღწერილი ქმედება წარმოადგენს შინაგანაწესის დარღვევას – სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას, რაც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

ორივე შემთხვევისათვის სკოლის დირექტორის მიერ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში გამოყენებულია შინაგანაწესით გათვალისწინებული გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი დისციპლინური სასჯელები.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ამ პირობებში უსაფუძვლოა მოსარჩელის მტკიცება მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის უკანონობისა და შესაბამისი ბრძანებების გაუქმების შესახებ.

საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ც. ფ-ამ გამოიჩინა სკოლაში დასაქმებული პირის – საქმის მწარმოებლის უპატივცემულობა მის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზების გამოყენებით, რაც სწორად შეფასდა მასწავლებლის პროფესიული ეთიკის წესის უხეშ დარღვევად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის“ კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და დასახელებული კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის შრომის ხელშეკრულება დადებულად უნდა ჩაითვალოს და ამ ხელშეკრულების საფუძველზე სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებად უნდა იქნეს მიჩნეული სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული პირობები. პედაგოგთა მხრიდან ეთიკის წესების დარღვევა დისციპლინურ გადაცდომად არის მიჩნეული აგრეთვე სკოლის შინაგანაწესის 11.2 მუხლით. №1 საჯარო სკოლის შინაგანაწესის მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინური დარღვევისთვის სკოლის დირექტორი დისციპლინური კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, დისციპლინური სასჯელის ზომად იყენებს სასტიკ საყვედურს.

საქმეში არსებული მასალით დადგენილია, რომ დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა ც. ფ-ასათვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების საკითხი. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის მოთხოვნით მოწმის სახით დაკითხულმა დისციპლინური კომიტეტის წევრებმა დაადასტურეს, რომ ისინი ესწრებოდნენ განხილვას და ხმა მისცეს მოსარჩელისთვის სასტიკი საყვედურის გამოცხადებას, ხოლო დასკვნის მიღებისას გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ ც. ფ-ას ადრე დადებული ჰქონდა სხვა სახდელებიც. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ც. ფ-ას მოსაზრება, რომ დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმის შედგენისას ხარვეზების არსებობის გამო უგელებელყოფილ უნდა იქნეს დისციპლინური კომიტეტის დასკვნა და უკანონოდ უნდა იქნეს მიჩნეული დირექტორის მიერ შესაბამისი სახდელის შეფარდება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ №1 საჯარო სკოლის შინაგანაწესის 11.3 მუხლი გარკვეული პირობების არსებობისას ითვალისწინებს დისციპლინური სახდელის სახით დათხოვნის გამოყენებას. ამასთან, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებენ ადმინისტრაციის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ1“ საფუძველზე დირექტორი უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში.

საქმეში არსებული მასალის საფუძველზე დადგინდა, რომ ასეთი თანხმობა ც. ფ-ას დათხოვნაზე სკოლის დირექტორს მიღებული ჰქონდა. დათხოვნას საფუძვლად დაედო მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების დარღვევა, რაც გამოიხატა სკოლის დირექციასთან და კოლეგებთან თანამშრომლობაზე უარში. მოსარჩელე არ ასრულებდა დირექციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გეგმავდა ღია გაკვეთილებს – აცხადებდა, რომ მისი ყველა გაკვეთილი ღიაა, არ მონაწილეობდა სასკოლო ღონისძიებებში, საკუთარ გამოცდილებას არ უზიარებდა კოლეგებს.

აღნიშნული გარემოებები სააპელაციო პალატამ მოპასუხის მიერ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის საკმარის პირობად მიიჩნია, რადგან სკოლის დირექტორი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებდა მართვას. შესაბამისად, იგი პასუხისმგებელია სკოლაში მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეებს შორის მშვიდი და ჰარმონიული ურთიერთობისა და სრულყოფილი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფაზე. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია მასწავლებლის მხრიდან მუდმივი წინააღმდეგობისა და კონფლიქტის ინიცირების პირობებში, რომლის არსებობა დაადასტურეს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა – ნ. ვ-ამ, ვ. კ-ამ, ქ. ხ-ამ, მ. თ-ამ.

