Facebook Twitter
#as-660-619-2010

ას-1832-1805-2011 10 აპრილი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „საქართველოს ა-ის გაერთიანება“

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ს. რ-ა“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „თბილისის საერთაშორისო ა-ის“ (შემდგომში უფლებამონაცვლე, შპს „საქართველოს ა-ის გაერთიანება“) სარჩელი მოპასუხე შპს „ს. რ-ის“ მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა მოპასუხისათვის 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის დეკემბრის ჩათვლით მოხმარებული წყლის, გარე ქსელებისა და კანალიზაციის მომსახურების ღირებულების _ 53173.60 ლარის, აგრეთვე პირგასამტეხლოს 288.71 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ს. რ-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2891.77 ლარის გადახდა (ტომი I, ს.ფ. 207-217).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „თბილისის საერთაშორისო ა-მა“, რომელმაც მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ისათვის“ 50570.54 ლარის დაკისრება (ტომი I, ს.ფ. 223-234).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებით სს „თბილისის საერთაშორისო ა-ის“ უფლებამონაცვლე შპს „საქართველოს ა-ის გაერთიანების“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო იწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტს უწყება გაეგზავნა 2011 წლის 19 სექტემბერს, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე; როგორც საქმეში არსებული ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით ირკვევა, სასამართლო გზავნილი ჩაბარდა საქმის წარმოების სამსახურის უფროს მ.იაშვილს 2011 წლის 21 სექტემბერს, რასაც ადასტურებს მისი ხელმოწერა და ორგანიზაციის ბეჭედი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტს სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო გარემოების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებია.

სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი _ შპს „საქართველოს ა-ის გაერთიანება“, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის დღის თაობაზე, ხოლო მას სასამართლოსათვის არ უცნობებია მისი გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო გარემოების შესახებ, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო (ტომი II, ს.ფ. 36-39).

სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე შპს „საქართველოს ა-ის გაერთიანებამ“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტს სხდომის თაობაზე ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შპს „საქართველოს ა-ის გაერთიანებას“ 2011 წლის 21 სექტემბერს ჩაბარდა სასამართლო გზავნილი კონვერტით, რომელშიც განთავსებული იყო მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელი. რაც შეეხება სასამართლო უწყებას, იგი კონვერტში არ ყოფილა მოთავსებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, აპელანტი, რასაკვირველია, გამოცხადდებოდა სხდომაზე, რომელზეც მისი სააპელაციო საჩივარი იხილებოდა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, რასაც მოჰყვა აპელანტის მხრიდან სასამართლოში გამოუცხადებლობა, მისი ბრალის გარეშე.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სასამართლო გზავნილის მიღება მან დაადასტურა ხელმოწერით და თუნდაც ამ გზავნილში ნამდვილად ყოფილიყო უწყება, აღნიშნულის ჩაბარების დასტურად მას დამატებით უნდა მოეწერა ხელი უწყების მეორე ეგზემპლარზე, როგორც ეს დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 პუნქტით. აღნიშნული საპროცესო ნორმის მიხედვით, უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესი და სწორი იქნებოდა, სააპელაციო სასამართლოს გზავნილი ჩაებარებინა აპელანტის წარმომადგენლისათვის, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება პრაქტიკაში (ტომი II, ს.ფ. 43-44).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ, აპელანტ შპს „საქართველოს ა-ის გაერთიანებას“ 2011 წლის 21 სექტემბერს ჩაბარდა სასამართლო გზავნილი კონვერტით, რომელშიც მოთავსებული იყო მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელი, სასამართლო უწყება კი კონვერტში არ იყო. აქედან გამომდინარე, სასამართლოს არ მოუხდენია აპელანტის ინფორმირება სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის სხდომის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას, რამდენადაც საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათი, რომელსაც ხელს აწერს აპელანტი ორგანიზაციის საქმის წარმოების სამსახურის უფროსი და დამოწმებულია ამ ორგანიზაციის ბეჭდით, საწინააღმდეგოზე მიუთითებს, კერძოდ, ბარათში მითითებულია, რომ აპელანტს გაეგზავნა და ჩაბარდა როგორც მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი, ასევე სასამართლო უწყება (ტომი 2, ს.ფ. 35). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი ვალდებული იყო შეემოწმებინა, ბარათში მითითებული სასამართლო უწყება და შესაგებელი ნამდვილად იყო თუ არა მოთავსებული მისთვის გადაცემულ კონვერტში და მხოლოდ ამის შემდეგ მოეწერა ხელი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე. ვინაიდან აპელანტი ორგანიზაციის უფლებამოსილმა პირმა ეს ვალდებულება არ შეასრულა, ამიტომ მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში მითითებული გარემოების საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მასვე უნდა დაეკისროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არაა საკმარისი სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის.

დაუსაბუთებელი კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, ვინაიდან აპელანტს ხელი არ მოუწერია სასამართლო უწყების მეორე ეგზემპლარზე, ამიტომ უწყება მისთვის ჩაბარებულად ვერ ჩაითვლება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან აპელანტმა საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ხელმოწერით დაადასტურა სასამართლო უწყების მიღების ფაქტი, სწორედ აღნიშნული უნდა იქნეს მიჩნეული უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების (აპელანტის) ხელმოწერად, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს უწყება უნდა გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენლისათვის. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამდენად, სასამართლოს აკისრია ვალდებულება უწყება გაუგზავნოს მხარეს ან მის წარმომადგენელს და არა ორივე მათგანს, ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელ მათგანს გაეგზავნება უწყება, ვინაიდან ერთ-ერთისათვის უწყების ჩაბარება ჩაითვლება მხარისათვის უწყების ჩაბარებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „საქართველოს ა-ის გაერთიანების“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.