ას-199-192-2012 2 აპრილი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - რ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - თ. კ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. კ-ას მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: ცხოვრობს ქ.ქუთაისში, გ-ას ქ.№9/1-ში მდებარე სახლის პირველ სართულზე, ხოლო მეორე სართულზე კი მოპასუხე თ. კ-ა. 2003 წლის დეკემბერში მოპასუხის ბინიდან ჩამოშვებული წყლით დაზიანდა მისი სახლის ჭერი და კედლები. მიუხედავად მოსარჩელის თხოვნისა მოპასუხემ არ გაუკეთა დაზიანებული კედლები და ჭერი და არც თანხა მისცა. 2003 წლის 4 დეკემბერს მიმართა ქ.ქუთაისის გამარჯვების მართვის ტერიტორიულ ორგანოს, 2010 წლის 6 აგვისტოს ქ.ქუთაისის მერიის „გამარჯვების“ ტერიტორიულ ორგანოს, 2010 წლის 7 სექტემბერს პოლიციის პირველ განყოფილებას, 2010 წლის 6 ოქტომბერს კი თვითმმართველი ქ.ქუთაისის საბინაო ინფრასტრუქტურისა და მართვისა და განვითარების საქალაქო სამსახურს, აღნიშნული სამსახურების მიერ არაერთხელ იქნა მოპასუხე მხარე გაფრთხილებული, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. მთლიანი სახლის ჭერი და კედლები დაზიანებულია. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხემ არ შეაკეთა სახლი.
მოპასუხე თ. კ-ამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არც ზიანი მიუყენებია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინებით რ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: რ. კ-ე ცხოვრობს ქ.ქუთაისში, გ-ას ქ.№9/1-ში მდებარე სახლის პირველ სართულზე. 2003 წელს, რ. კ-ემ სადავო საკითხის გადასაწყვეტად მიმართა ქუთაისის გამარჯვების მართვის ტერიტორიულ ორგანოს. მანვე სხვადასხვა დროს მიმართა როგორც პოლიციის, ასევე ქუთაისის მერიის „გამარჯვების“ ტერიტორიულ ორგანოს. ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ რ.კ-ის ბინა სამოთახიანია. მთლიანი საცხოვრებელი ბინის კედლები ჭვარტლისაგან გაშავებულია. მხარეებმა განმარტეს, რომ რამდენიმე წლის წინ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა ხანძარი, რამაც გამოიწვია ეს შედეგი.საცხოვრებელი ბინის აბაზანის, სამზარეულოსა და საძინებლების კედლები იატაკის ზედაპირთან ახლოს დანესტიანებულია, აცლილია საღებავის ფენა, ხოლო ჭერი მშრალია; აბაზანაში დამონტაჟებულია წყლის გამათბობელი. მართალია, ჭერი მშრალია, თუმცა ჭერზე წყლის გამათბობელის თავზე აცლილია საღებავის ფენა; აბაზანის ჭერის შუა ნაწილში ჩამოშვებულია დაახლოებით ორი სანტიმეტრზე რკინის მილი.სამზარეულოში გაზქურის თავზე, ჭერზე აცლილია საღებავის ფენა. სამზარეულოს იატაკზე დაფენილია ლინოლიუმის საფარი. მის ქვეში ხის იატაკი დამპალია. სამზარეულოსა და ლოჯის კედელი გაბზარულია; რ. კ-ის აბაზანისა და სამზარეულოს გასწვრივ განთავსებულია თ. კ-ას აბაზანა, თუმცა იმ მხარეს, სადაც რ.კ-ის აბაზანის ჭერზე ჩანს მილის ნაჭერი დაგებულია მეტლახი და წყლის ჩასასვლელი ე.წ „ტრაპი“ განთავსებულია სხვა ადგილას. რ.კ-ის ლოჯის გასწვრივ, გაბზარული კედლის თავზე განთავსებულია დაახლოებით 40 კვ.მ. ფართის თ.კ-ას სასადილო ოთახი, რომელიც გადიდებულია ლოჯის გასწვრივ მიშენების ხარჯზე. ამავე ოთახში განთავსებულია სამზარეულო, რომლის სველი წერტილები მოთავსებულია მიშენების გარე ნაწილში და იქიდან გამავალი წყლის მილები არ უკავშირდება რ. კ-ის საცხოვრებელ ფართს.საქმეში განთავსებულ წერილობით დოკუმენტში, თ. კ-ასადმი ქ.ქუთაისის „გამარჯვების“ მართვის ტერიტორიულ ორგანოს უფროსის მიერ 2003 წლის 4 დეკემბერს გაგზავნილ წერილში დაფიქსირებულია შემდეგი: „გამარჯვების მართვის ტერიტორიულ ორგანოში შემოვიდა მოქალაქე რ. კ-ის განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს შევიწროებას თქვენი მხრიდან, კერძოდ, თქვენ დაუზიანეთ საცხოვრებელი ოთახების კედლები და ჭერი, ამის გამო მის ბინაში ჩადის წყალი იქმნება უსუფთაობა. ჩვენ ვესაუბრეთ ორივე მხარეს, მდგომარეობა კვლავ უცვლელია. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა მიმართოთ შესაბამის ორგანოებს“ ქ.ქუთაისის თვითმმართველობის „გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2010 წლის 6 აგვისტოს წერილში დაფიქსირებულია, რომ რ. კ-ის განცხადების შესაბამისად, თ.კ-ამ ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტთან საუბარში თანხმობა განაცხადა რ.კ-ის დაზიანებული ჭერის იმ ნაწილის შეკეთებაში, რომელიც მისი ბინიდან წყლის ჩადინებით არის დაზიანებული, თუმცა კონკრეტული თარიღი თ.კ-ას არ დაუსახელებია.
პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, რ.კ-ის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია, მაგრამ თ.კ-ას მხრიდან დაზიანების მიყენების ფაქტი არ ირკვევა. გარდა ამისა, ტერიტორიული ორგანოს 2010 წლის წერილებში ზიანთან დაკავშირებით დაფიქსირებული ფაქტები ასახულია არა სათანადო კვლევის, არამედ ზეპირი გასაუბრების საფუძველზე და ამ წერილების შინაარსით არ დგინდება თ.კ-ას საცხოვრებელი სახლიდან წყლის ჩამოსვლის ნამდვილობა.
რ. კ-ის მოსაზრება რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის, პალატამ არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ ტერიტორიული ორგანოს 2010 წლდის წერილები არ წარმოადგენენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებას, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს ზიანის მიყენებაზე და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე თ.კ-ას მიერ აღიარების ფაქტი, ვინაიდან წერილებში მითითებულია თ.კ-ასთან, როგორც პირადი საუბრის შინაარსზე და ეს მტკიცებულებები არ შეიცავენ უფლებამოსილი ორგანოს ან პირის წინაშე სათანადო ფორმით გაცხადებულ აღიარებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ უკანონოდ უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ისე ჩათვალა მოთხოვნა ხანდაზმულად, საერთოდ არ გამოიკვლია საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები. ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა მოპასუხის პოზიციაც. სასამართლომ არ იმსჯელა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, მის მიერ წარდგენილ მოსაზრებაზე. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ განახორციელა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო. ამ დროს სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით, ვინაიდან გამარჯვების მართვის ტერიტორიული ორგანოს, პოლიციის, ქ.ქუთაისის საბინაო ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის და მერიის პასუხებში, ყველა ოფიციალურ დაწესებულებაში მის წინაშე მოპასუხე თ. კ-ას ვალდებულება აღიარებული აქვს და ამდენად, მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.