საყურადღებოა ისიც, რომ მოპასუხემ მიიღო გონივრული ზომები ც. ფ-ასთან კონფლიქტის მოსაგვარებლად, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

სასამართლოს მითითებით, აპელანტმა ვერ დაადასტურა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დისკრიმინაციის ფაქტი, ასევე, სასტიკი საყვედურის გამოცხადების ან სამსახურიდან დათხოვნის უკანონობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ც. ფ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 18 მარტის ბრძანებით კასატორს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, შენიშვნა, ჟურნალში ერთ-ერთი მოსწავლის ქულათა დაჯამებაში ხარვეზის დაშვების გამო. აღნიშნულის შესახებ დირექტორის მოადგილის მიერ ეცნობა 14 მარტს, რის შემდეგაც ხარვეზი გამოსწორდა იმავე დღეს. 2011 წლის 11 მაისს №653 ბრძანებით კვლავ დაეკისრა დისციპლინური სახდელი, განმეორებითი შენიშვნა ჟურნალის წარმოებაში დაშვებული შეცდომის გამოუსწორებლობის გამო, მაშინ როდესაც აღნიშნული შეცდომა იმავე დღეს, 14 მარტს იქნა გამოსწორებული. მოცემულ შემთხვევაში დაირღვა სკოლის შინაგანაწესის 9.8 მუხლის მოთხოვნა, რადგან შეცდომის ყოველი შემთხვევის გამო შეიძლება მხოლოდ ერთი სახდელის გამოყენება. სკოლის დირექტორის №563 ბრძანების გამოცემით დაირღვა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 პუნქტის 4-ე ნაწილი.

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მხარემ ვერ დაამტკიცა დისციპლინური გადაცდომის ერთი შემთხვევისათვის ორი სხვადასხვა დისციპლინური სახდელის დაკისრების ფაქტი. სკოლის დირექტორის №653 ბრძანებაში არ არის მითითებული სხვა, დამოუკიდებელ შემთხვევაზე. არამედ აღნიშნულია, რომ, მიუხედავად გაფრთხილებისა, კასატორმა ბოლო პერიოდამდე არ გამოასწორა შეცდომა. მოცემული მითითების საწინააღმდეგოდ სასამართლოში საქმის განხილვის დროს წარდგენილ იქნა ჟურნალის შესაბამის გრაფაში შეტანილი შესწორების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ც. ფ-ას მიერ დაშვებული შეცდომა არ იყო არსებითი ხასიათის, ვინაიდან მოსწავლის საბოლოო სემესტრული შეფასება ხორციელდება სემესტრული შეფასების ფურცლით, რომლის საფუძველზეც პედაგოგები მრავალჯერ ამოწმებენ მოსწავლეთა მიერ ყოველდღიურად მიღებულ ქულათა ჯამს და მხოლოდ ამის შემდეგ ადგენენ საბოლოო სემესტრულ ქულას, რომელიც ფიქსირდება ჟურნალის ბოლო გვერდზე და მხოლოდ ამ ეტაპზე დაშვებულ შეცდომას შეუძლია, მოსწავლის შეფასებაზე გავლენის მოხდენა. მხოლოდ მითითებული წარმოადგენს ჟურნალის წარმოების წესის დარღვევას და დისციპლინური სახდელის დადების საფუძველს.

ჟურნალის წარმოების წესის თანახმად, დირექტორის მოადგილე არის უფლებამოსილი პირი, რომელიც ამოწმებს მასწავლებლის მიერ ჟურნალის წარმოებას. სკოლის დირექტორის მოადგილემ 14 მარტს აცნობა, რომ შეცდომა იყო დაშვებული ქულების დაჯამებაში, ხოლო 10 მაისს შეატყობინა სხვა შეცდომის შესახებ. №653 ბრძანება, რომელიც სამართლებრივ დოკუმენტს წამოადგენს, არ შეიცავს გამოკვეთილ მითითებას დამოუკიდებელ შემთხვევებზე, რაც მის დაუსაბუთებულობაზე მეტყველებს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ სკოლის დირექტორის 2011 წლის 19 მაისს გამოცემული ბრძანებით დაკისრებული სახდელი მიჩნეულ იქნა მართლზომიერად, რაც არასწორია, ვინაიდან 2010-2011 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მიღებული სკოლის შინაგანაწესის თანახმად, მორიგეობასთან დაკავშირებული ვალდებულება არ ყოფილა არაჯეროვნად შესრულებული. იმ პერიოდში სკოლაში ტარდებოდა 8 გაკვეთილი, ხოლო მეორე სემესტრში არც ერთ კლასში 8 გაკვეთილი აღარ ტარდებოდა, შესაბამისად, შინაგანაწესში არსებული დათქმა 8 გაკვეთილის თაობაზე აღარ მოქმედებდა. აღნიშნული ბრძანება გაიცა 2011 წლის 19 მაისს, მეორე სემესტრში. მოწინააღმდეგე მხარეს არ უარყვია, რომ სამორიგეო ტერიტორიაზე ტარდებოდა მხოლოდ 6 გაკვეთილი. კასატორის მიერ სააპელაციო სასამართლოში შუამდგომლობით მოთხოვნილ იქნა 2010-2011 სასწავლო წლის მეორე სემესტრის ცხრილის გამოთხოვა, რაზეც კასატორს უარი ეთქვა. სააპელაციო პალატამ დაარღვია მხარეთათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით და 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კასატორი მთელი მეორე სემესტრის განმავლობაში სამორიგეო უბანს ტოვებდა 6 გაკვეთილის დასრულების შემდგომ, რადგან ამ დროს იწურებოდა მისი მორიგეობა. ამას ადასტურებს წარდგენილი მტკიცებულება, მორიგეთა მიერ ვალდებულების განხორციელებაზე კონტროლის გამწევი პირის – ხათუნა ქვარცხავას მოხსენებითი ბარათი, რომლითაც დასტურდება, რომ 2011 წლის 14 მაისამდე მორიგეობდა წესისამებრ. მოცემულ დღესაც მორიგეობა დასრულდა 6 გაკვეთილის შემდგომ, რაც დასტურდება ხელმოწერით. აღნიშნული გულისხმობს, რომ მორიგე-პედაგოგის ვალდებულება ჯეროვნად განხორციელდა. მითითებული მტკიცებულება სააპელაციო პალატას არ გაუზიარებია, რის გამოც გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული გასაჩივრებულ განჩინებაში არსებული მითითება, რომ სამორიგეო უბანზე ხდებოდა მოსწავლეთა გადაადგილება. მეორე სართულის პასუხისმგებელი მორიგე ე. გ-ას წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე დგინდება, რომ სამორიგეო უბანში არსებული საკლასო ოთახები ცარიელი იყო, მე-7 გაკვეთილი ტარდებოდა სხვა სამორიგეო უბანზე, ოთხი სამორიგეო უბნის დაშორებით. იმ კაბინეტს კი, სადაც გაკვეთილი ტარდებოდა გვერდით აქვს მეორე სართულთან დამაკავშირებელი კიბე. ამდენად, დისციპლინური გადაცდომა არ მომხდარა.

იურიდიულ დასაბუთებასაა მოკლებულ სააპელაციო პალატის განჩინების ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ კასატორმა საქმის მწარმოებლის მიმართ გამოიჩინა უპატივცემულობა შეურაცხმყოფელი ფრაზების გამოყენებით, რაც პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევად შეფასდა. არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება.

საქმის მასალებში მოცემული დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმით გაურკვეველია, რა აზრი გამოხატეს დისციპლინური კომიტეტის წევრებმა, რა მტკიცებულებები განიხილეს, რა არგუმენტებით იხელმძღვანელეს კონკრეტული დასკვნის მიღებისას, ასევე, როგორ დაადგინა, რომ ც.ფ-ამ თ. ლ-ას ნამდვილად მიმართა სამსახურეობრივ ბარათში მითითებული ფრაზით. აღნიშნული ოქმი ორგვერდიანია, მის მეორე გვერდზე არის დასკვნა სასტიკი საყვედურის დაკისრების შესახებ, რომელსაც კომიტეტის არც ერთი წევრი არ აწერს ხელს, რაც ადასტურებს დირექტორის მიერ გაცემული ბრძანების უკანონობას, რადგან არ დგინდება, რომ დისციპლინური კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს დისციპლინური სახდელის დაკისრებას.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებულმა დისციპლინური კომიტეტის წევრებმა – რამაზ ჩაჩიბაიამ, ელისო როგავამ, ქ. ხ-ამ და ვ. კ-ამ ვერ დაასახელეს, თუ რის საფუძველზე მოხდა სასტიკი საყვედურის დაკისრება. კომიტეტის თავმჯდომარე ქ. ხ-ას ჩვენების თანახმად, თ. ლ-ას სამსახურებრივ ბარათში არსებული გარემოების ნამდვილობა მხოლოდ ამ ბარათის საფუძველზე დადგინდა. მან ასევე აღნიშნა, რომ გაიარა კონსულტაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტ დ. ჭ-თან, რომლის მითითებებიც გაუზიარა კომიტეტის სხვა წევრებს, რაც იმის დასტურია, რომ მათ არ უმსჯელიათ აღნიშნული საკითხის ირგვლივ და მხოლოდ იურისტთან კონსულტაციის საფუძველზე დადგენილად ჩათვალეს ეს გარემოება.

მოწმეთა ჩვენებები ცხადყოფს, რომ გასაჩივრებული განჩინება არის იურიდიულად დაუსაბუთებელი, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. მითითებული მტკიცებულებებით, დაირღვა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა და სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

იურიდიულ დასაბუთებასაა მოკლებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ კასატორი არ ასრულებდა დირექციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გეგმავდა ღია გაკვეთილებს, მონაწილეობას არ იღებდა სასკოლო ღონისძიებაში, გამოცდილებას არ უზიარებდა კოლეგებს, ვინაიდან საქმეში წარდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ პედაგოგიური ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას, კერძოდ, I და II სემესტრის თემატური გეგმები, სილაბუსები, ტესტები, რომლებიც, მოთხოვნისამებრ, ჩაბარდა დირექტორის მოადგილეს და ინახებოდა მასთან. ნებისმიერ პედაგოგს, სურვილისამებრ, შეეძლო, თემატური თემების ნახვა. სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერ ნ. ვ-ას ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ესწრებოდა კასატორის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, რომელიც დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა.

სკოლის დირექტორმა ც. ფ-ას გათავისუფლებისათვის თანხმობის მისაღებად ღია წერილით მიმართა სამეურვეო საბჭოს. მოცემული საფუძვლით ჩატარდა სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელზეც კასატორს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა საბჭოს წევრს არ დაედო ბრალი პროფესიული ეთიკის დარღვევაში მაშინ, როდესაც ც. ფ-ას მსგავსი საქციელისთვის, რომლის ჩადენაც ვერ დადასტურდა, დააკისრეს დისციპლინური სასჯელი, რაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-5 ნაწილით დისკრიმინაციას წარმოადგენს.

საქმეში არსებული მტკიცებულებები წინააღმდეგობაში მოდის გადაწვეტილებაში არსებულ მსჯელობასთან, რომ კასატორის მხრიდან მუდმივად ხორციელდებოდა კონფლიქტის ინიცირება და ამ პირობებში დირექტორი კანონის შესაბამისად ვერ მართავდა სკოლას. აღსანიშნავია, რომ რეალურად კასატორს კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია, რაც მოწმე ნ. ვ-ას ჩვენებითაც დასტურდება.

სამეურვე საბჭოს წევრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით გამოცემული №685 ბრძანება კანონსაწინააღმდეგო იყო და განხორციელებული დისციპლინური სამართლებრივი დევნა არაჯეროვანი გზით ხორციელდებოდა, ვინაიდან დისციპლინურ გადაცდომად შეფასდა მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული უფლების რეალიზაცია. №685 ბრძანება არ იყო დასაბუთებული, მასში არ იყო მითითებული, თუ რა გარემოებების, ფაქტების და მტიკცებულებების საფუძველზე გამოიცა იგი. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის „ზ“ პუნქტი ადგენს მასწავლებლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს. მოცემული ბრძანება კი არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას ჩამოთვლილი საფუძვლებიდან, რომელზე დაყრდნობითაც მოხდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 თებერვლის განჩინებით ც. ფ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ც. ფ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ც. ფ-ას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2012 წლის 14 თებერვალს გონერი პაპავას მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც. ფ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ც. ფ-ას (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 14 თებერვალს №4871523 სალაროს შემოსავლის ორდერით გონერი პაპავას მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.